დიეგო ფორლანის დაბრუნება

AutoSharing Option

დროა, მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებს (გოლ.კომ) გავეცნოთ, რომელიც 4-3-3 სქემით არის შედგენილი.

მეკერე
იკერ კასილიასი: ხიხონში ისე წარიმართა მატჩის ბოლო წუთები, რომ დიდი შანსი იყო "რეალს" ქულები (შეიძლება სამივე) დაეკარგა, რომ არა მისი კაპიტანი იკერ კასილიასი. ის თუ როგორ მოიგერია გოლკიპერმა თითქმის კარის ხაზიდან დავიდ ბარალის დარტყმული, დღესაც ძნელად ასახსნელია. სწორედ ასეთი გმირობების გამო ეძახიან მას კლუბში და ნაკრებში სან იკერს.

მცველები
ხესუს გამესი (მალაგა): "ბოკერონესის" ახალმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ სადებიუტო მატჩი მოიგო. ის, რომ "მალაგამ" კარი მშრალად შეინახა და

ცხრილის ბოლო სამეულიდან ამოაღწია, გამესის დამსახურებაა - მცველის, რომელსაც ერთ დროს ესპანეთის ნაკრებში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მისი კარიერა ვერ წარიმართა სათანადოდ.

გრეგორი არნოლინი (სპორტინგი): ფრანგმა მცველმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ "რეალის" ფორვარდებს თავი არ გამოეჩინათ. საბოლოოდ, ძალამ აღმართი მაინც მოხნა, მაგრამ გრეგორის თავდადება მაინც აღსანიშნავია.
დავიდ ნავარო (ვალენსია): ის რომ "ლოს ჩემ" ბოლო 4 ტურში პირველად მოიგო, დიდწილად ტანმაღალი სტოპერის დამსახურებაა. მან მადრიდელთა კარში მეორე გოლი გაიტანა.
დომინგო სისმა (რასინგი): სისმა ბრწყინვალედ აკონტროლებდა ფლანგს, კანტაბრიელებს იქიდან ხიფათი არ ემუქრებოდათ, დროდადრო მცველი ბრწყინვალეთ ერთვებოდა შეტევებშიც. სისმა მოიპოვა პენალტი (რომელიც შემდეგ ნაუელპანმა ვერ გაიტანა). წესით, "რასინგი" გამარჯვებასაც იმსახურებდა.

ნახევარმცველები
ტინო კოსტა (ვალენსია): "სეზონის საუკეთესო გოლი" ასე შეაფასეს არგენტინელის გოლი "ხეტაფეს" კარში. ის მართლაც ფანტასტიკური იყო, ტინომ დაუშვებლად ისე დაარტყა, რომ სტუმართა გოლკიპერს თავზე გადაუგდო ბურთი. ნავაროსაც ტინო კოსტამ გაატანინა.
როისტონ დრენტე (ერკულესი): ალიკანტეში გადასული ჰოლანდიელის სახეცვლილებაზე უკვე ბევრჯერ დავწერეთ. დრენტე უბრალოდ კარგად კი არ თამაშობს, ის "ერკულესის" ნამდვილი ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელია. დრენტემ გამარჯვების გოლი გაიტანა ბასკთა კარში. მოკლედ, "რეალისა" და "ერკულესის" საიჯარო ხელშეკრულება სამივე მხარისთვის (ორი გუნდი და თავად ფეხბურთელი) მომგებიანი აღმოჩნდა.
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): ინიესტას საგოლე პასი დავიდ ვილიას მისამართით სრულყოფილების ნიმუში იყო. ძალზე საყურადღებო იყო ერთი ეპიზოდი, როცა ინიესტამ გადაწყვიტა არ დაეკარგა ბურთი და რამდენიმე ოპონენტთან ბრძოლაში მან ეს შეძლო. როცა ინიესტა და მესი ფორმაში არიან, "ბარსელონასთვის" "ვილიარეალის" დარი გუნდები საშიში აღარ არის.

თავდასმხმელები
ლიოენელ მესი (ბარსელონა): მორიგი ტური, მესის მორიგი გაბრწყინება. ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. "ვილიარეალის" კარში დუბლით ლეომ 10-მდე გაზარდა ლა ლიგაში გოლების რიცხვი.
დიეგო ფორლანი (ატლეტიკო): და აი, ისიც. მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა სეზონი კარგად დაიწყო, ერთი-ორჯერ ახლოსაც იყო სიმბოლურში მოხვედრასთან, მაგრამ გოლი ვერადავერ შეაგდო და სასტარტო შემადგენლობიდანაც კი ამოვარდა. "ოსასუნას" ფორლანმა ორი გოლი გაუტანა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა.
ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი): დროა, ამ ბიჭს მეტი ყურადღება მივაქციოთ. 19 წლის ფრანგი მართლაც უნიჭიერესია. "ერკულესის" კარში მან ახლო მანძილიდან გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, გრიზმანი ასაკის კვალობაზე დაღვინებულ ფეხბურთს თამაშობს. გრიზმანი ასფურცელასავითაა, ყოველკვირეულად "იზრდება".
სხვები, რომელთაც ცოტა დააკლდათ სიმბოლურში მოსახვედრად: კარლოს კამენი (ესპანიოლი), დანიელ არანსუბია (დეპორტივო), დავიდ ტრეზეგე (ერკულესი), ალვარო ნეგრედო (სევილია), სერხიო აგუერო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი) და ფერნანდო ლორენტე (ბილბაო).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული