ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტურის წინ: გარეთ ბეილის დებიუტი "ელ მადრიგალზე"

AutoSharing Option
დასრულდა სანაკრებო პაუზა და მონატრებული საკლუბო ფეხბურთი გვიბრუნდება. ესპანეთის ჩემპიონატი ოთხი მატჩით განახლდება, რომელთაგანაც ორი ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად უნდა მივიჩინიოთ...

ბარსელონა-სევილია
სეზონის დაწყების წინ "სევილიამ" ორი ლიდერი, ალვარო ნეგრედო და ხესუს ნავასი დაკარგა. მათ გარდა, ანდალუსიიდან უნიჭიერესი ჟოფრი კონდოგბიაც წავიდა, თუმცა უნაი ემერის გუნდზე სუსტიაო ვერავინ იტყვის. პირიქით, სევილიელებმა საკმაოდ გონივრული სატრანსფერო კამპანია აწარმოეს და მიღებული თანხით ძალიან ბევრი მაღალი დონის შემსრულებელი შეიძინეს.

მიუხედავად ამისა, გუნდს ჯერჯერობით უჭირს - "სევილია" სამი ტურის შემდეგ მოგების გარეშეა და მე-15 ადგილს იკავებს. პირველი
გამარჯვების იმედი ანდალუსიელებს არც ამ ტურში უნდა ჰქონდეთ, მათი მეტოქე ხომ "ბარსელონაა"...

კატალონიური გუნდის ფეხბურთელები კარგ ხასიათზე არიან - სანაკრებო პაუზის დროს მარცხი არავის განუცდია. ესპანეთმა ჟორდი ალბას და ნეგრედოს გოლებით ფინეთს მოუგო, რასაც ჩილესთან ნათამაშები ფრე მოჰყვა. თავის მხრივ, ჩილემ ესპანეთამდე ვენესუელას სძლია და მუნდიალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა (ალექსის სანჩესს გოლი არ გაუტანია).

უკვე ბრაზილიაშია არგენტინის ნაკრები, რომლის რიგებშიც ორი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, ნეიმარმა კი ჯერ ავსტრალიასთან გაიბრწყინა, შემდეგ კი პორტუგალიასთან.

მესიც და ნეიმარის სასტარო შემადგენლობაში მოიაზრებიან. ჟურნალისტების აზრით, "ბარსას" შეტევა სამხრეთ ამერიკული იქნება - მესამე ფორვარდი ალექსის სანჩესი უნდა იყოს.

"სევილიას", ჩემპიონატში, "ბარსა" საკმაოდ დიდი ხანია არ დაუმარცხებია, არადა შარშან "სანჩეს პისხუანზე" 89-ე წუთამდე 2:1-ს იგებდა, მაგრამ მაინც წააგო. ბოლოს კი ანდალუსიელებმა კატალონიელები 2007 წელს დაამარცხეს და იქიდან მოყოლებული გამართულ 12 შეხვედრაში მხოლოდ 3 არ დათმეს.

სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ფაბრეგასი, ა. სონგი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, ნეიმარი
სევილია (4-4-2): ხავი ვარასი - კოკე, კალა, ფ. ნავარო, ა. მორენო - რაბელიო, რაკიტიჩი, მბია, პეროტი - ბაკა, გამეირო

ვილიარეალი-რეალი
ლა ლიგაში სულ ოთხი გუნდია, რომელსაც პირველ სამ ტურში ქულა არ დაუკარგავს და აქედან ორი დღეს ერთმანეთს "ელ მადრიგალზე" ხვდება. პრიმერაში დაბრუნებულმა "ვილიარეალმა" ბევრი გააოცა და ერთმანეთის მიყოლებით "ალმერია", "ვალიადოლიდი" და "ოსასუნა" დაამარცხა, თუმცა ამჯერად მარსელინოს გუნდს გაცილებით სერიოზული მეტოქე ჰყავს, რომელთანაც "ყვითელ წყალქვეშა ნავს" 2009 წლის შემდეგ არ მოუგია.

საერთოდ, "რეალთან" გამართული ბოლო 10 მატჩიდან "ვილიარეალმა" მხოლოდ 1 მოიგო და ერთბაშად 8 წააგო.

კარლო ანჩელოტის განკარგულებაში ნაკრებებში გაშვებული ფეხბურთელები დაბრუნდნენ, თუმცა იტალიელი შიშობს, რომ ზოგიერთი მისი შეგირდი გადაღლილი იქნება და ამან "რეალს" შესაძლოა პრობლემები შეუქმნას.

სათამაშოდ მზად არის გარეთ ბეილი, რომელიც ანჩელოტიმ განაცხადში შეიყვანა, თუმცა უელსელი ძირითადში არ მოიაზრება და როგორც ჩანს, ის ცვლილებაზე გამოვა.

ასევე, შესაძლოა დებიუტი ჰქონდეს ასიერ ილიარამენდის, რომელიც გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად არის.

"სამეფო კლუბს" დიდი ხნის წინ დამტვრეული ჩაბი ალონსოს და რაფაელ ვარანის გარდა, მარსელო და ფაბიო კოენტრაოც დააკლდება. საეჭვოა არბელოას თამაშიც, თუმცა "მარკას" აზრით მარჯვენა მცველი ძირითადში უნდა იყოს, დაცვის მარცხენა ფლანგზე კი ახალგარზდა ნაჩო უნდა ვიხილოთ, ვისაც რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

სავარაუდო შემადგენლობები:
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, დორადო, ხ. კოსტა - ხ. აკინო, ტრიგეროსი, ბრუნო, კანი - პერბე, ხ. პერერია
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ნაჩო - ხედირა, კაზემირო - დი მარია, ისკო, კრიშტიანო რონალდო - ბენზემა

"ატლეტიკოს" შანსი
მადრიდის "ატლეტიკოს" პირველ ადგილზე გადასვლის შანსი აქვს. დიეგო სიმეონეს გუნდი "ალმერიას" მასპინძლობს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვა 9-ქულიანი გუნდები გაცილებით ძლიერ მეტოქეებს ხვდებიან, დიდი სხვაობით მოგების შემთხვევაში, "როხიბლანკოს" გალიდერების შესაძლებლობა ექნება.

მართალია, "ალმერიას" ჯერ თამაში არ მოუგია, მაგრამ ანდალუსიელებმა პირველ სამ ტურში ძალიან კარგი და შემტევი ფეხბურთი ითამაშეს. რაც მთავარია, ფრანსისკოს შეგირდები სამივე შეხვედრაში 85-ე წუთამდე ერთნაირი ანგარიშით, 2:1-ს იგებდნენ, მაგრამ "ელჩესთან" 95-ე წუთზე გაუშვეს, "ხეტაფესთან" 85-ეზე, "სოსიედადთან" პირველ ტურში კი საკუთარ კარში საერთოდ ორი გოლის მიღება მოასწრეს და დამარცხდნენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიეგო სიმეონეს გუნდი ფრთხილად უნდა იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის ("ზენიტთან") და არაა გამორიცხული არგენტინელმა რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალებაც მისცეს.

ბეტისი-ვალენსია
"ბეტისს" ჯერ თამაში არ მოუგია და გასავარდნ ზონაშია, "ვალენსია" კი სამი ქულით მე-12 ადგილს იკავებს. სევილიელებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვთ - ტრავმის გამო დამიენ პერკისი და რუბენ კასტრო ვერ ითამაშებენ.

"ვალენსიას" ამ მხრივ დიდი პრობლემები თითქოს არ აქვს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მეტოქისგან გასნხვავებით, "ღამურებმა" სეზონის წინ რამდენიმე ლიდერი დაკარგეს და გუნდს ჯერ კიდევ უჭირს.

ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები - "ღამურები" ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესში არიან. მიუხედავად ამისა, მიროსლავ ჯუკიჩის გუნდმა წინა ტურში ("ბარსელონასთან") საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თუ "ბენიტო ვილამარინზეც" ისევე ითამაშა, "ბეტისს" პირველი გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდება.

პირველად ახალ "სან მამესზე"
ტურის ბოლო შეხვედრა კი ორშაბათს შედგება. ბილბაოს "ატლეტიკი", რომელიც 6 ქულით მეხუთე პოზიციას იკავეს, დაუმარცხებელ "სელტას" ხვდება.

ეს მატჩი "ბილბაოსთვის" ისტორიული იქნება, რადგან ის ახალ "სან მამესზე", ან "სან მამეს ბარიაზე" გაიმართება.

მეორე ტურში ბასკებმა "ოსასუნას" "ანოეტაზე" უმასპინძლეს, ამჯერად კი მეტოქეს ახალ სტადიონზე შეხვდებიან.

შეგეხსენებთ, რომ "ატლეტიკი" "კათედრალად" წოდებულ ძველ "სან მამესს" წინა სეზონის დასრულებისთანავე გამოემშვიდობა და ახალ არენაზე გადავიდა, რომელიც გაცილებით მეტ მაყურებელს იტევს.

ერნესტო ვალვერდეს საკადრო პრობლემა თითქმის არ აქვს - მხოლოდ ეკისა აკლია. ბასკი სპეციალისტი ეცდება, რომ ისტორიული დღე წარმატებული გამოდგეს და "ატლეტიკმა" გულშემატკივრები სამი ქულის აღებით გაახაროს.

სხვა მატჩები
ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი მონაწილე "რეალ სოსიედადი" "ლევანტეს" ესტუმრება. ბასკებმა წინა ტურში "ატლეტიკოსთან" წააგეს და რაებილიტაციას "სიუდად დე ვალენსიაზე" ეცდებიან. "ბაყაყები" გრანდებს არ განეკუთვნებიან, მაგრამ სტუმრად მათი დამარცხება საკმაოდ რთულია.

ეს "სოსიედადის" ფეხბურთელებმაც კარგად იციან - "ლევანტესთან" გასვლაზე ბოლო 4 მატჩი აქვთ წაგებული.

საინტერესო უნდა გამოდგეს "მალაგას" და "რაიო ვალეკანოს" დაპირისპირებაც. ბერნდ შუსტერის "მალაგამ" წინა ტურში პირველი ქულა აიღო, ახლა კი პირველი გამარჯვების დროც მოვიდა.

კოენტრაო ორ კვირას გამოტოვებს
მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა ფაბიო კოენტრაომ ტრავმა მიიღო, რომლის გამოც პორტუგალიელი დაახლოებით ორი კვირა ვერ ითამაშებს.

25 წლის ფეხბურთელი ბრაზილიის და პორტუგალიის ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა. ამ დაზიანების გამო, კოენტრაო "ვილიარეალთან" და "გალათასარაისთან" არ იქნება, ასევე საეჭვოა მისი "ხეტაფესთან" ასპარეზობაც.

ინიესტას უარი
ანდრეს ინიესტამ "ბარსელონას" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. კატალონიურ კლუბს ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურდა, რომლის მიხედვითაც ინიესტა გუნდში 2018 წლამდე (1 წლით გახანგრძლივების ოფციით) დარჩებოდა.

როგორც ჩანს, 2010 წლის მუნდიალის გმირს ხელშეკრულების ფინანსური მხარე არ მოეწონა, არადა ხელფასის სახით "ბარსა" ანდრესს 12 მილიონ ევროს (პლიუს ბონუსები, რაც დაახლოებით 3 მილიონს შეადგენს) სთავაზობდა.

ამაზე დიდი ანაზღაურება კი კლუბში მხოლოდ ლიონელ მესის აქვს.

სპეციალისტების აზრით, ახალი ხელშეკრულება მაინც გაფორმდება, უბრალოდ "ბარსამ" პირობები ოდნავ უნდა გააუმჯობესოს.

დიდი ალბათობით, ეს კონტრაქტი ინიესტასთვის ბოლო აღმოჩნდება, რადგან 2018 წელს ფეხბურთელი 34 წლის იქნება და ბუნებრივია, რომ მას მაქსიმალური სარგებლის მიღება სურს.

ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტური
14 სექტემბერი
ატლეტიკო-ალმერია 18:00
დისკვალიფიკაცია: დუბარბიერი (ალმერია)
ტრავმა: არავინ

ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2 =5 -1 (15:10)

ლევანტე-სოსიედადი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხოსე ანხელი, აგირეჩე, მიკელ გონსალესი, იფრანი (ყველა "სოსიედადი")

ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +7 =4 -3 (20:16)

ბარსელონა-სევილია 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აფელაი, კუენკა, პუიოლი - ფასიო, პარეხა, კარიკო, ჩერიშევი, რეიესი, სისინიო

ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +22 =9 -10 (75:42)

ვილიარეალი-რეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იოკიჩი, ფარინოსი - ჩაბი ალონსო, ვარანი, მარსელო, ფ. კოენტრაო

ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +2 =7 -17 (22:57)

15 სექტემბერი
გრანადა-ესპანიოლი 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვიქტორ ალვარესი (ესპანიოლი)

ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2 =1 -1 (3:4)

ხეტაფე-ოსასუნა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გავილანი - მარკ ბერტრანი, ფლანიო, ლოლო, ნინო

ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10 =9 -7 (30:20)

მალაგა-ვალეკანო 21:00
დისკვალიფიკაცია: დუდა - ა. ბანგურა
ტრავმა: ველიგტონი - ხოსე კარლოსი

ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5 =2 -7 (20:25)

ბეტისი-ვალენსია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პერკისი, ედერ ვილარჩაო, რუბენ კასტრო (ყველა "ბეტისი")

ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +7 =6 -21 (31:56)

16 სექტემბერი
ელჩე-ვალიადოლიდი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ებერტი, ვიქტორ პერესი (ორივე "ვალიადოლიდი")

ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +4 =2 -8 (16:21)

ბილბაო-სელტა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ეკისა - სამუელ ლორკა, მარიო ბერმეხო

ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +11 =11 -6 (37:33)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - ისკო (რეალი), როდრი (ალმერია), დიეგო კოშტა (ატლეტიკო), ელდერ პოშტიგა (ვალენსია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდომ ვარჯიშზე გარეთ ბეილს კოჭში ჩაარტყა [ფოტო]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული