ეს ერთობ ხმამაღალი განცხადება ფერნანდო როიგის გაბედულ ბაგეებს წამოცდა. ვინც არ იცის ვინაა როიგი დავაზუსტებთ - "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ანუ "ვილიარეალის" ბოსია. "დიარიო AS-თან" ინტერვიუში ლევანტური კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ვილიარეალს" ძალუძს ესპანეთის ნომერ მესამე გუნდად ჩამოყალიბდეს, თან ისეთად, რომელიც ორ გრანდს თანაბარ ბრძოლას გაუმართავს.
მოკლედ, როიგის ოპტიმიზმი ვერც "კამპ ნოუზე" განცდილმა მარცხმა (1:3) შერყვნა. ინტერვიუდან, მგონი, პირიქით უფრო მოსჩანს - ამ თამაშმა როიგს სწორედ ასე ფიქრის საფუძველი მისცა.
"ბოღმა მახრჩობდა, როცა ვუყურებდი, როგორ ზეიმობდნენ ბარსელონაში ამ მოგების შემდეგ. თითქოს,
მათ ერთი ჩვეულებრივი მატჩი კი არა ფინალი მოეგოთ. ვფიქრობდი, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, მატჩის შემდეგ ჩვენ გვეზეიმა. ბულ ხუთ წელიწადზე მეტია, რაც ოთხეულს არ ვცილდებით. სამი წლის წინათ მეორე ადგილზე გავედით და "ბარსელონას" 10 ქულით გავუსწარით. ჩვენი მიზანი ასეთია - უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში "ბარსელონასა" და "რეალის" ალტერნატიულ ძალად ჩამოვყალიბდეთ. მსურს, ხალხმა იფიქროს "ვილიარეალზე", როცა უყურებს ყვითელ ფერს. ისევე, როგორც წითელ ფერზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ახსენდებათ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კიდევ ბევრი ნიუანსი, გავაუმჯობესოთ ფეხბურთი, ვიღვაწოთ ჩვენი აუდიტორიის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ფერნანდო როიგმა.