ესპანურ პრიმერაში კიდევ ერთი სამწვრთნელო ცვლილება მოხდა - "სარაგოსას" თავკაც ხოსე აურელიო გაის კარზე მიუთითეს და მის ნაცვლად ცნობილი მექსიკელი სპეციალისტი ხავიერ აგირე დანიშნეს. აგირე უკვე გუშინ ჩავიდა ესპანეთში. მექსიკელი იმ დღესვე ფეხბურთელებს გაეცნო, დღეიდან კი არაგონელებს "ხეტაფესთან" მატჩისთვის მოამზადებს. აგირესთან შეთანხმება ასეთია - ის სეზონის ბოლომდე მუშაობს არაგონის დედაქალაქში, თუ გუნდი პრიმერაში ადგილს შეინარჩუნებს, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება ერთი წლით. შეგახსენებთ, რომ "სარაგოსას" საშინელი სტარტი აქვს - 11 ტურია გასული და არაგონელები 7 ქულით პრიმერას ცხრილის ფსკერზე არიან.
გაი "სარაგოსას"
პრესკონფერენციით დაემშვიდობა, სადაც აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის კლუბის ხელმძღვანელების: "ძალიან მსურდა მუშაობის გაგრძელება, თამაშების მოგება. 11-თვიანი ასრულებული ოცნება დასრულდა, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილებაც მივიღე. ვერაფერს გავაწყობ, მე ხომ ხელმძღვანელებმა არ მომხსნეს, არამედ იმ შედეგებმა ჩემი გუნდი, რომ აჩვენებდა. გასამართლებლად მხოლოდ ერთს ვიტყვი, კლუბს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სათანადო დონის ფეხბურთელები შეიძინოს".
ალბათ არავის სჭირდება შეხსენება, რომ აგირე ბოლოს მექსიკის ნაკრებს წვრთნიდა მუნდიალზე. 51 წლის სპეციალისტმა 2009 წლის აპრილში ჩაიბარა ნაკრები, რომელიც საბოლოოდ მუნდიალის მერვედფინალში 1:3 დამარცხდა არგენტინის ნაკრებთან. აგირეს ნაკრებში მუშაობისას ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, მას რაიმონ დომენეკის შემდეგ მუნდიალის ყველაზე ცუდი მწვრთნელიც კი უწოდეს. ნაკრებამდე ბასკური გვარის მექსიკელი 7 წლის განმავლობაში მუშაობდა ესპანეთში, ჯერ "ოსასუნაში", შემდეგ კი მადრიდის "ატლეტიკოში". ასე რომ, ესპანური პრიმერა მისთვის უცხო ხილი კი არა საკმაოდ მშობლიური პირველობაა.