მესი, რონალდო და 9 დანარჩენი

AutoSharing Option

გთავაზობთ ლა ლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომელიც 3-4-3 სქემით შევარჩიეთ.

მეკარე
იკერ კასილიასი (რეალი): კასილიასმა "კლასიკოს" წინ კარგად წაივარჯიშა. მან ფერნანდო ლორენტეს სასწაული დარტყმა აუღო ფეხით, იკერმა კიდევ ერთ ანალოგიურ სიტუაციაში იყოჩაღა, როცა მისი ნახტომის შემდეგ "რეალის" ძელმაც "იყოჩაღა". მოკლედ, რომ არა "სან იკერი", "ატლეტიკი" ანგარიშსაც გაათანაბრებდა, წინაც გავიდოდა და, ვინ იცის, იქნებ ასე ძალიანაც არ შერცხვენილიყო საბოლოოდ.

მცველები
ხოან კაპდევილა (ვილიარეალი): კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი სიმბოლურ ნაკრებში. დერბიში მარცხენა მცველი დაცვაში სოლიდურად გამოიყურებოდა, შეტევისას კი აიკლო "ვალენსიას" მარჯვენა

ფლანგი. სტუმრებმა ვერაფრით გააჩერეს კაპდევილია, სანამ ამ უკანასკნელმა კოჭის ტრავმა არ მიიღო.

ანდრეუ ფონტასი (ბარსელონა): ვინ? ვინ და, ჟერარდ პიკეს ნაცვლად მოთამაშე ახალგაზრდა სტოპერი. პიკეს ერთი ყვითელი ბარათი აშორებს დისკვალიფიკაციასთან, ამიტომ გვარდიოლამ არ გარისკა მისი დაყენება "კლასიკოს" წინ. ფონტასმა სიტუაციით შესანიშნავად ისარგებლა. ცაცია ფონტასმა პედროს 40-მეტრიანი საგოლე პასი მიაწოდა...

დიეგო კოლოტო (დეპორტივო): არგენტინელი მცველი ბოლო დროს ძალიან კარგად თამაშობს. კოლოტო თავური გოლითაც შეეწია "დეპორტივოს", რომელსაც აშკარად აკლია ვარსკვლავები.

ნახევარმცველები
გონსალო კასტრო (მალიორკა): ცაცია კასტრო ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელია, მუდამ სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. კასტრო უკვე იმსახურებს იმაზე მეტი პოტენციალის გუნდს, ვიდრე ლაუდრუპის "მალიორკაა". პერეირას საგოლე პასი სწორედ კასტრომ გადააწოდა.

მასუდ შოჯაეი (ოსასუნა): ირანელი ხშირად არ თამაშობს, მაგრამ როცა მოედანზეა, ბოლომდე იბრძვის. ახლაც საუკეთესო იყო პამპლონელთა შემადგენლობაში.
ანხელ დი მარია (რეალი): ჟოზე მოურინიოს ორკესტრში არგენტინელს დიდი როლი აქვს მინიჭებული. "ატლეტიკის" წინააღმდეგ უამრავი ფლანგური გარღვევა მოაწყო, ერთს კი პენალტი მოჰყვა, რომელიც სერხიო რამოსმა გამოიყენა.

ლეო მესი (ბარსელონა): ვიცით, რომ მესი უფრო ფორვარდია, უბრალოდ ფორვარდის პოზიციაზე ბევრი კანდიდატი გვყავდა და მესისაც "უკან დავახევინეთ". 3 გოლი და 2 საგოლე პასი, რა უნდა ვთქვათ სხვა - ჯადოქარია.

თავდამსხმელები
ფერნანდო ლორენტე (ბილბაო): 1:5-ის შემდეგ ყველაზე შესაცოდი ბასკთა გუნდში ფერნანდო იყო, მან ყველაფერი გააკეთა კლუბისთვის, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო - ლამის მარტო ებრძოლა "სამეფო კლუბს" და მის დაცვასაც ბზარები გაუჩინა, კასილიასის კარში ბრწყინვალე გოლიც გაიტანა, მაგრამ...

ფელიპე კაისედო (ლევანტე): ძალიან ძნელია ასეთ გუნდში თავდამსხმელობა, როგორიც "ლევანტეა". პრიმერაში დაბრუნებულ კლუბს შეტევები იშვიათად გამოსდის, მისი ფორვარდები ხშირად უბურთოდ "შიმშილობენ", მაგრამ კაისედომ ფაქტობრივად გმირობა შეძლო, "ერკულესის" კარში დუბლი შეასრულა.

კრიშტიანო რონალდო (რეალი): გორკა ირაისოსის კარში სამი გოლი გაიტანა. ვინმესთვის შეიძლება ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ რონალდო უკვე შეეჩვია ჰეთ-თრიკებს.
მე-12 ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში: ბოიან კრკიჩი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული