მე განსაკუთრებული ვარ!

AutoSharing Option

“მე განსაკუთრებული ვარ”! 2004 წელს “ჩელსიში” გამართულ თავის პირველ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს წარმოთქმული ეს სიტყვები სამუდამოდ შევიდა საფეხბურთო გამონათქვამთა ისტორიაში.

განსაკუთრებული - გამორჩეული, უპირატესი - ვკითხულობთ სინონიმთა ლექსიკონში.

მართლაც და, რატომ არის გამორჩეული პორტუგალიელი? როგორც ყველა საქმიანი ადამიანი ისიც დგება დილაობით, წვერს იპარსავს, მიირთმევს საუზმეს. მსგავსად სხვა მწვრთნელებისა ისიც მუშაობს სხვადასხვა ტაქტიკურ სქემაზე, განიხილავს ამა თუ იმ ფეხბურთელთა კონდიციას. გთავაზობთ მისი განსაკუთრებულობის 7 მიზეზს  


აღმავალი გზა
ფეხბურთელთა და მწვრთნელთა უმრავლესობას კარიერაში მნიშვნელოვანი ჩავარდნები აქვთ. პორტუგალიელი კი 2000 წლიდან, როდესაც

“ბარსელონა ბ”-ს კატალონიის თასი მოაგებინა, კარიერაში მხოლოდ  ზევით მიიწევს. “ბენფიკაში” წარმატებული მოღვაწეობის მიუხედავად პრეზიდენტმა მანუელ ვილარინომ პირადი მოსაზრებებით გაათავისუფლა, შემდეგ იყო “ლეირია”, ჟოზემ კლუბს ისტორიაში საუკეთესო შედეგი V ადგილი დააფიქსირებინა.

“პორტოში “ “ჩელსისა” და “ინტერში” მისი მოღვაწეობა ტიტულებით ისეთივე დახუნძლული იყო, როგორც გამოცდილი მებადურის ბადე მორიგი თევზაობის შემდეგ.

ის ფაქტი, რომ 7 სეზონია მოურინიო უტიტულოდ არ ასრულებს სეზონს, თავისთავად უნიკალურია.

გავიხსენოთ, როდის მოიგო ბოლო სერიოზული ტიტული რაფა ბენიტესმა ან არსენ ვენგერმა? სხვა მწვრთენელები: კაპელო - სირცხვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლიპი - იგივე; თვით სტაბილურობის ეტალონს სერ ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერსაც” კი ჰქონდა მნიშვნელოვანი ჩავარდნა, თან უფრო რაც ყურადსაღებია, მოურინიოს “ჩელსიში” მოღვაწეობის დროს.
მთავარი მიზეზი აღმავალი გზისა კი ჟოზეს გამარჯვებისკენ დაუოკებელი ლტოლვაა, რაც უდიდეს მწვრთნელებს შორისაც გამორჩეულს ხდის. ის არასოდეს რჩება იქ, სადაც თავს ამოწურულად თვლის.

“მშვიდი სამსახური რომ მნდომებოდა, პორტუში დარჩენა შემეძლო. პირველი ღმერთი იქნებოდა, მეორე - მე”. მოურინიოს უნდა ყველაფერი მოიგოს. სამწვრთნელო ელიტის წარმომადგენლებთან შედარება აქაც შეიძლება... გაიხსენეთ კარლო ანჩელოტი, რომელმაც 2007 წელს ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ “მილანში” მორალური და ფსიქოლოგიური რესურსები ამოწურა, თუმცა ორი წელი მაინც დარჩა კლუბში, წარმატებებს კი ვეღარ მიაღწია.


ბრწყინვალე სტრატეგი
სტრატეგიული მრავალფეროვნება მოურინიოს უმთავრესი იარაღია. რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან მას ისეთ  განსხვავებული საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებთან მოუხდა ასისტენტად მუშაობა, როგორებიც ლუი ვან გაალი, სერ ბობი რობსონი და ჯოსუალდო ფერეირა არიან. 

ხშირად მის გუნდებს სდებენ ბრალად “დაცვითი” ფეხბურთის თამაშს. თუმცა “განსაკუთერბულის” ტაქტიკა გუნდის დაბალანსებასა და ფეხბურთელთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაზეა დამყარებული. საინტერესოა, რომ პორტუგალიელის მოპოვებული 6 საჩემპიონო ტიტულიდან მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 4 შემთხვევაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, ორჯერ კი მეორე იყო.

მოურინიო სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო სტილთან ადაპტაციის ბრწყინვალე უნარით მართლაც გამორჩეულია. გავიხსენოთ მისი მუშაობის საწყისი პერიოდი “ინტერში”. მწვრთნელმა “ჩელსიში” ნაცადი 4-3-3-ის დანერგვა მოინდომა, თუმცა გარემარბების ეფექტურ თამაშზე დამოკიდებულმა სტრატეგიამ  პრაგმატულ იტალიაში არ გაამართლა. დროთა განმავლობაში მან მიაგნო ისეთ ფორმაციას, რომელიც უდავოდ წარმატების მომატანი იქნებოდა (4-2-3-1). განა არ გააჩუმა მოურინიომ კრიტიკოსები, რომლებიც “რეალში” მის მოსვლას “სამეფო გუნდის” დაცვითი ფეხბურთის აპოლოგეტად ქცევის წინაპირობად მიიჩნევდნენ?! 

საფეხბურთო წრეებში არსებულ აქტუალურ კითხვას - მწვრთნელმა ფეხბურთელებს უნდა მოარგოს სტრატეგია, თუ - სტრატეგიას ფეხბურთელები, მოურინიო პირველის სასარგებლოდ პასუხობს. “პორტუში”, იყენებდა რომბისებურ ნახევარდაცვას, სტრატეგიას რომელშიც მაღალი დონის გამთამაშებელის ყოლა უმთავრესი ფაქტორია (ასეთი იქ დეკო იყო); “ჩელსიში”, ბრწყინვალე გარემარბები: დაფი, რობენი, ჯო კოული ერგებოდნენ 4-3-3 სისტემას, ხოლო ინტერში - ეტო’ო-სნაიდერი-პანდევის ტრიო მიმართული მილიტოსკენ ასრულებდნენ გადამწყვეტ ფაქტორს.

ის როტაციის დიდი მოყვარული ნამდვილად არ არის და განსხვავებით ბევრი კოლეგისგან, ცდილობს, ფეხბურთელი მაქსიმალურად დატვირთოს. თუ გადავხედავთ “ინტერის” მოთამაშეთა შარშან ჩატარებული მატჩების სტატისტიკას, დავინახავთ, რომ ძირითადის შემადგენლობის წევრებმა გაცილებით მეტი მატჩი ჩაატარეს, ვიდრე სათადარიგოებმა; მარქაფის მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მიიღო 20 მატჩზე მეტში მონაწილეობა.. 

ბუნებრივია, ასეთი დატვირთვები დიდ გამძლეობას საჭიროებს. მოურინიოს გუნდის ფიზიკურად მომზადების არსენალში უამრავი იარაღია, მათ შორის 20-მეტრიან კვადრატზე სამი-სამზე ვარჯიში, სადაც ფეხბურთელები ერთმანეთთან უშუალო კონტაქტში არიან. 


ფეხბურთელების შერჩევა და მათთან ურთიერთობა
მოურინიოს საფეხბურთო სამყაროში დამკვიდრებასთან ერთად, თანდათან დამკვიდრდა საფეხბურთო ტერმინი - “მოურინიოს ფეხბურთელები”. 

სელექციის გამორჩეული უნარი - კიდევ ერთი ფაქტორია, რაც მას “განსაკუთრებულს” ხდის. ბევრმა ფეხბურთელმა შესაძლებლობების მაქსიმუმი სწორედ პორტუგალიელის ხელში გამოავლინა. გაიხსენეთ “პორტუში” მოთამაშე კარლოს ალბერტო, დერლეი, ედგარას იანკაუსკასი, მანიშე... ბევრს მიაღწიეს განა მოურინიოსთან განშორების შემდეგ? ან ვინ იყვნენ დროგბა, ტერი, ლამპარდი  ჟოზესთან მუშაობამდე და ვინ არიან ახლა... 

გუნდის დაბალანსების საილუსტრაციო მაგალითი, 2009 წელს მოურინიოს ჩატარებული საზაფხულო სატრანსფერო კამპანიაა, როდესაც წინა წლის საუკეთესო ფეხბურთელის, იბრაჰიმოვიჩის  გასხვისებით მიღებული ფულით შეძენილი მოთამაშეები გახდნენ “ინტერის” გაბატონების მთავარი განმაპირობებელნი. 

“ის უდიდედესი მოტივატორია. მოურინიომ მასწავლა, როგორ უნდა ვითამაშო მოედანზე უფრო აგრესიულად, ახლა ყოველი ბურთისთვის მხეცივით ვიბრძვი”  - რეალის მცველი მარსელო. 

“მან ყველაფერი იცის საკუთარ ფეხბურთელებზე - როდის მიდიან დასაძინებლად, რას ჭამენ, რამდენ ხანს ვარჯიშობენ. მოურინიოს სურს, მათი ცხოვრების ყველა ასპექტი აკონტროლოს”  -  ნეტო (პორტუგალიელი ჟურნალისტი).


გარეგნობა, მიმიკები
მოურინიოს პოპულარულობის მიზეზი მხოლოდ გენიალური სამწვრთნელო ნიჭი როდი გახლავთ. სამხრეთული მკაცრი გარეგნობის მქონე, ექსცენტრიული, აროგანტი - მოურინიო ყველა სიკეთესთან ერთად კარგი მსახიობიცაა. მისი მიმიკები მატჩის მსვლელობისას, როდესაც იგი ფეხბურთელების საქციელზე რეაგირებს, ასე კი არა, ასე უნდა დაარტყაო - უდავოდ პუბლიკაზე გათვლილი საქციელია.


პრესა
“როდესაც პრესკონფერანციაზე მივდივარ, ჩემს გონებაში მატჩი უკვე დაწყებულია”  - ამბობს მოურინიო. ის მეტოქესთან ბრძოლას პრესკონფერენციაზევე იწყებს. საფეხბურთო სამყაროში იშვიათია საფეხბურთო სპეციალისტი, რომელზეც ჟოზეს ირონიული ან ცინიკური რამ არ ეთქვას. ამ მხრივ ყველაზე მეტი კლაუდი რანიერის “მოხვდა”: 

“იტალიაში ჩამოსვლამდე დღეში 5 საათი ვსწავლობდი ენას, რათა ფეხბურთლებთან, მედიასთან და ფანებთან კონტაქტის თავისუფლად დამყარება შემძლებოდა. რანიერის კი ინგლისში მუშაობის 5 წლის მანძილზე გამარჯობის თქმა უჭირდა”. 

პრესის მოურინიოსადმი ინტერესს პორტუგალიელის მრავალმხრივობა იწვევს.“ჟურნალისტები მიჩვეულნი სხვადასხვა მწვრთნელების დიპლომატიურ პასუხებს, მისგან განსაკუთრებულს ელიან. მიუხედავად, ერთი შეხედვით პრესისა და პორტუგალიელის დაძაბული ურთიერთობისა, ორივემ იცის, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.” - მიიჩნევს ცნობილი PR ექსპერტი როდ ნოქსი.


ფინალები
კიდევ ერთი დასტური მისი ბრწყინვალე მოტივატორობისა...

მოურინიოს გადამწყვეტი მატჩების მოგების განსაკუთრებული უნარი აქვს. კარიერის მანძილზე ჟოზე 17 ჯერ იყო ფინალში, აქედან 13 მოიგო. ამ ოთხი მარცხიდან 3 სუპერთასზე იყო, ერთიც 2004 წელს, როცა “ბენფიკამ” არ მისცა ზედიზედ მეორედ “პორტუს” ჰეთ-თრიკის შესრულების საშუალება, დაამარცხა რა პორტუგალიის თასზე. 


კომპრომისები
მიუხედავად საკუთარი სიამაყისა და სიჯიუტისა, როგორც ყველა დიდ ადამიანს, კომპრომისებზე წასვლა მასაც სჩვევია. გუნდის ინტერესებს პორტუგალიელი პირველ რიგში აყენებს. 2006 წელს ჟოზეს სურვილის საწინააღმდეგოდ, აბრამოვიჩმა შევჩენკო და ბალაკი იყიდა. მოურინიო ყველანაირად ეცადა “შევა” აეთამაშებინა, გუნდი სპეციალურად გადააწყო 4-4-2-ზე, რათა უკრაინელისთვის ძირითადში ადგილი მოეძებნა. “შევჩენკოს მანამდე ვათამაშებ, სანამ გოლს არ გაიტანს”  - თავგამოდებით იცავდა უკრაინელს, მაგრამ... 

კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მოურინიომ კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფრონტაციისგან თავის შეკავება ამჯობინა, პორტუგალიის ნაკრებში მის დროებით დანიშვნასთან დაკავშირებული სიტუაცია  იყო. მოურინიოს სურვილის მიუხედავად, "რეალმა" არ დაუშვა, თუნდაც ორი მატჩის მწვრთნელის ნაკრებისთვის დათმობა. ჟოზემაც არ გაამწვავა სიტუაცია, განაცხადა რა, რომ ის პატივს სცემს "რეალთან" კონტრაქტს.


ოთარ ჭულუხაძე

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული