დღეისათვის ანდრესი მთელ იბერიაში განთქმული მეღვინეა, ერთ-ერთი საუკეთესოც კი. ხოლო, როცა ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერას დაასრულებს, საყვარელი საქმისთვის კიდევ უფრო მოიცლის - იმ საქმისთვის, რომელიც მას ისევე აქვს სისხლში, როგორც ბურთის გორება...
ესპანეთის პროვინცია კასტილია ლა მანჩა მიგელ დე სერვანტესის უკვდავი ნაწარმოების
2010 წელი ყოველმხრივ გამორჩეული იყო ანდრესის ცხოვრებაში. სწორედ მაშინ მისმა გადამწყვეტმა გოლმა ესპანეთის ნაკრებს აქამდე არნახული დიდება მოუტანა - ინიესტამ "ფურია როხა" ისტორიაში პირველად გახადა მსოფლიოს ჩემპიონი!
მაგრამ კარგი ამბები ამით არ ამოწურულა, ანდრესმა და მისმა მამამ, ხოსე ანტონიომ დიდი ხნის ოცნება აისრულეს და ფუენტეალბილიაში ღვინის ქარხანა "ბოდეგა ინიესტა" (ჩვენებურად, "მარანი ინიესტა") დააარსეს. მევენახეობა-მეღვინეობას ინიესტების ოჯახი, როგორც ვთქვით, ოდითგანვე ეწეოდა, თუმცა ახლა მათმა საქმიანობამ სულ სხვა მასშტაბები მიიღო.
ეს ამბავი ერთბაშად არ მომხდარა, ხოსე ანტონიო და ანდრესი წლების განმავლობაში გეგმავდნენ, არჩევდნენ ზვრებს და აი, პროექტი რეალობად იქცა.
მამა-შვილმა ინიესტებმა საუკეთესო ტერიტორია, 110 ჰექტარი ფართობი შეიძინეს, სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ კარგი ღვინო დადგეს. ალბასეტეს მხარეში ზომიერად მშრალი ჰავაა, ნიადაგიც ოდნავ ქვიანია. აქ ადგილობრივები, ძირითადად, წითელ და ვარდისფერ ღვინოებს აყენებენ. "ბოდეგა ინიესტა" არ ღალატობს ტრადიციებს, თუმცა არც ინოვაციებს ერიდება.
ამბობენ, ვენახების შესაძენად ანდრესმა 9 მილიონი ევრო დახარჯაო...
ჰო, ალბასეტე ვახსენეთ და ბარემ იმასაც ვიტყვით, როგორ უფრთხილდება ანდრესი ბავშვობის გუნდს: მან "ალბასეტე" უკვე ორჯერ გადაარჩინა გაკოტრებასა და დაშლას.
სანამ ანდრესი თავისი ვენახებიდან 430 კილომეტრის მოშორებით, ბარსელონაში ბურთს დასდევს, მთელ მეურნეობას მამა ხელმძღვანელობს. თუმცა ისე არ გაიგოთ, რომ ფეხბურთელმა ფული ჩადო და ყველაფერი ოჯახს მიანდო. ანდრესი პირველი დეგუსტატორი ყოფილა და საკმაოდ მკაცრიც. მისი მარნის ვერც ერთი კასრი ვერ მოხვდება დახლებზე, თუკი მის ტესტს არ გაივლის.
"ბოდეგა ინიესტამ" უკვე გამოუშვა ორი ბრენდი: "კორასონ ლოკო" ("შლეგი გული"): მსუბუქი ღვინო: თეთრი, ვარდისფერი და წითელი.
და მეორე უფრო სერიოზული "ფინკა ელ კარილი": თეთრი შარდონე, რომელიც ანდრესმა 2011 წელს დაბადებულ შვილს, ვალერიას უძღვნა და წითელი.
სხვათა შორის, ინიესტას ღვინოები არ ღირს ძვირი: "კორასონ ლოკოს" ესპანეთის მაღაზიების დახლებზე 5-6 ევროდ შეიძენთ, "ფინკა ელ კარილს" - 7 ევროდ, ხოლო "ფინკა ელ კარილ ვალერია" 8-9 ევრო დაგიჯდებათ.
ოჯახი თავიდანვე არ უყურებდა ამ საქმეს, როგორც ჰობის. ანდრესს სურდა, რომ "ბოდეგა ინიესტა" მომგებიანი საოჯახო ბიზნესი ყოფილიყო და ასეც მოხდა. 2012 წელს ინიესტებმა დამატებით 10 ჰექტარი ვენახი შეიძინეს, უკვე ანდალუსიის მხარეში. ხოსე ანტონიო კი უფრო შორს მიდის, "ბოდეგა ინიესტამ" მალე შეიძლება ფრანგული და გერმანული ღვინოების ჩამოსხმაც დაიწყოს.
ფრანგ და გერმანელ მევენახეებთან ამის თაობაზე მოლაპარაკება საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ხოსე ანტონიომ ბურგუნდიის ზვრებს, იქაურ მშრალ პინო რენუარს დაადგა თვალი.
წლები გადის და ინიესტების მეურნეობა არა მხოლოდ იზრდება, არამედ იხვეწება კიდევაც. ფუენტეალბილიაში ახლა მხოლოდ ღვინის ქარხანა არ არის, იქვე არის კომფორტული რესტორანი "ბოდეგა ინიესტა", რომელიც ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ სტუმრებს მასპინძლობს.
ღვინის ტურიზმი კი, მოგეხსენებათ, ისედაც ძალზე გავრცელებულია. წარმოიდგინეთ ახლა, სტუმრად მსოფლიოს ჩემპიონთან, მისსავე მარანში, როგორია ღვინის დაგემოვნება და კასტილიური კერძების მირთმევა.
ანდრესს კლიენტების მიზიდვის მრავალი ხერხი აქვს გამოცდილი. თუნდაც უახლესი ავიღოთ: 28 დეკემბერს ფეხბურთელი კლიენტებს საკუთარ მარანში, საშობაო ფიესტაზე ეპატიჟება, რა თქმა უნდა, ყველას ვერა - საკმარისია, ონლაინ შეიძინოთ თუნდაც ერთი ბოთლი ღვინო და ავტომატურად იღებთ მონაწილეობას გათამაშებაში, გამარჯვებულები კი ფიესტაზე მოხვდებიან.
როგორც ვთქვით, ანდრესისთვის მეღვინეობა გატაცება არაა, ის ბიზნესია. რაც შეეხება ჰობის... ანდრესი არა მარტო მოედანზე "ხატავს" თავისი უზადო ფინტებით და პასებით, მხატვრობაშიც საკმაოდ ნიჭიერია, ოღონდ მართლა სამოყვარულო დონეზე.
"ფეხბურთმა იმდენი მომცა ცხოვრებაში, რომ შანსი გამიჩინა, მცირედი დავუბრუნო იმ მხარეს, სადაც დავიბადე. ჩემი და ჩემი ოჯახის ოცნება იყო, გვქონოდა საკუთარი მარანი.
მეღვინეობა ის საქმეა, რომლითაც სიცოცხლის ბოლომდე დავკავდები საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ", - ამბობს ანდრესი.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"