არც ერთი სიტყვა ელ კლასიკოზე!

AutoSharing Option

პირობა სათაურშივე დავარღვიეთ - "ელ კლასიკო" ვახსენეთ, თუმცა "ბარსელონა"-"რეალის" სუპერდაპირისპირებაზე მართლაც არ ვაპირებთ თხრობას. მიზეზი მარტივია - ამისთვის დრო კიდევ გვექნება, ესპანური დერბი ხომ ორშაბათსაა. ჩვენ კი ლა ლიგის მე-13 ტურის შაბათ-კვირას გასამართავ მატჩებზე შევჩერდებით...

თუკი ბარსელონაში ამ ორი ქალაქის მთავარი გუნდები "კამპ ნოუზე" ეთამაშებიან ერთმანეთს და მთელი მსოფლიოს ყურადღებაც ამ მატჩისადმი იქნება მიპყრობილი, დღეს "ვისენტე კალდერონზე" კასტილიური და კატალონიური ქალაქების მეორე გუნდთა დაპირისპირებაა, რომელიც ასევე საინტერესოდ გვეჩვენება.

მესამეადგილოსანი "ვილიარეალი" აუტსაიდერ "სარაგოსას" სტუმრობს, კვირას კი ბასკურ-ნავარული დაპირისპირება გველის. მართალია, "ელ სუბმარინო"

უკვე უღმერთოდ ჩამორჩა "რეალსა" და "ბარსას", მაგრამ "კლასიკოზე" ხომ ერთ-ერთი (თუ ორივე არა) ქულებს დაკარგავს და "ვილიარეალსაც" ჩამორჩენის შემცირების შანსი მიეცემა, თანაც, რეალობიდან გამომდინარე, "ყვითელი წყალქვეშა ნავი" მესამე ადგილზე დამკვიდრებას ისახავს მიზნად და არა გრანდებთან უთანასწორო ჭიდილს. ეს თამაში ძალზე მნიშვნელოვანია "ვილიარეალის" თავლაც ხუან კარლოს გარიდოსთვის, რომელმაც გუშინ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი - ეს სპეციალისტი ნავის შტურვალთან 2014 წლამდე დარჩება. ამ ფაქტს სპეციალური ღონისძიებაც მიეძღვნა "ელ მადრიგალზე", რომელსაც "ვილიარეალის" პრეზიდენტი ფერნანდო როიგი დაესწრო. 41 წლის გარიდო 2002 წლიდან "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა ამ თებერვლამდე, შემდეგ კი მან ერნესტო ვალვერდე შეცვალა მთავარ გუნდში და ეს საქმე იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ აპრილში 2011 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს კონტრაქტი. და აი, გარიდოს ნიჭი კიდევ უფრო დაფასდა. "ვილიარეალი" მზარდი კლუბია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებთ", - დიდ გულზეა თავად გარიდოც.

გარიდოს "ლა რომარედაზე" ხოან კაპდევილა დააკლდება კოჭის ტრავმის გამო, ხოლო ბორხა ვალერო დისკვალიფიცირებულია. "სარაგოსას" ახალი თავკაცი ჰყავს - ხავიერ აგირე, რომესლაც ამ რანგში საშინაო მატჩში დებიუტი ელის. მასპინძლებს იტალიელი მაურიციო ლანცარო და ანდერ ერერა არ ეყოლებათ, ანხელ ლაფიტა კი, სავარაუდოდ, მოასწრებს გამოჯანმრთელებას.
"სან მამესზე" ამაყი ბასკები "რეალთან" საშინელი მარცხის შემდეგ გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციას აპირებენ, მეტოქე კი ნავარული "ოსასუნაა". მასპინძლებთან ერთად ვერ ემზადებოდა მათი ლიდერი ფერნანდო ლორენტე, რომელსაც გასტროენტერიტი აწუხებდა. უვარჯიშებელი ლორენტე მაინც ითამაშებს. საეჭვოა უსტარიცისა და ოსიოს თამაში. სტუმრებს კუნთების პრობლემის გამო კარლოს არანდა არ ეყოლებათ, ხოლო დამიას თამაში ჯერაც საეჭვოა.

გუშინ "ბილბაოს" გოლკიპერმა გორკა ირაისოსმა კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. არადა 29 წლის მეკარის მომავალს "ბარსელონას" ან "არსენალს" უკავშირებდნენ.

"ვალენსიას" (რომელიც ფაქტობრივად უმწვრთნელო "ალმერიას" მასპინძლობს) ბანაკში ორი ამბავია, კარგი და ცუდი. ცუდით დავიწყებთ: გუნდს მეკარე მიგელ მოია ისე დაემტვრა, კიდევ ორ თვეს ვერ ვიხილავთ მწვანე მინდვრებზე. კარგი კი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლით ფინანსურად შეჭირვებულმა "ღამურებმა" 13 მილიონი ევროთი იხეირეს.
საერთო ჯამში "კლასიკო" (ამის ჩათვლით) 6-ჯერ მაინც ვახსენეთ. ეჰ, პირობა ვერ შევასრულეთ...

დღეს
სარაგოსა-ვილიარეალი 21:00
სევილია-ხეტაფე 23:00
ატლეტიკო-ესპანიოლი 01:00

ხვალ
სპორტინგი-რეალ სოსიედადი 20:00
ერკულესი-ლევანტე 20:00
მალიორკა-მალაგა 20:00
რასინგი-დეპორტივო 20:00
ბილბაო-ოსასუნა 22:00
ვალენსია-ალმერია 00:00

ზეგ
ბარსელონა-რეალი 00:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 12 10 2 0 33-6 32
2. ბარსელონა 12 10 1 1 33-8 31
3. ვილიარეალი 12 7 3 2 23-12 24
4. ესპანიოლი 12 7 1 4 12-13 22
5. ვალენსია 12 6 3 3 17-12 21
6. სევილია 12 6 2 4 19-19 20
7. ატლეტიკო 12 6 2 4 20-14 20
8. მალიორკა 12 5 3 4 13-13 18
9. სოსიედადი 12 5 1 6 16-18 16
10. ბილბაო 12 5 1 6 20-23 16
11. ოსასუნა 12 4 3 5 12-13 15
12. ხეტაფე 12 4 2 6 16-19 14
13. დეპორტივო 12 3 5 4 11-15 14
14. ერკულესი 12 3 3 6 11-19 12
15. ლევანტე 12 3 2 7 13-20 11
16. რასინგი 12 3 2 7 10-19 11
17. სპორტინგი 12 2 4 6 10-18 10
18. მალაგა 12 3 1 8 15-25 10
19. ალმერია 12 1 6 5 8-18 9
20. სარაგოსა 12 1 5 6 12-20 8


ბომბარდირები: 14 - რონალდო (რეალი); 13 - მესი (ბარსელონა); 9 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 8 - როსი (ვილიარეალი); 7 - იგუაინი (რეალი), ნილმარი (ვილიარეალი); 6 - ფორლანი (ატლეტიკო), ტრეზეგე (ერკულესი), ვილია (ბარსელონა).

 

ნიკოლოზ ნეფარიძე

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული