დღეს რომ "კამპ ნოუზე" დიდი მატჩია, მგონი, ნახევარზე მეტმა მსოფლიომ იცის, მაგრამ "ელ კლასიკოს" მდიდარ ისტორიაში ძნელად მონახავთ ისეთ დამაინტრიგებელ შეხვედრას, როგორიც დღევანდელი იქნება - "ბარსელონა" "რეალის" წინააღმდეგ, ხოსეპ გვარდიოლა vs ჟოზე მოურინიო, ვინ უკეთესია, ლეო მესი თუ კრიშტიანო რონალდო, ვინ იქნება ლიდერი პრიმერადივიზიონში. მოკლედ, ერთმა კინკილა მატჩმა შესაძლოა ძალიან ბევრ კითხვას გასცეს პასუხი...
"ბარსელონა" "კლასიკოს" შესანიშნავ ხასიათზე ხვდება - კატალონიელებმა წინა ტურში ალმერიაში ქვა ქვაზე არ დატოვეს - 8:0 მოუგეს. ამ შეხვედრაში ლეო მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა. მოკლედ, "ბარსელონას"
აი, რას ამბობს ჩავი ერნანდესი: "ფავორიტები ჩვენ ვართ, შინ ვთამაშობთ და ძალიან გვურს "რეალის" ბეჭებზე გაკვრა". ოპტიმისტურადაა განწყობილი დანი ალვეშიც, თუმცა სიფრთხილეს არ ივიწყებს: "ორშაბათს ჩვენ ძალიან მოტივირებული და ძლიერი მეტოქე გვყავს. მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე ვიცით და მიზანსაც მივაღწევთ".
ახლა საწინააღმდეგო ბანაკიდანაც მოვისმინოთ, რას ამბობენ - ჩაბი ალონსო, რომლის წითელ ბარათსაც უეფა სერიოზულად იძიებს და, ალბათ, ბასკს არ ასცდება დისკვალიფიკაცია აცხადებს: "ჩვენი გუნდის შემტევი პოტენციალი უზარმაზარია. გოლები იოლად გაგვაქვს, თუ ასევე ვითამაშებთ, "კამპ ნოუს" ურთულესი 90 წუთი ელის".
ბუნებრივია, ამ მატჩისათვის გუნდები უდანაკარგოდ ვერ მივიდოდნენ, მაგრამ ტრავმირებულთა რიცხვი დიდი არაა. "ბარსელონას" მხოლოდ გაბი მილიტო დააკლდება, ხოლო "რეალს" - კაკა და ფერნანდო გაგო. გონსალო იგუაინმა, სამი ხედირამ და რიკარდო კარვალიომ მიკროტრავმები მოირჩინეს და დიდი ჯახისთვის მზად არიან.
ჟოზე მოურინიომ თავისი ინიციატივით დედაქალაქში ესეკიელ გარაი, სერხიო კანალესი და მატეოსი დატოვა. ისინი ნამდვილად არ იქნებიან დღეს ესპანურ დერბიში.
"ამ სეზონში არ წაგვივია და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არც ბარსელონაში წავაგებთ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ძალები გაგვიორმაგდება. ვიცით, რომ "კამპ ნოუს" პუბლიკა ძალიან ცუდ დახვედრას უმზადებს მოურინიოს, მაგრამ ამაზე არც ჩვენ ვნაღვლობთ და არც თავად ჟოზე", - განაცხადა კრიშტიანო რონალდომ.
დაბოლოს ყველაზე საინტერესო, რას ამბობენ მწვრთნელები "კლასიკოს" წინ?
ჟოზე მოურინიო: "ეს კლასიკო განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ ერთმანეთის უშუალო კონკურენტები ვართ ყველა ასპექტით. ჩვენ ზუსტად იმდენ ქულას ავიღებთ, რამდენის წაგლეჯასაც შევძლებთ მეტოქისთვის. მაგრამ, რაც უნდა მოხდეს ხვალ, ლიგაში კიდევ 25 ტური რჩება. ამიტომ "კლასიკო" ვერ იქნება გადამწყვეტი. ნამდვილ, ვაჟკაცურ ფეხბურთს ველი, როცა მთავარი ფეხბურთი იქნება და არა სხვა რამე. "ბარსელონას" გამო ვერც სისტემას შევცვლი და ვერც მზადების მეთოდებს, "ბარსელონა" ისეთივე მეტოქეა, როგორც სხვა, შესაძლოა, მათზე ძლიერი. ჩემი გუნდი ფსიქოლოგურად მზადაა ომისთვის, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას. ტრიბუნებს კი ყურადღებას არ მივაქცევ, ისედაც ვიცი, რომ "კამპ ნოუ" ყვავილებით არ მიმიღებს".
ხოსეპ გვარდიოლა: "ვიმედოვნებ ფანტასტიკური მატჩი იქნება, "რეალი" მხოლოდ სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, ის სწრაფი, ზიზიკურად ძლიერი, აგრესიული და მიზანმიმართული გუნდია. ვერ ვიტყვი, რომ მოგებული ჩემპიონი გახდება, მაგრამ ერთი კვირით მაინც გალიდერდება. მათ კარგად იციან ჩვენი თამაშის სტილი, თამაშის სცენარი შეიძლება გამოვიცნოთ კიდეც, აი, შედეგი კი - არა. მეტოქე კონტრშეტევაზე სუპერსახიფათო იქნება".
სხვათა შორის, "რეალი" მთლად უგულშემატკივროდ არ იქნება ბარსელონაში. აეროპორტში სამეფო კლუბს" ბარსელონაში მცხოვრები 2 ათასზე მეტი "მადრიდისტა" დახვდა.