სევილიის "ბეტისს" გაბრიელ კალდერონი გაწვრთნის

AutoSharing Option
სევილიური "ბეტისის" ხელმძღვანელებმა ხუან კარლოს გარიდოს შემცვლელი მალე იპოვეს - "ვერდიბლანკოსს" არგენტინელი გაბრიელ კალდერონი გაწვრთნის.

53 წლის ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც არგენტინის ნაკრებში 23 მატჩი ჩაუტარებია, ბოლოს ბაჰრეინის ნაკრების დამრიგებელი იყო, იქამდე კი, სხვადასხვა ნაკრების გარდა (საუდის არაბეთი, ომანი), რამდენიმე აზიურ კლუბშიც მუშაობდა. სათამაშო კარიერის განმავლობაში კალდერონმა "ბეტისში" 4 სეზონი (1983-87) გაატარა და 74 შეხვედრაში 15 გოლიც გაიტანა. ასე რომ, ყოფილი ნახევარმცველი უცხო გარემოში ნამდვილად არ მოხვედრილა. 1982 და 1990 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილემ პრესასთან პირველი კომენტარიც გააკეთა:

"დღეს ოცნება ამისრულდა.
მითამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე, რამდენიმე დიდ კლუბშიც ვყოფილვარ, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაინც აქ, სევილიაში ვიყავი და უაღრესად ამაყი ვარ, რომ "ბეტისის" ხელმძღვანელებმა ნდობა გამომიცხადეს. ვიცი, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩვენი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ განსაცდელს თავს მალე დავაღწევთ,
" - განაცხადა კალდერონმა პრეზენტაციაზე.

შეგახსენებთ, რომ ხუან კარლოს გარიდოს გათავისუფლების შესახებ ცნობილი კვირას, მას შემდეგ გახდა, რაც "ბეტისმა" წინა დღეს "რეალთან" 0:5 წააგო. სულ გარიდოს ხელში სევილიელებმა პრიმერაში 5 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც მხოლოდ ერთი არ წააგეს. გარდა ამისა, გუნდი სამეფო თასიდანაც გავარდა ("ბილბაოსთან") და ჩემპიონატშიც ბოლო ადგილზე მყარად დამკვიდრდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული