ვინ იყო, არის და იქნება ჟოზე კატალონიაში

AutoSharing Option

ნათქვამია, წაქცეულებს აღარ ურტყამენო, მაგრამ ასე, ერთი რეპორტაჟით ვერ დავეხსნებით "ელ კლასიკოს", რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მაშ ასე, შევეცდებით კიდევ უფრო "ახლოდან შევხედოთ" ნოემბრის "ელ კლასიკოს" გმირებსა და ანტიგმირებს, ვინ რა გააკეთა და რა ვერ შეძლო, ვინ მოიქცა დიდი მატჩისთვის შეუფერებლად, რატომ წააგო "რეალმა", რატომ წააგო "რეალმა" 0:5 და არის თუ არა ჟოზე მოურინიო განსაკუთრებული. განხილვაში სპორტული მედიის ცნობილ მესვეტეებს დავესესხებით და ზოგიერთ ჩვენს მოსაზრებასაც გაახლებთ.

უპირველესად ვულოცავთ ხოსეპ გვარდიოლას, მის გუნდსა და გულშემატკირებს ამ გამარჯვებას. სხვა სეზონებისგან განსხვავებით,

ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩემპიონატს "ბარსა" მოიგებს, მაგრამ ვიტყვით, რომ ამ გუნდმა ორშაბათს 90 დაუვიწყარი წუთი გვაჩუქა. თამაშის ნახვისას, იტყოდით, რომ "ბარსელონა" "ერთი ამოსუნთქვით" ანადგურებს "რეალს". კატალონიელთა სათამაშო ფილოსოფიაც ამაშია - ის ძალიან იოლად აღსაქმელია თვალისთვის, ძალიან რთულია ფეხებისთვის (რომლებიც ამ ფილოსოფიას ქმნიან) და გონებისთვის. ეს იყო გუნდური თამაშის უმაღლესი ხარისხი, რომელიც მხოლოდ ერთად ვარჯიშში და თამაშში არ იბადება, ეს არის მთელი სისტემა, რომელიც მოიცავს ყველაფერს კლუბში მწვრთნელიდან დაწყებული. აი, სწორედ ამან მოიგო "ელ კლასიკო" "ბარსელონასთვის".

იცით, რომ როცა მასპინძლები მეორე გოლს ამზადებდნენ, კატალონიელებმა ზედიზედ 20 ზუსტი პასი შეასრულეს. პირველი ტაიმის ბოლოს ბურთის კონტროლის მაჩვენებელი 70%-ს იყო გადაცილებული, მესუთ იოზილს, "რეალის" ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ამ სეზონში, სამჯერ დააკარგვინეს ბურთი და იცით, რამდენი ზუსტი პასი გააკეთა გერმანელმა? არც ერთი!

"რეალმა" კი გუნდური თამაში საერთოდ ვერ აჩვენა, მეტოქის საფეხბურთო ფილოსოფიას, რომლის შესახებ ფეხბურთელებმაც და მოურინიომ კარგად უწყოდნენ, საერთოდ ვერაფერი დაუპირისპირა. სერხიო ბუსკეტს, რომელიც ისეთ პოზიციაზე თამაშობდა, რომ ხშირად საქმე ორ ოპონენტთან ჰქონდა, პირველ ტაიმში ერთხელაც არ დაუკარგავს ბურთი. სამი ხედირას შეუძლია ირბინოს რამდენიც უნდა, ირბინოს საჯარიმოდან საჯარიმომდე, თუმცა თუ ამას ხეირი არ მოაქვს კლუბისთვის.

ძალიან ბევრი "მოხვდება" "რეალის" დაცვას, მაგრამ ამ სიტუაციაში, როგორშიც მადრიდელთა შუახაზმა დაცვის კვარტეტი ჩააგდო, მათ კიდევ იყოჩაღეს, ხანდახან მაინც იგერიებდნენ ბურთს ანხელ დი მარიას მიმართულებით. საბრალო დი მარია, ძალიან გვიან მიხვდა, რომ მის აყოლას თანაგუნდელები არ თუ ვერ შეძლებდნენ. "ბარსელონამ" ითამაშა "ყველა ერთისათვის" ფეხბურთი, სადაც ერთში გუნდი იგულისხმება. მაგრამ იყო ერთი კაცი, რომელიც ამ საუცხოო მასაშიც გამოირჩეოდა - ჩავი, კაცი, რომელიც იწყებდა და თავად ასრულებდა შეტევებს, იპოვებდა ბურთს და აკეთებდა გენიალურ პასებს. მოკლედ, ის "ბარსას" მოაზროვნე თავი იყო.

რაც უნდა იყოს, ამ თამაშის შემდეგ არ უნდა დავივიწყოთ, რომ "რეალი" კატალონიელებს საბოლოოდ არ დაუმარცხებიათ, მადრიდელები ამ ტურამდე ლიდერობდნენ, ხოლო "ბარსას" შინ "ერკულესთან" აქვს წაგებული. ჟოზე მოურინიო ნოკდაუნშია, მაგრამ არა - ნოკაუტში. მან დიდი დარტყმა იგემა, როცა "ბლაუგრანას" გუნდური ფეხბურთის საწინააღმდეგოდ ვერაფერი მოიფიქრა, ის სათანადოდაც დაისაჯა, მაგრამ ახლა პორტუგალიელი გაორმაგებული ენერგიით შეეცდება საბოლოო გამარჯვების მოპოვებას.

გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ ამ თამაშს უნდა გაეცა ერთ კითხვაზე პასუხი - ვინ არის დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - ლეო მესი თუ კრიშტიანო რონალდო. ვფიქრობთ, ამ თემაზე კითხვები აღარ უნდა გაჩნდეს - დღეისათვის, პორტუგალიელი არათუ საუკეთესო, ის არც მეორე და არც მესამე ფეხბურთელია მსოფლიოში - მესის, ჩავის და ინიესტას გვერდში ვერ დაუდგება. მიუხედავად იმისა, რომ მესიმ ბოლო 11 მატჩში პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა, პატარა არგენტინელმა ჯადოქარმა თავისი მასტერკლასი მაინც ჩაატარა "კამპ ნოუზე", ორი დიდებული საგოლე პასიც გაუკეთა დავიდ ვილიას.

ჟოზე მოურინიომ კარიერაში ყველაზე დიდი მარცხი იწვნია. ის მთელს მსოფლიოშია ცნობილი, როგორც "განსაკუთრებული", მაგრამ კატალონია არადა არ იღებს ამ ტერმინს, მას მერეც კი, რაც მოუს "ინტერმა" "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგიდან სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტის წყალობით დაიბრუნა. კატალონიელთათვის ჟოზე იყო, არის და, როგორც ჩანს, ყოველთვის დარჩება "ელ ტრედუქტორი" (თარჯიმანი).

კვლავ სტატისტიკას დავუბრუნდეთ - ამ თამაშში "ბარსელონას" ფეხბურთელებმა 684 პასი გააკეთეს, რომელთაგანაც 608 (!) ადრესატამდე მივიდა. მაშინ, როცა მადრიდელებმა სულ რაღაც 224 ზუსტი პასი შეასრულეს. ამ სტატისტიკის მიხედვით ნახევარ "რეალს" მარტო ჩავი უდრის, რომლის ანგარიშზეც 110 ზუსტი პასია.  ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იყო - ორი მესამედით მას "ბარსელონა" აკონტროლებდა. მასპინძელთა 15 დარტყმიდან 6 წავიდა კარში და იკერ კასილიასი მხოლოდ ერთს გადაეფარა, ხუთ შემთხვევაში ბურთი "სამეფო კლუბის" კარის ბადეში აფართხალდა.  

ლიონელ მესი გასული სეზონის შუიდან ძალიან ხშირად "ბარსელონაში" შემტევი ტრიოს შუაშია და ამასთან, საკმაოდ ღრმად იხევს შუახაზში. ეს არგენტინელისთვის არცთუ უჩვეულო პოზიციაა. ორშაბათს კი მესი ლამის მეოთხე ნახევარმცველად იქცა, ძალიან ხშირად არგენტინელი ბურთის მასპინძელთა დაცვის წინ, სულ ორიოდ მეტრში იღებდა. ამან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუპოვა "ბლაუგრანას", "რეალის" ორ დაცვითი სტილის ნახევარმცველს (ხედირა, ჩაბი ალონსო), "ბარსელონურ" ტრიოსთან (მესი, ჩავი, ინიესტა) უწევდა გამკლავება. მასპინძელთა შეტევისას ერთ-ერთი მათგანი მუდამ თავისუფალი იყო და შეეძლო დაცვის "გამჭრელი" პასის გაკეთება, რაც ამ თამაშში არაერთი ვნახეთ. ამავე დროს, პედრო და ვილია ისევ უმთავრესად ფლანგებზე რჩებოდნენ, ამით "რეალის" დაცვის ცენტრს სათარეშო არეალად ტოვებდნენ, სწორედ ამის წყალობით გავიდა "ბარსას" პირველი გოლი, როცა იქ შეჭრილმა ჩავიმ გაიტანა.

უკვე ვახსენეთ, რომ მადრიდელთა ნახევარდაცვის მარცხი გადამწყვეტი იყო ამ მატჩში, მაგრამ ასევე წააგეს თავიანთ ვიზავებთან ბრძოლა "რეალის" განაპირა მცველებმა სერხიო რამოსმა და მარსელომ. რამოსი საერთოდ არ ჰგავდა თავის თავს, ის ხშირად პოზიციურად იკარგებოდა და ვილიას, ინიესტას, აბიდალსაც კი შეტევებისთვის სივრცეს უტოვებდა. გავიხსენოთ პედროს გოლი, როცა ვილიამ ფლანგზე ბავშვივით გააპამპულა მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველად შერაცხული ფეხბურთელი. მარსელო ამ სეზონში უკეთ თამაშობს, მაგრამ როგორც კი საქმე დაცვაზე მიდგა, ბრაზილიელის შეცდომები ისევ თვალნათელი გახდა. ბოლოს შემოსულმა არბელოამ უფრო მეტი გააკეთა გუნდისთვის, ვიდრე რამოსმა და მარსელომ ერთად.

"რეალმა" მართლა მოისაკლისა თავისი საუკეთესო თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელმაც ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა. ვერ ვიტყვით, რომ გუნდი აღარ წააგებდა, მაგრამ იგუაინით სულ სხვანაირად შეუტევდა და "ბარსელონას" მცველებსაც მეტი ჯაფა დაადგებოდათ. რონალდოს გუნდში თავისუფალი მხატვრის ფუნქცია აკისრია, მას შეუძლია გაცვალოს ფლანგი დი მარიასთან, მაგრამ ეს ყველაფერი ამართლებს, მაშინ როცა წინ იგუაინია, რომელსაც დამამთავრებელი ფაზის გარდა ბურთის გამნაწილებელის ფუნქციის შესრულება შეუძლია. წინ ბენზემა იყო და "რეალის" შეტევა სტატიკაში ასე ვითარდებოდა: რონალდო ბურთს ფლანგზე მიიღებდა, ცდილობდა ვიზავის მოტყუებას და ჩაწოდებას. ეს ტაქტიკა კი რომ არ იმუშავებდა, ცხადი იყო. ლასანა დიარას გამოსვლის შემდეგ ჟოზემ გუნდი 4-3-3-ზე გადაეწყო (წინ რონალდო, ბენზემა და დი მარია), მაგრამ ამანაც "არ იმუშავა" - ეს სამეული სულაც უბურთოდ დარჩა, "ბარსელონას" ნახევარმცველები მეტოქეს ბურთს "უგორებდნენ".

გუშინდელი "სპორტის", კატალონიური სპორტული გაზეთის პირველ გვერდზე გამოხატული იყო ხელი, რომელშიც "ჩახატულია" ანგარიში და შემდეგი სიტყვები: "სილა სახეში მოურინიოს. განადგურება და მოპოვებული ლიდერობა". სხვათა შორის, ეს ტაბლოიდი მკითხველებს მაისურების შეძენას სთავაზობს, რომელზეც ამ მატჩის ანგარიში და კადრებია გამოსახული. "მოურინიო სათადარიგოთა სკამზე იმალებოდა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ "ბარსას" დარი გუნდი ჯერ არ არსებობს", - წერს "სპორტი". 

კიდევ ერთი ბარსელონური გაზეთის, "ელ მუნდო დეპორტივოს" ყდაზე გამარჯვებული ვალდესის ფონზე დიდი 5:0-ია გამოსახული, იქვეა მოზეიმე ხელშემართული პიკე და წარწერა: "მადრიდი განადგურებულია".

აი, რას წერს "მარკა", ესპანეთის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი: "დასამახოვსერებელი სიმფონია. "ბარსამ" დაანგრია მადრიდი, ეს იყო საფეხბურთო კლასის გაკვეთილი".


ტურის სიმბოლური ნაკრები
გთავაზობთ Goal.com -ის ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომელშიც ჩემპიონატის მატჩის 4 მონაწილე მოხვდა, ცხადია ყველა ბარსელონელი. 

მეკარე: დუდუ ავატე (მალიორკა)
მცველები: კარლეს პუიოლი (ბარსელონა), ხუან ფორლინი (ესპანიოლი), გონსალო როდრიგესი (ვილიარეალი).
ნახევარმცველები: მარკოს სენა (ვილიარეალი), ჩავი (ბარსელონა), პედრო რიოსი (რეალ სოსიედადი), ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი).
თავდამსხმელები: რობერტო სოლდადო (ვალენსია), ლეო მესი (ბარსელონა), დავიდ ვილია (ბარსელონა).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული