დაბნეული განსაკუთრებული

AutoSharing Option

მოდი, ვნახოთ რა გველის ლა ლიგაში "ელ კლასიკოს" შემდეგ. თითქოს, ჩემპიონატის ინტრიგა მინავლდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია. ჩემპიონი და "კლასიკოს" ტრიუმფატორი ნავარას ეწვევა, სადაც ყოველთვის რთულია გამარჯვება. დამარცხებული და შერცხვენილი "რეალი" კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეეცდება რეაბილიტაციას, მაგრამ მეტოქე საკმაოდ ძლიერი ჰყავს - "ვალენსია". ტურის ინტრიგა ამით არ სრულდება - კვირას "ვილიარეალს" კარგი შანსი მიეცემა, "სევილიას" საჩემპიონთალიგო ამბიციები საბოლოოდ ჩაკლას, შუაღამით კი ბასკური დერბი გველის...

ტურის მატჩის გამოცნობას დიდი ცდა არ სჭირდება, ის ხელისგულზეა - "რეალი"-"ვალენსია". "სამეფო კლუბის" გულშემატკივართა მთავარი თავისტკივილი

კრიშტიანო რონალდოს კოჭი იყო. იყო იმიტომ, რომ პორტუგალიელმა მოასწრო გამოჯანმრთელება და ჟოზემ ის 20-კაციან სიაში შეიყვანა. "კრიშტიანომ ჩვეულებრივად ივარჯიშა და კარგადაა. ის ძლიერი პიროვნებაა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, მხოლოდ ძალიან სერიოზული ტრავმა თუ შეუშლის ხელს, სხვა შემთხვევაში შეუძლია ტკივილის მიუხედავად ბოლომდე დაიხარჯოს. მოკლედ, რონალდო "ვალენსიასთან" ითამაშებს", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

ტრავმების თემას ჟოზე კიდევ ერთხელ შეეხო, როცა აღნიშნა, რომ შეეგუა გონსალო იგუაინის ტრავმას - სანამ არ გამოჯანმრთელდება არ ვიწუწუნებო, ისევე როგორც მორჩილად ველი კაკას მწყობრში ჩადგომასო.

სხვათა შორის, "განსაკუთრებული" ცდილობდა ყინჩად თავის დაჭერას, მაგრამ მის მოსწრებულ ფრაზებს ლოგიკურობა აკლდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ჯერაც იმ 0:5-ზე ფიქრობდა, რომელსაც თავისი კარიერიდან ვერანაირად ჩამოირეცხავს. ბენზემა შეაქო და აღნიშნა, რომ ბოლო თამაშებში ცუდად არ უთამაშია, მაგრამ იქვე დაამატა, "ვალენსიასთან" შეიძლება ეგ კი არა მორატა ("რეალ კასტილიას" ფორვარდი) ვათამაშოო, ბოლოს კი ის დაამატა, რომ მორატა სამომავლოდ კარგი ვარიანტია, მაგრამ დღეს მას თამაშის მოგებას და გოლების გატანას ვერ მოვთხოვთო. ამ აბრაკადარბრადან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია - განსაკუთრებული დაბნეულია.

ბუნებრივია, მოურინიო ვერ აცდა უხერხულ კითხვას "ელ კლასიკოზე": "ვერ ვიტყვი, რომ ბარსელონაში რომელიმე ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო ვარ. მარსელო იმიტომ შევცვალე, რომ მან ყვითელი ბარათი მიიღო და მეტი მარცხენა მცველი გუნდში არ მყავს, იოზილიც თამაშიდან გამომდინარე შევცვალე და მას არაფერს ვერჩი. "ვალენსიასთან" ორივე ითამაშებს". დაბოლოს, ჟოზემ დისკვალიფიკაციაზეც ილაპარაკა: "უეფასგან მიღებული სასჯელი ჩემთვის მედალივითაა. მე არ შემიძლია თურმე ბურთს შევეხო, როცა სხვებს ამის უფლება აქვთ. მე არ შემიძლია გამოყოფილი ტერიტორიის დატოვება, სხვებს ამის გამო პრობლემას არავინ უქმნის. ეს უსამართლობაა, მაგრამ შევეგუე".

"რეალს" "ვალენსიასთან" მატჩში არ ეყოლება: კაკა, იგუაინი, გაგო (ტრავმები), კანალესი (მოურინიოს გადაწყვეტილება), რიკარდო კარვალიო და სერხიო რამოსი (დისკვალიფიკაციები).

"ღამურებს" კარში უჭირთ - ერთდროულად ორი გოლკიპერია დამტვრეული სესარი და მოია. ამიტომ კარში კვლავ მესამე გოლკიპერი გუაიტა ჩადგება. უნაი ემერის დააკლდებიან: მატიო, ფეგული, ფერნანდეში, თოფალი (ტრავმები), დავიდ ნავარო და ვისენტე (დისკვალიფიკაციები).

"რეალის" თემას სავარაუდო ტრანსფერით დავასრულებთ - "ვოლფსბურგმა" "სამეფო კლუბს" შეუთვალა, ედინ ჯეკო თუ გსურთ 40 მილიონი ევრო გაამზადეთო.

თუკი მოურინიოს დაბნეული ვუწოდეთ, ხოსეპ გვარდიოლას პრესკონფერენციის შემდეგ კიდევ ერთხელ ვასკვნით, რომ ის მეტად თავმდაბალი კაცია. 5:0 გამარჯვების შემდეგ ყველა ამტკიცებს, რომ ახლანდელი "ბარსელონა" ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია: "ჩვენ ვართ საუკეთესო? არა, ეს ასე არ არის. არიგო საკის "მილანი" გახსოვთ? "რეალი", როცა დი სტეფანო თYამაშობდა? ან კრუიფის "ბარსელონა"? შევწყვიტოთ ეს აბსურდული შედარება, ახლანდელი "ბარსა" არ სჯობს, რომელიმე ჩემს მიერ ჩამოთვლილ გუნდს, ახლოსაც ვერ მივა".

სხვათა შორის, "ბარსელონა" პეპს ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს უმზადებს, რათა მან ინგლისში წასვლა გულში არ გაივლოს.

პამპლონაში გვარდიოლა სრული გუნდით ჩავა, მაგრამ გაბი მილიტო ახალი გამოჯანმრთელებულია და ჯერ მზად არ არის 90 წუთი სათამაშოდ. ტრავმის გამო ლეო მესიმ ტრენაჟორების დარბაზში ივარჯიშა, მაგრამ არგენტინელი "ოსასუნასთან" ითამაშებს. "რეალი" როგორც საშიში იყო ჩვენთვის, ასეთადვე რჩება. შეიძლება, კიდევ უფრო საშიშიც გახდეს, ასე რომ, 2-ქულიანი უპირატესობა არაფერია. საჩემპიონო რბოლა გრძლდება", - აცხადებს გვარდიოლა.

დღეს კიდევ ერთი მატჩია, ექტორ კუპერის "არისისგან" ზედიზედ მეორედ შერცხვენილი "ატლეტიკო" ვალენსიაში "ლევანტეს" ეწვევა. მადრიდელებს დისკვალიფიცირებული ნახევარმცველი ტიაგო და მწვრთნელი კიკე ფლორესი ჰყავთ. დიეგო გოდინმა თირკმელის ოპერაცია გადაიტანა და, ბუნებრივია, ურუგვაელი მცველი ვერ ითამაშებს აუტსაიდერთან. ასევე ჯერ ნაადრევია მეკარე სერხიო ასენხოს დაბრუნება.

ორიოდე სიტყვა ხვალის მნიშვნელოვან მატჩებზეც ვთქვათ: "ვილიარეალს" მხოლოდ ხოან კაპდევილა დააკლდება. "სევილიას" ლაზარეთი კი გაცილებით დიდია: ხესუს ნავასი, ლუიშ ფაბიანო, ფედერიკო ფასიო, ივიცა დრაგუტინოვიჩი, ხავი ვარასი, ლაუტარო აკოსტა - ყველა ტრავმირებულია. ბასკურ დერბის "რეალ სოსიედადიდან" შესაძლოა დააკლდნენ: რაულ ტამუდო, ანტუან გრიზმანი და პაკო სუტილი. სტუმართა რიგებში საეჭვოა იგორ გაბილონდოსა და კოიკილის თამაში, ხოლო უსტარიცი და აურტენეჩე დანამვილებით შეგვძლია ვთქვათ, რომ ვერ ითამაშებენ.


დღეს
ლევანტე-ატლეტიკო 21:00
ოსასუნა-ბარსელონა 23:00
რეალი-ვალენსია 01:00


ხვალ
ალმერია-სარაგოსა 20:00
ესპანიოლი-სპორტინგი 20:00
ხეტაფე-მალიორკა 20:00
მალაგა-რასინგი 20:00
ვილიარეალი-სევილია 22:00
რეალ სოსიედადი-ბილბაო 00:00


ზეგ
დეპორტივო-ერკულესი 00:00

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 13 11 1 1 38:8 34
2. რეალი 13 10 2 1 33:11 32
3. ვილიარეალი 13 8 3 2 26:12 27
4. ესპანიოლი 13 8 1 4 15:15 25
5. ვალენსია 13 7 3 3 19:13 24
6. მალიორკა 13 6 3 4 15:13 21
7. სევილია 13 6 2 5 20:22 20
8. ატლეტიკო 13 6 2 5 22:17 20
9. სოსიედადი 13 6 1 6 19:19 19
10. ბილბაო 13 6 1 6 21:23 19
11. ხეტაფეF 13 5 2 6 19:20 17
12. ოსასუნა 13 4 3 6 12:14 15
13. ერკულესი 13 4 3 6 14:20 15
14. რასინგი 13 4 2 7 11:19 14
15. დეპორტივო 13 3 5 5 11:16 14
16. ლევანტე UD 13 3 2 8 14:23 11
17. სპორტინგი 13 2 4 7 11:21 10
18. მალაგა 13 3 1 9 15:27 10
19. ალმერია 13 1 6 6 9:20 9
20. სარაგოსა 13 1 5 7 12:23 8


ბომბარდირები: 14 - რონალდო (რეალი); 13 - მესი (ბარსელონა); 9 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 8 - ვილია (ბარსელონა), როსი (ვილიარეალი), ნილმარი (ვილიარეალი); 7 - იგუაინი (რეალი), ტრეზეგე (ერკულესი); 6 - ვალდესი (ერკულესი), ფორლანი (ატლეტიკო).

მკითხველის კომენტარები / 1 /
განსაკუთრებული არა ჩემი *** ვენგერზე რო იძახდა რაღაცეებს ჯერ იმის ნახევარი ფეხბურთელები აღზარდოს რაც იმან და მერე ილაპარაკოს,ყოველ წელს 100მილიონი სატრანსფერო ბიუჯეტით მეც მოვიგებ ესპანეთის თასს,პორტოთი როგორ მოიგო ლიგა ეგეც ემახსოვრება ხალხს კარგად
7777777
16:03 04-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული