გალისიაში მოგებული ჭადრაკი

AutoSharing Option

ალიკანტე ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთშია, ხოლო ლა კორუნია - ჩრდილო-დასავლეთში, ავტობუსით ვალენსიის მხარიდან გალისიამდე მთელი ესპანეთი უნდა გაიარო. სწორედ ამ გზის გავლა მოუწია "ერკულესს", რომელიც "დეპორტივოსთან" 0:1 დამარცხდა და გრძელ გზაზე უკან უქულოდ გაბრუნდა. ლა ლიგაში უკეთესი თამაშებიც გვინახავს, ორივე გუნდი ცდილობდა არ გაეშვა და ნაკლებ ყურადღებას უთმობდა შეტევებს. რაც ყველაზე თვალსაჩინო იყო, "დეპორტივოს" მიგელ ანხელ ლოტინას ნამუშევარი ეტყობოდა, გალისიური კლუბი ტაქტიკურ-სტრატეგიულად "ჭადრაკს" ეთამაშებოდა მეტოქეს. შამათი კი 72-ე წუთზე მასპინძელთა ტუნისელმა ლეგიონერმა ლასად ნუინუიმ ჩაუსვა "ერკულესს". 24 წლის ტანმაღალი ფორვარდი საჯარიმოს გათამაშების

შემდეგ, დიეგო კოლოტოს თავურ ჩაწოდებას თავითვე შეწვდა და ვალენსიელთა კარში ახლო მანძილიდან გაიტანა.

პირველ ტაიმში "დეპორტივო" ნაკლებად აწუხებდა "ერკულესის" მეკარე ხოსე კალატაიუდს, მასპინძლები საჯარიმოში ვერ შედიოდნენ და შორი მანძილიდან ურტყამდნენ. ალიკანტეელთაგან თავურით ნელსონ ვალდესმა შეაშინა "რიასორზე" შეკრებილი პუბლიკა, მაგრამ დანიელ არანსუბიამ იყოჩაღა. მეორე ტაიმის მე-5 წუთზე ადრიან ლოპესმა ითამაშა კარგად საჯარიმოში, მაგრამ დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა. "ერკულესმა" ამას როისტონ დრენტეს შეტევით უპასუხა, ჰოლანდიელი საჯარიმოში დიეგო კოლოტოსთან ორთაბრძოლაში წაიქცა, მაგრამ პენალტის ნაცვლად ყვითელი ბარათი დაიმსახურა... სიმულაციისთვის. ამას კი უკვე ლასადის გოლი მოჰყვა.

მიგელ ანხელ ლოტინა (დეპორტივო): "ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგითა და თამაშით. ბიჭები სერიოზულად მიუდგნენ საქმეს და 90 წუთის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ ბრძოლა. მინდა შევაქო მეტოქე, მწამს რომ ესტებან ვიგოს შრომის ნაყოფი მალე გამოჩნდება და "ერკულესი" მაღალ ადგილზე დაასრულებს ჩემპიონატს".

ესტებან ვიგო (ერკულესი): "ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ ელემენტარულმა შეცდომებმა დაგვღუპეს. წაგებას გრძელ მგზავრობას ვერ დავაბრალებ, ეს ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე დავაგროვოთ 41 ქულა".

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული