იანვარში "ვალენსიას" გამოცდილი ნახევარმცველი ვისენტე როდრიგესი კლუბს შეიცვლის, ამტკიცებს ესპანური "ლას პროვინსიასი". ვისენტეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიუღია, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშის შანსი არ მიეცა, არადა უნაი ემერიმ ლიგაზე საკმაოდ ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა. 29 წლის განაპირა ნახევარმცველმა ახალ სეზონში სულ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრების ყოფილ წევრს, ბუნებრივია, ეს არ აწყობს და სათამაშო პრაქტიკას ითხოვს. "ლას პროვინსიასი" ამტკიცებს, რომ ვისენტე მთელი სერიოზულობით განიხილავს "ერკულესის" შემოთავაზებას და იანვარში, ალბათ, კლუბსაც შეიცვლის. ეს ჩინებურლი ვარიანტი
ვისენტე 10 წლის წინათ გადავიდა "ლევანტედან" (რომელიც ასევე ვალენსიის გუნდია) "ვალენსიაში" და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. ტექნიკურ მარცხენა ნახევარმცველს ხშირად უშლიდა ხელს. ესპანეთის ნაკრებში მან 38 თამაშში 3 გოლი გაიტანა.
ჟოზეს უნდა ეტო'ო
"ელ მუნდო დეპორტივო" ავრცელებს სიახლეს, რომლის თანახმადაც ჟოზე მოურინიოს "რეალში" სამუელ ეტო'ოს ხილვა სურს. ყველამ იცის, რომ მოურინიო ფორვარდს ეძებს. ამ პოზიციაზე მას ისედაც პრობლემა ჰქონდა და გონსალო იგუაინის ტრავმამ სამომავლო ტრანსფერი აუცილებლობად აქცია. არგენტინელი იანვრის ბოლომდე ვერ დაბრუნდება, "სამეფო კლუბი" კი ქარიმ ბენზემას იმედად ვერ იქნება.
"ელ მუნდო" მიიჩნევს, რომ სწორედ კამერუნელი ფორვარდის შეძენაა "განსაკუთრებულის" პრიორიტეტი და არა მისი თანაგუნდელი "ინტერში" დიეგო მილიტოსი, რომელიც ახალ სეზონში ვერ ყოჩაღობს. რაც უნდა იყოს, მიუხედავად "რეალის" განუსაზღვრელი შესაძლებლობებისა, გვეეჭვება, მასიმო მორატი ეტო'ოს შეელიოს, თუკი "სამეფო კლუბი" არნახულ თანხას არ გაიღებს აფრიკელისთვის.
კონე მორჩა, ფაბიონაც მალე დაბრუნდება
მცირე კრიზისში მყოფ "სევილიას" ლაზარეთში ერთით ნაკლები ფეხბურთელია - კოტ დ'ივუარელმა ფორვარდმა არუნა კონემ მუხლი მოირჩინა და პირველ გუნდში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. 27 წლის კონემ მუხლი გასული სეზონის ბოლოს დაიზიანა და მას მერე არ უთამაშია. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ალბათ კონეს ახალ წლამდე არ ათამაშებს თავის დაზღვევის მიზნით. სხვათა შორის, მალე გამოჯანმრთელდება ანდალუსიელთა მთავარი დამრტყმელი ძალა, ბრაზილიელი ლუიშ ფაბიანოც.
პეპემ ხელფასი გამიოთხმაგეთო
მადრიდის "რეალი" და პორტუგალიელი მცველი პეპე ვერაფრით შეთანხმდნენ ხელფასზე და მათი მოლაპარაკებაც ახალ საკონტრაქტო ხელშეკრულებაზე, ჩაიშალა. "მარკა" წერს, რომ პეპემ "სამეფო კლუბში" დარჩენის სანაცვლოდ გუნდს წელიწადში 6 მილიონი ევრო მოსთხოვა ხელფასის სახით. ფლორენტინო პერესი რომ დათანხმებულიყო, პეპე ხელფასის ოდენობით "რეალში" მესამე იქნებოდა კრიშტიანო რონალდოსა და კაკას შემდეგ. პეპეს კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. ახლა მისი ხელფასი წელიწადში 1,8 მილიონი ევროა.