"რეალ სოსიედადის" განადგურების შემდეგ პეპ გვარდიოლა კმაყოფილი იყო გუნდის თამაშით. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ყველამ უნდა დაინახოს, რა კარგ ფეხბურთს თამაშობს "ბარსა": "მას შემდეგ, რაც ჩვენი მთავარი კონკურენტი დავამარცხეთ, ჩვენი პირველი მტერი საკუთარი სისუსტეებია, შეიძლება იფიქრო, რომ ცოტა ნაკლები ენერგიის ხარჯვითაც მიაღწევ მიზანს. ვფიქრობ, ამის საშიშროება ყოველთვის არსებობს. მაგრამ, ყოველ ჯერზე ეს ფეხბურთელები ახალ გაკვეთილს გვასწავლიან, არ მიყვარს მათი ქება-დიდება, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებენ, ყველამ უნდა გაიაზროს, რას აკეთებს ეს გუნდი - ჩვენ პრივილეგირებულნი ვართ, რომ ამ ყველაფერს ვესწრებით", -
"ბარსამ" ბოლო 7 მატჩში 28 გოლი ისე გაიტანა, ერთიც არ გაუშვია, თუმცა გვარდიოლა არ მიიჩნევს, რომ მისი გუნდი უნაკლოა: "ყველაფერი, რასაც მოედანზე ვაკეთებთ, კარგია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვუმატოთ, არის ამისი რესურსი, თუკი უფრო შევიკვრებით ერთ გუნდად. ჩემი ამოცანა კი მართლა იოლია - აღარ მჭირდება ბიჭებს რამე ავუხსნა, მათ ეს ყველაფერი უკვე იციან".
პეპი ბოლო დროს ძალზე კმაყოფილია პედროს თამაშით, ახალგაზრდა ფორვარდი მართაც შესაშურ ფორმაშია: "მიხარია, რომ "ბარსელონას" შესახებ სტატიები პედროთი არ იწყება და არ მთავრდება. ის თავის საქმეს ყოველგვარი ხმაურის გარეშე აკეთებს და სასტიკად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა".
"ბლაუგრანას" თავკაცი უკვე მომავალ დაპირისპირებაზე ფიქრობს, მატჩი კი სერიოზული ელის ჩემპიონს - ბარსელონური დერბი: "დღევანდელ "ესპანიოლს" ძალიან დიდ პატივს ვცემ. მაურისიო პოჩეტინომ დიდი საქმე გააკეთა გუნდში - "ესპანიოლი"კარგ და დინამიკურ ფეხბურთს თამაშობს. ბოლო წლებში მათთან ძალიან გვიჭირს. "ესპანიოლი" შინ დაუმარცხებელია, ალბათ ეს იქნება ჩვენი ყველაზე რთული საგარეო მატჩი".
მატჩის გმირი ლეო მესი მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" თამაში ტრიბუნებიდან ჩანს იოლად აღსაქმელი, თორემ იმ დონეზე თამაშის შენარჩუნება, როგორც "ბლაუგრანამ" "რეალ სოსიედადთან" მოახერხა, გაჭირდება. კატალონიურმა გრანდმა თავისივე მაღალ სტანდარდს გაასწრო.
"ბარსა ტვ-სთან" ინტერვიუში მესიმ თქვა: "ახლა დიდებულად ვთამაშობთ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ყოველ სეზონში სულ უფრო ვიზრდებით. პირველი გოლისას სწრაფად გავითამაშე ბურთი დანისთან, პირველი პასის შემდეგ შევატყვე, რომ დანი მომენტიდან არ გამოთიშულა. მოკლედ, კარგი კომბინაცია გამოგვივიდა. საბედნიეროდ, ყველაფერი გამოგვივიდა".
მესი დაეწია კრიშტიანო რონალდოს ბომბარდირობისთვის დავაში. ჟურნალისტი შეეკითხა არგენტინელს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის რონალდოსთან დაუსწრებელი დაპირისპირება: "გოლების გატანას, რა თქმა უნდა, ვაპირებ, მაგრამ ეს სერია, შეიძლება, ერთხელაც შეწყდეს. ეს კი ნაკლებად მაღელვებს. ჩემთვის მთავარია გუნდის ბედი".
2009 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი ამ ტიტულის მაძიებელ სამ ნომინანტთა შორისაა: "ეს პრიზი არის კლუბის აღიარება. იმიტომ, რომ მხოლოდ ის ფეხბურთელი გაიმარჯვებს, რომლის კლუბიც წარმატებულია. ჩვენ კი უკვე გავიმარჯვეთ. ახლა კიდევ დიდი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენ სამეულში ვის შეხვდება "ოქროს ბურთი", "ბარსელონამ" ის უკვე მოიგო".
მესი, გვარდიოლასი არ იყოს, კარსმომდგარ დერბის უფრთხის: "ბოლო სეზონებში "ესპანიოლთან" ძალიან გვიჭირს. ახლა კიდევ უფრო რთული იქნება მათთან თამაში, რადგან მეტოქე კიდევ უფრო ძლიერია. მაგრამ, მაინც მგონია, რომ ჩვენ შევძლებთ სამი ქულის მოპოვებას და ისეთი თამაშის ჩვენებას, როგორიც გულშემატკივარს ბოლო შეხვედრაში შევთავაზეთ".
მესი ჩემპიონთა ლიგის მომავალ ბატალიებზეც საუბრობს: "სავარაუდო მეტოქეებიდან ვერავის გამოვარჩევ, თითოეული გუნდი სერიოზულ წინააღმდეგობას გაგვიწევს. ასე რომ, ვისაც კენჭისყრა შეგვახვედრებს, იმ გუნდთან თამაშისთვის მოვემზადებით სერიოზულად. მანამდე კი ერთს ვიტყოდი, ყველაზე ნაკლებად იტალიელებთან დაპირისპირება მსურს, მწვრთნელს კი - ფრანგებთან".
ბოიან კრკიჩი: "ახლა მართლაც საოცრად ვთამაშობთ. მთელი სეზონი ამ ფორმის შენარჩუნება გაგვიჭირდება. გოლის მომენტი ასე დამამახსოვრდა - ბურთი მოვიპოვე დე მეკარესთან პირისპირ გავედი. გახარებული ვარ, რადგან გოლის გატან ყოველთვის ბედნიერებას მანიჭებს. შემდეგი მეტოქე ძლიერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ესპანიოლთან" დიდებული დერბი გველის".
ანდრეს ინიესტა: "ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფორმის სეზონის ბოლომდე შენარჩუნებაა - ძნელი იქნება. გოლის გატანა ყოველთვის მსიამოვნებს, ისევე როგორც ნებისმიერი ქმედება მინდორზე, რომელიც გუნდს წარმატებას მოუტანს. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჯანმრთელად ვარ - 15-ივე მატჩი სასტარტოში დავიწყე. ჩემთვის ეს დიდებული მიღწევაა. ვფიქრობ, მწვრთნელის წყალობით კიდევ გავიზრდები, როგორც ფეხბურთელი - მომავალში, შეიძლება, უკეთესი ანდრეს ინიესტა იხილოთ".
ჩავი: "ამ კლუბში ბევრი სეზონი გავატარე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ძლიერი "ბარსელონა" არასოდეს ყოფილა. დიდი ფუფუნებაა დღევანდელი "ბარსელონას" წევრობა და პრივილეგია. ბიჭები თავს ბრწყინვალედ გრძნობენ გუნდში, მათ უხარიათ მინდორზე გასვლა. გუნდს კიდევ მეტი სურს და არ იღლება ტიტულების მოპოვებაში. "ესპანიოლს" ვუფრთხით, მათ შინ ქულები არ დაუკარგავთ და აგრესიულ თამაშს შემოგვთავაზებენ. მათ ახალ სტადიონზე ჯერ ხომ არ მოგვიგია".
ახლა ცოტაოდენი სტატისტიკაც:
"ბარსელონამ" მეტოქის კარში ხუთი გოლი ამ სეზონში მეხუთედ გაიტანა: ჩემპიონთა ლიგაზე "პანათინაიკოსთან", "სამეფო თასზე" "სეუტასთან" და ლა ლიგაში "სევილიასა" და "რეალის" წინააღმდეგ.
გასულ სეზონში სულ სამი ასეთი შემთხვევა იყო: "ატლეტიკოსთან", "სარაგოსასთან" და "ლეონესასთან".
მესიმ სეზონში მე-5 დუბლი შეასრულა.
ამ მატჩში "ბარსამ" პასებში სეზონის რეკორდი დაამხო: "სოსიედადთან" 1001 პასი გააკეთა, აქედან 896 ზუსტი იყო.
დანი ალვეში იყო მატჩის ყველაზე აქტიური მოთამაშე - 154 შეხება ბურთთან. ყველაზე მეტჯერ "ბარსას" ბურთი აბიდალმა (11) და პუიოლმა (10) მოუპოვეს.
მესის სამი გოლიღა რჩება ეტოოს რეკორდამდე - 108 გოლი ლა ლიგაში "ბარსელონას" მაისურით. მესიმ კარიერაში პირველად გაიტანა "რეალ სოსიედადის" შემდეგ. ახლა მხოლოდ ერთი გუნდია პრიმერაში, რომლისთვისაც მესის გოლი არ გაუტანია - "ერკულესი".
ვალდესი და ინიესტა "ბარსას" ორადორი ფეხბურთელია, რომლებმაც 15-ივე თამაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
ზუსტად ერთი თვეა "ბარსას" გოლი არ გაუშვია, სამაგიეროდ 28 გაიტანა. ბოლო გოლი ვალდესმა 13 ნოემბერს ნილმარისგან გაუშვა. ვალდესის მშრალი სერია უკვე 604 წუთი გრძელდება.
ტრიუმფული მოგების შემდეგ "ბარსელონა" გუშინ მაინც გამოვიდა სავარჯიშოდ. ოღონდ ეს იყო მცირე აღდგენითი ვარჯიში. მონაწილეობა სულ 25-მა ფეხბურთელმა მიიღო ჟოან გამპერის სახელობის ბაზაზე პირველი გუნდის ყველა წევრმა ივარჯიშა, მათ შორის ჟეფრენ სუარესმა და გაბრიელ მილიტომ. ჟეფრენი ფაქტობრივად გამოჯანმრთელდა, არგენტინელი მცველი კი ახლოსაა ამასთან. გვარდიოლამ ვარჯიშზე ბ გუნდის 6 წევრს დაუძახა, თუმცა ტიაგო ალკანტარას უკვე ძნელად თუ ეთქმის სარეზერვო გუნდის წევრი, ბოლოს სულ მთავარ გუნდთან ვარჯიშობს.