აქედან იწყებოდა მესი, ჩავი და ინიესტა

AutoSharing Option

წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ესპანეთი ორ ნაწილად გაიყო. ერთნი ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ სამხრეთაფრიკული ტრიუმფი ნაკრების კატალონიური უმრავლესობის - ხერარდ პიკეს, კარლეს პუიოლის, ჩავის, ანდრეს ინიესტას, ვიქტორ ვალდესის, პედროს დამსახურება გახლდათ. ესპანეთის ჩრდილოეთი ნაწილის აზრით, სწორედ ამ ფეხბურთელებმა შეიტანეს ყველაზე დიდი წვლილი ტიტულის მოპოვებაში. ჰოლანდიასთან ფინალური მატჩის შემდეგ ფანები ტრადიციული კასტილიური Viva Espana!-ს ნაცვლად, კატალონიურ მანერაზე Visca Barca-ს მღეროდნენ და "ბარსელონას" დროშებს აფრიალებდნენ.

მათი ლოიალურად განწყობილი მეზობლები კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისტორიული ტრიუმფი, მთელი ქვეყნის დამსახურებაა - არა მხოლოდ ბარსელონასი,

არამედ მადრიდის, ვალენსიასი, ბილბაოსი, სან სებასტიანის... კასტილიური წითელ-ყვითელი დროშის ქვეშ გაერთიანება - აი, რა იყო ლოიალისტების მთავარი თეზისი. მაგრამ მათი არგუმენტები კატალონელების არგუმენტების წარმოდგენის შემდეგ იმსხვრეოდა. ვინმე უარყოფდა იმას, რომ ესპანეთი სამხრეთ აფრიკაში "ბარსელონასთვის" დამახასიათებელ ფეხბურთს თამაშობდა?

ესპანეთის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები საფეხბურთო აკადემია La Masia-ში არიან აღზრდილები, რომელიც ლეგენდარული ჰოლანდიელის, იოჰან კრუიფის ინიციატივით არის შექმნილი.

ყველაფერი ასე დაიწყო: 1954 წელს "ბარსელონამ" მომავალი "ნოუ კამპის" არქიტექტორებისთვის სახელოსნოდ ძველი შენობა შეიძინა, რომელიც ფერმერის სახლს ჰგავდა (La Masia - სწორედ ასე ითარგმნება  "ფერმერის სახლი"). "ნოუ კამპი" აშენდა, არქიტექტორები სხვა სამუშაოზე გადავიდნენ, სახლი კი კლუბის შტაბბინად გადაკეთდა. ამ სტატუსით სოფელმა La Masia-მ 1966-79 წლებში იარსება, სანამ ჰოლანდიელმა ნოვატორმა იოჰან კრუიფმა კატალონიაში ჰოლანდიური გამოცდილების გადმოღება და "აიაქსში" არსებული იუნიორთა აკადემიის მსგავსი სასწავლებლის ჩამოყალიბება არ შესთავაზა. ამ იდეას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ და მალე სრული დატვირთვით ამუშავდა საფეხბურთო "ფაბრიკა", რომლის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული გახდა ხოსეპ გვარდიოლა.
რა თქმა უნდა, მუშაობა გაგრძელდა და ყოველი კურსის დასრულების შემდეგ მსოფლიო ახალ ვარსკვლავებს იღებდა. რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩდნენ: ლუის გარსია, პუიოლი, ტიაგო მოტა, ჩავი, ინიესტა, ვალდესი, ლიონელ მესი, ბოიან კრკიჩი, პედრო... საერთო ჯამში, La Masia-მ 400 პროფესიონალი ფეხბურთელი მოამზადა.

რა თქმა უნდა, ყველა ვარსკვლავი ვერ გახდება, მაგრამ სხვა აკადემიებისგან განსხვავებით, მაღალი კლასის ფეხბურთელთა აღზრდის პროცენტი ძალიან მაღალია. ხოლო ისინი, ვინც სპორტში საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებს, ცხოვრებაში არ დაიკარგება - La Masia უდიდეს ყურადღებას აქცევს საერთო განათლებას.

რა კრიტერიუმებით არჩევენ "ბარსას" სელექციონერები ნიჭიერ ფეხბურთელებს? რა თქმა უნდა, ეს საიდუმლოა. მაგრამ, როგორც აკადემიის დირექტორი კარლეს ფოლგერა ამბობს, პირველ რიგში ყურადღება ექცევა ადამიანურ თვისებებს: "მთავარია ბიჭებს ესმოდეთ, რას ნიშნავს ერთმანეთის გვერდით დგომა და მეგობრობა. სწორედ ამაზე და არა მათ ბუნებრივ მონაცემებზეა დამოკიდებული მათი მომავალი".

ყოველ წელს ათასობით 6-8 წლის  ბიჭი ცდილობს აკადემიაში მოხვედრას. იღებენ 200 საუკეთესოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი "ბარსელონას" ნაწილად იქცნენ. ბავშვები ფასიან ჯგუფებში ირიცხებიან და მათ ცხოვრებაზე მშობლები ზრუნავენ. 11-13 წლის ასაკში ცხადი ხდება, შეძლებს თუ არა ესა თუ ის ბიჭი ფეხბურთელად ჩამოყალიბებას. ვისაც ასეთი პერსპექტივა არ აქვს, შეუძლია გააგრძელოს აკადემიაში ჩვეულებრივი სასკოლო განათლების მიღება და ფეხბურთში საკუთარი სიამოვნებისთვის იმეცადინოს ან სხვა სასწავლებელში გადავიდეს. დანარჩენებისთვის ყველაზე საინტერესო სწორედ აქედან იწყება - La Masia-ში მეცადინეობა. ისინი უკვე "ბარსელონას" იუნიორთა გუნდის წევრებად მიიჩნევიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ხარჯს კლუბი თავის თავზე იღებს. "ყველაფერს ჩვენ ვაფინანსებთ: ცხოვრებას, კვებას, მასწავლებლებს, წიგნებს. გარდა ამისა, მოსწავლეები ჯიბის ფულს იღებენ, რაც მინიმალური გართობისთვის არის საკმარისი: ტკბილეულობა, გამაგრილებელი სასმელი", - ამბობს ფოლგერა.

დღეს აკადემიის "ძირითად შემადგენლობაში" დაახლოებით 60 ადამიანია. 12 მათგანი La Masia-ს მთავარ შენობაში ცხოვრობს, დანარჩენები - იქვე მდებარე სახლებში. ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა - მინდვრები, სპორტული დარბაზი, აუზი, ბიბლიოთეკა, სიტუაცია კი სრულიად მარტივია. არანაირი ცალკე საძინებლები - მომავალი ფეხბურთელები დიდ საერთო ოთახებში ცხოვრობენ. სულ ოთხი ასეთი ოთახია.

ბარსელონას აკადემიის სპარტანულ წესებზე ლეგენდები დადის. თუმცა მათ აღსაზრდელებს მკაცრი წესების გამო არასოდეს დაუჩივლიათ.

აი, როგორ გამოიყურება "ბარსელონას" 13-14 წლის ფეხბურთელის ჩვეულებრივი დღე (სწორედ ამ რეჟიმით ცხოვრობდნენ ინიესტა, ჩავი თუ მესი):

7:00. ადგომა.
7:30. საუზმე.
8:00. ავტობუსით ქალაქის ზოგადსაგანმანათლებო სკოლაში გამგზავრება.
14:00. სკოლიდან დაბრუნება. სადილი.
14:30. სადილის შემდეგ დასვენება. საშინაო დავალების მომზადება.
16:00-18:00. ვარჯიში.
18:30. სპორტული დარბაზი ან სარეაბილიტაციო პროცედურა.
21:00. ვახშამი.
22:00. დასაძინებლად წასვლა. კიდევ ერთი საათი შესაძლებელია წიგნის კითხვა, ფლეერით მუსიკის მოსმენა ან სკოლისთვის მომზადება. ამის შემდეგ შუქი ქვრება...

აკადემიის ბოლოს კურსდამთავრებულები გახდნენ "ბარსელონა B"-ს ახალგაზრდა ფეხბურთელები: ბრაზილიელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა - მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონის, მაზინიოს ვაჟი, ისრაელელი ფორვარდი გაი ასულინი და ცენტრალური მცველები - მარკ მუნიესი და მარკ ბარტრა. პეპ გვარდიოლა მათ დროდადრო იწვევს ძირითად შემადგენლობაში. მხოლოდ აღიარებული ვარსკვლავების მხარდამხარ თამაშით იზრდებიან დიდი ფეხბურთელები.


ბარსელონა ექსპორტზე
მოკლედ, როგორც ოცი-ოცდაათი წლის წინ მსოფლიო მოხიბლული იყო "აიაქსის" საფეხბურთო აკადემიით, ახლა საფეხბურთო სამყარო აღფრთოვანებას ვერ მალავს "ბარსელონას" სკოლის მუშაობით. ზოგიერთმა კი კატალონელთა მიბაძვაც დაიწყო, მაგრამ ეს გზა ყოველთვის არ ამართლებს.

ასე მაგალითად, 1998 წელს კირკბიში "ლივერპულმა" ინგლისში პირველი საფეხბურთო აკადემია გახსნა, რომელიც ახალი პრინციპით მოქმედებდა. რაღაც "აიაქსიდან" აიღეს, რაღაც - "ბარსელონადან" და ორგანიზატორთა ჩანაფიქრით უნდა გამოსულიყო ინგლისური კოლორიტით გაჯერებული ესპანურ-ჰოლანდიური ნაზავი, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში "ლივერპულის" შემადგენლობაში კირკბის ვერც ერთმა აღზრდილმა ვერ დაიმკვიდრა ადგილი და აკადემიის იდეოლოგები მიხვდნენ, რომ საჭირო გზით ვერ წავიდნენ.
ახლა ლივერპულური აკადემია მთლიანად ბარსელონურ რელსებზე გადადის - ყველაფრის კოპირებას აკეთებს, სასადილოს მენიუსაც კი. ეს გარდასახვა, როგორც მიხვდით, ესპანელი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის დროს მოხდა. რა თქმა უნდა, ბევრს ეჭვი ეპარება იმაზე, La Masia-ის სრული ასლი მოიტანს თუ არა იგივე შედეგს, მაგრამ "ლივერპულში" ამის დიდი იმედი აქვთ.
თავად კატალონიელები მსგავს "პლაგიატს" მშვიდად უყურებენ - როგორც ჩანს, მათ აქვთ რაღაც საიდუმლო, რომლის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ასეთი ფენომენალური შედეგების მიღწევა. შეიძლება ამიტომაც, La Masia-ს ჯერ არ გაუხსნია არც ერთი ოფიციალური ფილიალი ევროპაში. რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოში?

როცა ლიონელ მესი (აკადემიის კიდევ ერთი კურსდამთავრებული) ყოველწლიურად უმატებდა თამაშს, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ჩაფიქრდა: რატომ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ ესპანეთით? საერთო ჯამში, მხოლოდ იღბალის წყალობაა, რომ არგენტინელი მესი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა. ვინ იცის, კიდევ რამდენიმე გაუხსნელი ტალანტი იმალება ბუენოს-აირესისა და ლა პლატას ეზოებში?

კითხვები უპასუხოდ არ დარჩენილა და 2007 წელს "ბოკა ხუნიორსის" საწვრთნელი ბაზა - La Candela, რომელშიც თავის დროზე დიეგო მარადონა ვარჯიშობდა, "ბარსელონას" საკუთრება გახდა. დღეს მას La Masia in Buenos-Aires ჰქვია - ბარსელონას აკადემიის ერთადერთი უცხოური ფილიალი.

პაბლო ფორტე - პროფესიული სკაუტია. ის და კიდევ სამი ადამიანი "ბარსელონას" სპეციალურად ჰყავს გაგზავნილი ბუენოს-აირესში La Candela-ში საწვრთნელი პროცესის ორგანიზაციისთვის. ფორტე დაკავებულია მთელს არგენტინაში ნიჭიერი ბიჭების შეგროვებით. ამბობენ, რომ ამ ადამიანს ინტუიციის დონეზე შეუძლია გაარკვიოს - გამოვა თუ არა ამა თუ იმ ბიჭისგან რამე. ამისთვის მას მხოლოდ 10 წუთი სჭირდება. "თავიდანვე ჩანს, როგორ ეპყრობა ბურთს. კოორდინაცია, პლასტიკა, საერთო ფიზიკური მომზადება ყველას სხვადასხვა აქვს. თუმცა ხასიათის თავისებურებების გარკვევაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას უფრო დიდი დრო სჭირდება. აქ იღბალსა და ინტუიციაზე ხარ მინდობილი", - ამბობს ფორტე.

პირველი შემოწმების შემდეგ, მოწონებულებს დამატებით გამოცდას უწყობენ. აქ ბურთის კენწვლა და ბანალური ორმხრივი თამაში არ არის აქტუალური. მწვრთნელები ბავშვებს რეაქციაზე ვარჯიშებს, გადაწყეტილების მიღების სისწრაფეს, ინტელექტის გამომჟღავნებას სთავაზობენ. ისინი, ვისაც ფორტე თავის მახვილ თვალს დაადგამს, აკადემიაში მიწვევას იღებენ.

La Candela-ში მოხვედრილთაგან მხოლოდ ორი პროცენტი გახდება პროფესიული ფეხბურთელი. მანამდე კი არგენტინის იუნიორთა ლიგაში მოთამაშე "ბარსელონას ხუნიორსის" განაცხადში 200 მოთამაშე ირიცხება. ორი-სამი წლის შემდეგ ისინი აკადემიაში გარკვეულ დონეს აღწევენ, რითაც არგენტინის პირველი დივიზიონის კლუბების ყურადღებას იპყრობენ. ამ გუნდებთან "ბარსელონას" განსაკუთრებული ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული - კლუბები მოთამაშეების სანაცვლოდ არაფერს იხდიან, მაგრამ სატრანსფერო უფლება კატალონიელებს ეკუთვნით.

რა უნდა უქნან დანარჩენ 98 პროცენტს? "ეს პრობლემა არ არის, - ამბობს ფორტე - La Masia-ც და La Candela-ც თავის აღსაზრდელებს სრულფასოვან ზოგად განათლებას აძლევს და თუ ფეხბურთში არაფერი გამოუვათ, ცხოვრებისგან გარიყულები არ დარჩებიან".
პირველ არგენტინელ "მერცხლებს" "ბარსელონაში" უკვე მომავალ წელს ელიან.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული