ატლეტიკო ბრაზილიიდან ივსება

AutoSharing Option

"არენა სპორტ ტვ" ამტკიცებს, რომ სულ მალე ევროპის ლიგის პირველი გამარჯვებული ახალ ფეხბურთელს შეიმატებს - ბრაზილიური "სან პაულუდან", 26 წლის მცველი მირანდა პრიმერაში ცდის ბედს. ჟოაო მირანდა დე სოუზა ფილიო ცენტრალური მცველია, მან კერიერა "კორიტიბაში" დაიწყო, 2005 წელს კი ფრანგულ "სოშოში" გადავიდა. ლიგა 1-ში ერთი სეზონი გაატარა და ისევ ბრაზილიაში, ოღონდ "სან პაულუში" გადავიდა და გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მირანდა პირველად შარშან კონფედერაციის თასზე მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში და მას შემდეგ "სელესაოს" რიგებში 6 მატჩი ჩაატარა.

ჯერჯერობით არც მირანდას

სატრანსფერო თანხაზე თქმულა რამე და არც "ატლეტიკოს" დაუდასტურებია ეს სიახლე, თუმცა ამას სულ მალე უნდა ველოდოთ. წლეულს "ატლეტიკო" არასტაბილურად ასპარეზობს ჩემპიონატში, რაც მადრიდული კლუბის დაცვის სუსტი თამაშის ბრალია. დაცვის ცენტრში უფრო ხშირად დიეგო გოდინისა და ალვარო დომინგესის წყვილი თამაშობს ხოლმე. "ატლეტიკო" მე-6 ადგილზეა, მაგრამ ლიდერ "ბარსელონას" უკვე 17 ქულით ჩამორჩება. მირანდას შეძენა "ბაიერნს", "ლაციოსა" და "მილანსაც" სურდათ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ატლეტიკომ" ბრაზილიის ჩემპიონატიდან 25 წლის ნახევარმცველი ელიას მენდესი დაიმატა. არც ეს ტრანსფერი დაუდასტურებიათ "ატლეტიკოში" ოფიციალურად, თუმცა ტრანსფერის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა საჯაროდ და მას "კორინთიანსში" დიდი გაცილებაც მოუწყვეს. მადრიდელებმა კი ელიასის განცხადება არც დაადასტურეს, მაგრამ არც უარყვეს. ელიასი "ატლეტიკოში" 7 მილიონ ევროდ გადადის. "ატლეტიკოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით პორტუგალიელი სიმაო საბროსა დატოვებს, რომელიც "ბეშიქთაშში" გადადის. 

იანვრის მოახლოებასთან ერთად სატრანსფერო ჭორ-მართალი ჩვენი მთავარი თემაც გახდება, ახლა კი სულ რამდენიმე სავარაუდო ტრანსფერის კონტურებია გამოხატული. ყველაზე მთავარი და ყველაზე განსაზღვრული იბრაჰიმ აფელაის გადასვლაა "ეინდჰოვენიდან" "ბარსელონაში". კლუბები უკვე შეთანხმდნენ, 23 დეკემბერს ჰოლანდიელი ბარსელონაში ჩავა და ინდივიდუალურ კონტრაქტზეც შეუთანხმდება მსოფლიო ფეხბურთის გრანდს, 24-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ასე რომ, ჩავთვალოთ, რომ ლა ლიგის ზამთრის სატრანსფერო სეზონის პირველი შენაძენი 24 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, "ბარსელონას" აფელაი ძვირი არ დაუჯდება - სულ 3 მილიონი ევრო.

"მალაგამ" იტალიელი ენცო მარესკა დეკემბრის პირველ ნახევარში დაიმატა, როგორც "თავისუფალი აგენტი", მას თამაშის უფლება იანვრიდან ექნება. "მალიორკა" კი იაპონელი აკიჰირო იენაგას ("გამბა ოსაკა") სანაცვლოდ არაფერს გადაიხდის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული