ნოტებზე აწყობილი თამაში

AutoSharing Option

ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას მერე, რაც "ბარსელონამ" საოცარი რეკორდი დაამყარა - წელიწადში 6 ტიტული მოიგო. მაშინ ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა 2009 წელი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებით დაასრულა. წლევანდელი მონაგარი? "მხოლოდ" ორი ჯილდო - ესპანეთის ჩემპიონობა (სარეკორდო 99 ქულით) და სუპერთასი. მაგრამ ვის მოუბრუნდება ენა და იტყვის, რომ კატალონიური გუნდი ისე ვერ ბრწყინავს? მეტიც, სპეციალისტთა და გულშემატკივართა საყოველთაო შეფასებით, ამ შემოდგომის "ბარსა" ყველა დროის ყველაზე ძლიერი გუნდია.

დანი ალვეში მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" შესაძლებლობების ზეზღვარს ჯერ არ მიუღწევია და მომატება კიდევ შეუძლია:

"ამ გუნდს კიდევ მეტის მიღწევა შეუძლია. გახსოვთ ალბათ, რომ სეზონის დასაწყისში თითოეული გამარჯვება დიდი ჯაფის ფასად მოგვდიოდა, ახლა კი დიდებულ ფორმაში ვართ. მთავარია, ეს დამოკიდებულება შევინარჩუნოთ საქმისადმი და კიდევ უკეთ ავთამაშდებით", - აცხადებს ბრაზილიელი მცველი, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკთან" სამშაბათის მატჩზე ფიქრობს: "ამ დღეს ყველაფერი არ დამთავრდება, იმდენად საინტერესო წყვილია, რომ პირველივე მატჩში არაფერი გადაწყდება. მართალია, მეტოქეს არ ეყოლება ფერნანდო ლორენტე და ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ "ბილბაო" გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი კარგი ფორვარდი".

დანი ლამის ერთადერთი ბარსელონელია, რომელმაც "ოქროს ბურთის" ნომინანტ თანაგუნდელებს შორის, ერთ-ერთი გამოარჩია და ხმამაღლა განაცხადა, რომ პრიზი ჩავის ეკუთვნის. ბრაზილიელს საკმაოდ საღი მიზეზი მოჰყავს თავისი არჩევნის გასამართლებლად: "ინიესტა და მესი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, მათ კიდევ ბევრჯერ მიეცემათ საამისო შანსი, ამიტომ პრიზი ჩავის ეკუთვნის".

ამასობაში, იბრაჰიმ აფელაი ოფიციალურად დაემშვიდობა "ეინდჰოვენის" ფანებს. ერედივიზიეს მატჩში, რომელშიც პსვ-მ 3:1 მოუგო "როდას" აფელაი 87-ე წუთზე შეცვალეს. ის სტადიონმა ოვაციებით გააცილა. "მადლობა ყველას იმ წლებისთვის, რაც პსვ-ში გავატარე", - განუცხადა პუბლიკას 24 წლის ფეხბურთელმა, მას შემდეგ, რაც სტადიონს საპატიო წრე დაარტყა. აფელაი 23 დეკემბერს კონტრაქტის შესათანხმებლად ბარსელონაში ჩავა.

მოკლედ, სანამ სუპერფორმაში მყოფი "ბარსელონა" დამსახურებულ საშობაო არდადეგებზე გავა, ერთ მატჩსაც გამართავს - დღეს "სამეფო თასზე" "ბლაუგრანა" "კამპ ნოუზე" "ბილბაოს" მასპინძლობს. შემდეგ "ბარსა" მთელი შემადგენლობით ერთკვირიან შვებულებაში გავა, წინასაახალწლოდ კი ისევ შეიკრიბება "ლევანტესთან" მატჩისთვის მოსამზადებლად.

კატალონიური დერბი "ბარსელონამ" თავის სტილში მოიგო - "ესპანიოლს" ხუთი გოლი გაუტანა. ამით გუნდმა ლა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - 10 გამარჯვება ზედიზედ სტუმრად. ეს სერია გასულ სეზონში "ვილიარეალის" რბევით (4:1) დაიწყო. 10 მატჩში კატალონიელებმა 36 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 7 გაუშვეს. ყველაზე მეტად საგარეო გამარჯვებებში თავი ლეო მესიმ გამოიჩინა (11 გოლი), შემდეგ მოდიან: პედრო (6), კრკიჩი (4) და ვილია (4). ყველაზე დიდი ანგარიშით "ბარსამ" სტუმრად "ალმეირა" დაამარცხა - 8:0. ამით გვარდიოლას ბიჭებმა ელენიო ერერას გუნდის 1959 წლის მიღწევა გაიმეორეს, როცა "ბარსამ" ასეთივე ანგარიშით "ლას პალმასი" შეარცხვინა.

"ბარსას" საფეხბურთო სკოლა "ლა მასია" ახლა საქვეყნოდ ცნობილია, ამ აკადემიამ ძალიან ბევრი ვარსკვლავი გაუზარდა პირველ გუნდს. სხვას რომ ყველაფერს თავი გავანებოთ, "ოქროს ბურთის" სამი მოცილე "ლა მასიას" არღზრდილია. ამჟამად "ბლაუგრანას" პირველ გუნდში 19 ფეხბურთელი ირიცხება და აქედან უმეტესობა (10) "ლა მასიას" სკოლადამთავრებულია: ვალდესი, პიკე, პუიოლი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, მესი, ჟეფრენი და კრკიჩი.

გუშინ ერთ-ერთმა მათგანმა კლუბთან ხელშეკრულება გააგრძელა - ლაპარაკია, 20 წლის ბოიან კრკიჩზე. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ "ლა მასია" ბევრ ტალანტს უზრდიდა და უზრდის კლუბს, თავდამსხმელის პოზიციაზე უმთავრესად მოწვეული ფეხბურთელები თამაშობდნენ "ბარსაში". ბოიანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეს ტრადიცია დაარღვია. ფეხბურთელი, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, უკვე პირველ გუნდში 146 მატჩით და 38 გოლით დაიკვეხნის. ბოიანმა ახალი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და "ბარსელონაში" კიდევ 5 სეზონს დარჩება - 2015 წლამდე. ახლა იმ კლუბმა, რომელიც 2015 წლამდე კრკიჩის შეძენას მოინდომებს, "ბარსას" 100-მილიონევროიანი ჩეკით უნდა მიაკითხოს. ახალგაზრდა შემტევს ხელშეკრულება 2013 წელს უმთავრდებოდა, თუმცა ყველა მოელოდა, რომ ბოიანი ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს დათანხმდებოდა. ბოიან კრკიჩი "ბარსელონაში" 11 წლის ასაკში მივიდა.

კრკიჩი "ბარსელონას" ისტორიაში მესამეა მათ შორის, ვისაც ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში ჰქონდათ დებიუტი გუნდში, თუმცა ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდამ გაიტანა გოლი - მაშინ 17 წლისა და 51 დღის იყო. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბოიან კრკიჩი მეორე ადგილზეა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე.

გუშინ "ბარსელონას" ერთი, ჩვეულებრივი ვარჯიში ჰქონდა, გუნდი ბოლო რეპეტიციას გადიოდა "ბილბაოსთან" დაპირისპირების წინ. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშზე გვარდიოლას აკლდა, ლეო მესია. არგენტინელი ტრენაჟორების დარბაზში ინდივიდუალური წესით ემზადებოდა. არა გვგონია, მესის ტრავმა ჰქონდეს. უბრალოდ, პეპი მას ასვენებს და ალბათ არც თასზე სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ. დანარჩენ 16-თან ერთად ირბინეს გაბრიელ მილიტომ და ჟეფრენმა, თუმცა უფრო სერიოზული ვარჯიშებისას ჟეფრენი პირად მწვრთნელთან ერთად დარჩა, არგენტინელმა კი მხოლოდ ვარჯიშების ნაწილში მიიღო მონაწილეობა. კვირას პეპმა სარეზერვო გუნდიდან 8 ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა უკვე გუშინ მათგან მხოლოდ ტიაგო ალკანტარა დატოვა.

გვარდიოლას მთავარი საფიქრალი ახლა დერბიში ბრწყინვალე გამარჯვებით გამოწვეული ეიფორიის გაფანტვაა. მწვრთნელს მართებულად მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩება სეზონის დასრულებამდე და რაიმე სახის ზეიმი, ნაადრევია: "კომპლიმენტები გვახარებს, ამისთვის მადლობა, მაგრამ სამშაბათს, რომ ფეხი დაგვიცდეს, ერთი ტურნირიდან გამოვვარდებით. ახალ-ახალი გამარჯვებები გვჭირდება, რომ ახალ-ახალი კომპლიმენტები დავიმსახუროთ. ვფიქრობ, ზოგიერთ ასპექტში თამაშის გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია. ბასკებს არ ეყოლებათ ფერნანდო ლორენტე. ეს ჩვენს ამოცანას აიოლებს, თუმცა მათ სხვა ვარსკვლავებიც ჰყავთ და ბოლო მატჩში ფერნანდოს გარეშეც გავიდნენ ფონს. ვიცი, "ატლეტიკთან" გაგვიჭირდება, როგორც ყოველთვის", - ბოლოს კი პეპმა პედრო შეაქო: "დიდებული ახალგაზრდა ფეხბურთელია, მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ "ბარსელონას" პრობლემები შეტევაში მოაგვაროს". 

პეპმა ტყუილად არ შეაქო პედრო როდრიგესი. ბოლო დროს პედრო მართლაც მაგარ ფორმაშია, რასაც თავადვე ადასტურებს: "ესპანიოლთან" ჩემი საუკეთესო მატჩი ვითამაშე კარიერაში. თამაშის შემდეგ გამარჯვებით გახარებული ვიყავი, ორმაგად კი ის მიხაროდა, როგორ კარგად აეწყო "კორნელია ელ-პრატზე" ჩემთვის ყველაფერი. ნოემბერში მიჭირდა გატანა, ახლა კი თავს საუცხოო ფორმაში ვგრძნობ. მოედანზე, ასე მგონია, ყველაფერს შევძლებ. სხვათა შორის, ეს შეგრძნება მარტო მე არ მაქვს გუნდში - "ბარსელონა" ახლა საუკეთესო ტონუსშია", - განუცხადა "ელ მუნდო დეპორტივოს" 23 წლის თავდამსხმელმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული