ლა ლიგა: ბოლო ტურის ვარსკვლავები

AutoSharing Option

თქვენს წინაშეა ლა ლიგის 2010 წლის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები (Goal.com), რომლის შედგენისას 3-5-2 ტაქტიკური სქემაა გამოყენებული. დიდი ხანია, ტურის სიმბოლურ ნაკრებში ამდენი ესპანელი არ მოხვედრილა - მე-16 ტურის რჩეულთა შორის უმრავლესობა ადგილობრივი ფეხბურთელია - 6. ამჯერად, სულ 2 არგენტინელი გამოარჩიეს, მათზე მეტი პორტუგალიელია - 3.  

მეკარე
რიკარდო (ოსასუნა): პამპლონაში, ყველასთვის მოულოდნელად, აუტსაიდერმა "სარაგოსამ" ბრწყინვალედ ითამაშა და ნავარულ ტრიუმფსაც მიითვლიდა, რომ არა "როხილიოსის" გამოცდილი გოლკიპერი.

მცველები
ლორა (სპორტინგი): ხიხონელებმა გალისიაში ლორას საგოლე პასის წყალობით (გოლი დიეგო კასტრომ გაიტანა) ქულა მოიპოვეს.

პეპე (რეალი): პორტუგალიელი მცველის ანგარიშზე ორი ფანტასტიკური ეპიზოდია, როცა პირველ ტაიმში "რეალი" ორი აშკარა გოლისგან იხსნა. მას შემდეგ, რაც რიკარდო კარვალიო გააძევეს, დაცვის ხაზის ლიდერობა იტვირთა და გუნდს რიცხობრივი უმცირესობა არ აგრძნობინა.
ალვარო დომინგესი (ატლეტიკო): ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრს რამდენიმე ევროპული გრანდი ეპატიჟება, მათ შორის - მიუნხენის "ბაიერნი". დაცვაში კარგად გაისარჯა და თავურით გოლიც შეაგდო.

ნახევარმცველები
ტიაგო (ატლეტიკო): "მალაგასთან" "ატლეტიკომ" სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. "ჩელსისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა პლეიმეიქერმა ცენტრიდან ორი შეტევა წამოიწყო და ორივე გოლით დააგვირგვინა, ტიაგოს ანგარიშზე ერთი საგოლე პასიცაა. ტურის საუკეთესო ფეხბურთელია.
სიმაო (ატლეტიკო): სიმაო დიდებულად დაეთხოვა ესპანურ პრიმერასა და "ატლეტიკოს" ("ბეშიქთაშში" გადადის). მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია.
სანტი კასორლა (ვილიარეალი): თებერვლის მერე "ელ სუბმარინომ" მხოლოდ ერთხელ წააგო შინ ("ბარსელონასთან"), რაც დიდწილად კასორლას დაბრუნებას უკავშირდება. კიდევ ერთხელ, ჩია ესპანელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, "ვილიარეალმა" კი წელიწადი მე-3 ადგილზე დაასრულა.
ტინო კოსტა (ვალენსია): სან სებასტიანში არგენტინელმა ძალზე მნიშვნელოვანი და თან ულამაზესი გოლი გაიტანა - საჯარიმო დარტყმა ისე შეასრულა, ცოცხალი კედელი და მეკარე მაყურებელთა როლს დააკმაყოფილა.
ჩავი (ბარსელონა): "ოქროს ბურთის" კანდიდატის წლის საუცხოო დასასრული. საუცხოო ნახევარმცველმა დერბიში კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა შესაძლებლობების მოთამაშეა.

თავდამსხმელები
ლიონელ მესი (ბარსელონა): როგორც იქნა, მესიმ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ სიმბოლურიდან მისი "გაძევება" მაინც შეუძლებელი გამოდგა - სამ საგოლე პასს სად გაექცევი? "ესპანიოლმა" არგენტინელის შეჩერება ვერ შეძლო, ვის შეუძლია?
პედრო (ბარსელონა): პედრომ თავად თქვა, რომ ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო კარიერაში, ვეთანხმებით "ბარსას" ახალგაზრდა ფორვარდს. მის ანგარიშზე დუბლია.
სხვები, რომელთაც ცოტა დააკლდათ სიმბოლურამდე: ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ანხელ დი მარია (რეალი), ხავი მარტინესი (ბილბაო), მანუ დელ მორალი (ხეტაფე), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი), კალუ უჩე (ალმერია).

Goal.com მხოლოდ ტურის სიმბოლური ნაკრებით არ შემოიფარგლა და სეზონის (დღევანდელ ტურამდე) საუკეთესო და უარესი ნაკრებებიც შეარჩია. მაშ ასე, სეზონის სიმბოლური ნაკრები: დიეგო ლოპესი (ვილიარეალი) - კარლეს პუიოლი (ბარსელონა), რიკარდო კარვალიო (რეალი), ხუან ფორლინი (ესპანიოლი) - სანტი კასორლა (ვილიარეალი), ანხელ დი მარია (რეალი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი) - ლიონელ მესი (ბარსელონა), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

აი, სეზონის უარესი ნაკრებიც: გუსტავო მუნუა (ლევანტე) - ლუის პერეა (ატლეტიკო), კრის სტადსგაარდი (მალაგა), მატეო კონტინი (სარაგოსა) - დიეგო ზოკორა (სევილია), მოდესტე მ'ბამი (ალმერია), ნაჩო ნოვო (სპორტინგი), ლუკა ჩიგარინი (სევილია), ხავიერ არისმენდი (ხეტაფე) - ადრიანი (დეპორტივო), ქარიმ ბენზემა (რეალი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული