ამ მატჩებში კარლო ანჩელოტის გუნდმა 71 გოლი გაიტანა და მხოლოდ 9 გაუშვა. და კიდევ ერთი რეკორდი - "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ორჯერ შეძლო ჯგუფური ეტაპის უდანაკარგოდ დასრულება.
საოცარი რიცხვები
ბულგარული "ლუდოგორეცისთვის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში და ტურნირის 4 ქულით დამთავრებაც უკვე დიდი მიღწევაა და ამიტომაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" 4 გაშვებული ბურთი მისთვის (თანაც, 10 მასპინძელთა პირველი ორი გოლის ავტორი, ასე ვთქვათ, ტრადიციულია: კრიშტიანო რონალდო (პენალტით) და გარეთ ბეილი, მეორე ორი კი - საკვირველი: ალვარო არბელოა და სარეზერვო გუნდის წევრი ალვარო მედრანი. რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 72-ე გოლი გაიტანა და რაულს (71) გადაუსწრო. წინ მხოლოდ ლეო მესია.
ეს იყო რიგით მე-19 გამარჯვება და კარლო ანჩელოტის გუნდი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერიის მფლობელი გახდა. ვის აჯობა "რეალმა"? რა თქმა უნდა, "ბარსელონას" - 2005/06 წლების სეზონში ფრენკ რაიკაარდის გუნდმა ზედიზედ 18 მატჩი მოიგო.
"რეალის" სერია 16 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩით დაიწყო, როცა "სამეფო გუნდმა" "ბაზელი" 5:1 დაამარცხა. 19-დან 11 ლა ლიგის მატჩია, 6 - ჩემპიონთა ლიგის, 2 კი - კოპა დელ რეის. 19 მატჩში გატანილი 71 გოლიც შთამბეჭდავი რიცხვია - თითქმის 4 მატჩში (3,7).
აღსანიშნავია, რომ "რეალმა" პირველი სამი გოლი "ლუდოგორეცთან" სტანდარტული სიტუაციებიდან გაიტანა. გოლთაცვენის მიუხედავად, "რეალში" ორ კაცს გამოვარჩევთ: მცველ ნაჩოს და ნახევარმცველ ასიერ ილიარამენდის.
მატჩის შემდეგ
კარლო ანჩელოტი (რეალი): "ამ რეკორდს ჩვენ ექსტრაორდინარული მონდომებითა და უდიდესი პროფესიონალიზმით მივაღწიეთ. არც ისე იოლია, ყოველი მატჩისთვის ერთი და იმავე მოტივაციით განეწყო. საოცარია ის მონდომება, რასაც ჩემი ფეხბურთელები აჩვენებენ. ვიცი, რომ საოცარი, განსაკუთრებული ფეხბურთელები მყავს. ძალიან კარგი ურთიერთდამოკიდებულება მაქვს და შეძლებისდაგვარად ვზრუნავ მათზე, ისინი კი კარგი თამაშით მიხდიან მადლობას. ჩვენ დიდებული მომენტი გვაქვს: ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს.
მინდა, რომ ეს სიტუაცია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. "ატლეტიკოსთან" წაგების შემდეგ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ზედიზედ 19 შეხვედრას მოვიგებდით. ვიცოდი, რომ სიტუაცია გამოსწორდებოდა, მაგრამ ასეთ შედეგს მაინც არ ველოდი".
ანჩელოტის სხვა საკითხებზეც მოუწია ლაპარაკი. ერთ-ერთი სატრანსფერო სპეკულაციას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი კრისტოფ კრამერი "რეალს" სურს: "ძალიან ბევრი ნახევარმცველი მომწონს მსოფლიოში და კრამერიც მათ შორისაა". კარლეტომ ილიარამენდი შეაქო:
"მან ბოლო სამი შეხვედრაა, სტაბილურად კარგად ითამაშა. მსოფლიოს საკლუბო პირველობაზე მისი იმედი მექნება. დღეს ძალიან მომეწონა მისი შესრულებით გამჭოლი პასები".
მედრანის დებიუტი და გოლი
ალვარო მედრანზე ცალკე ვთქვათ - "რეალ მადრიდ კასტილიას" ფეხბურთელი სარეზერვო გუნდიდან ერთადერთია, რომელიც სტაბილურად ვარჯიშობს პირველ გუნდში და ხანდახან თამაშიც უწევს. ნახევარმცველი 20 წლისაა, წარმოშობით კორდობას პროვინციიდანაა და ამ გუნდის აკადემიის აღზრდილია. "რეალში" ის 2011 წელს, 17 წლის ასაკში მოხვდა. მისი დებიუტი ანჩელოტის გუნდში ოქტომბერში შედგა, როცა "ლევანტესთან" საგარეო მატჩში (5:0) მატჩის ბოლოსკენ ლუკა მოდრიჩი შეცვალა.
"ლუდოგორეცთან" მატჩი კი მისთვის ჩემპიონთა ლიგის დებიუტი იყო (მან ბეილი შეცვალა) და ეს დებიუტი გოლით აღნიშნა, თუმცა ცოტა რიკოშეტიც წაეხმარა.
პირველები ლიგაზე
"რეალმა" ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩი მოიგო. ამ მიღწევით 32 მონაწილეს შორის ერთადერთია. მეტიც, ამიერიდან "რეალი" ერთადერთი კლუბია, რომელმაც ორჯერ შეძლო ლიგის ჯგუფური ეტაპის უდანაკარგოდ ჩამთავრება. პირველად ეს 2011/12 წლების სეზონში მოხდა (მწვრთნელი ჟოზე მოურინიო). თითოჯერ ეს "მილანმა" (1992/93), პსჟ-მ (1994/95), "სპარტაკმა" (1995/96) და "ბარსელონამ" (2002/03) შეძლეს. როგორც ხედავთ, უდანაკარგოდ თამაშს ლიგაზე 21-ე საუკუნეში მხოლოდ ესპანური კლუბები ახერხებენ. 6 თამაშში "ლოს მერენგესმა" 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. ქარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდო კლუბის ბომბარდირები არიან 5-5 ბურთით.
სხვათა შორის, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-19-ედ თამაშობდა და ამდენჯერვე გავიდა შემდეგ ეტაპზე. აქ არ იგულისხმება ის დრო, როცა ორი ჯგუფური ეტაპი იყო, მაშინ "რეალის" შედეგი 23 გასვლა იქნებოდა.
BBC-ის 50 გოლი
ამ სეზონში განსაკუთრებით პროდუქტიულია კრიშტიანო რონალდო, მაგრამ მას მხარს უბამენ შეტევის ტრიოს სხვა წევრებიც - ქარიმ ბენზემა და გარეთ ბეილი (BBC). "ლოს მერენგესის" 71 გოლიდან ამ სეზონში 51 ამ სამეულზე მოდის. აქედან რონალდოს ანგარიშზე 30 გოლია, 13 ბენზემას და 8 ბეილის ანგარიშზე.
მას მერე, რაც უელსელი "რეალს" შეუერთდა (2013 წლის ზაფხულში) ტრიომ 148 გოლი გაიტანა. დღეისათვის ეს მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიული შემტევი ხაზია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"