ინტერნეტში ესპანელ სპორტსმენთაგან ყველაზე პოპულარული 2010 წელს "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა იყო.
"ფეისბუქში", "თვითერში", "იუთუბში" და სხვა საიტებზე სპორტსმენის პოპულარულობის შეჯერების შემდეგ ესპანურმა მედიამ ასეთი სურათი მიიღო: ინიესტა პირველია, მას "ფეისბუქზე" 3 მლნ. 480 ათასი ფანი ჰყავს, "თვითერზე" - 504 ათასი.
"იუთუბზე" მისი მონაწილეობით ვიდეოები 10 მილიონ 255 ათასჯერ გახსნეს. პოპულარულობით მეორე ადგილზეა "რეალის" კაპიტანი იკერ კასილიასი, მესამეზე ისევ ბარსელონელია - დავიდ ვილია. როგორც ხედავთ, პირველი სამეული ფეხბურთელებმა დაიკავეს. ეს ბუნებრივიცაა - ესპანეთის ნაკრებმა ხომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მე-4 ადგილზე
მხოლოდ "ფეისბუქში" ყველაზე პოპულარული ესპანელი სპორტსმენი "ლივერპულის" ფორვარდი ფერნანდო ტორესია - 6 მლნ. 198 ათასი ფანი. ინიესტა მესამე ადგილზეა, მას რაფა ნადალიც უსწრებს.
თეთრი ბარსელონა და ტიბეტელი გვარდიოლა
კატალონიურ მედიას თუ ვენდობით, "ბარსელონას" ახალი ფორმა (2011/2012 წლების სეზონი) თეთრი იქნება. გუნდის მეორე ფორმა (ანუ საგარეო ვარიანტი) ამ ფერში იქნება გაწყობილი და მხოლოდ წინ, შუაში იქნება "ბარსას" ფერები წარმოდგენილი. თავიდან ყოფილა იდეა, რომ ფორმა ყატარის დროშის ფერებში (სპონსორობის გამო) გაეწყოთ, მაგრამ სანდრო როსელს უთქვამს, რომ ეს ყოფილი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას საარჩევნო კამპანიის ფერებია და სანამ მე ვარ კლუბის პრეზიდენტი, არ დავუშვებო.
ჟერარდ პიკემ "თვითერზე" დაადასტურა ეს ინფორმაცია, ხოლო ხოსეპ გვარდიოლამ შორეული ტიბეტიდან მოიწერა, სადაც მცირე შვებულებას ატარებს. მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, რომ მედიას არ უნდა ვენდოთ - 28 დეკემბერს ესპანეთში ტყუილის დღეა და ყველა ეს ცნობა (ჩვენებურად) საპირველაპრილო ხუმრობა იყო. ბუნებრივია, "ბარსელონა" არასოდეს ჩაიცვამს თეთრ ფერს, რადგან ის დაუძინებელ მტერ "რეალთან" ასოცირდება, პიკემაც შესანიშნავად აუბა მხარი ხუმრობას. გვარდიოლას კი აბა, რა ეტიბეტება - 2-ში "ლევანტესთან" მატჩი ელის.
ბოიანი, კატალონიის ვარსკვლავი
კატალონიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში 4:0 გაანადგურა ჰონდურასის ნაკრები. იოჰან კრუიფის გუნდში თავი განსაკუთრებით ბოიან კრკიჩმა გამოიჩინა, რომელმაც დუბლი შეასრულა, თითო გოლი სერხიო გარსიამ და კორომინასმა გაიტანეს. კატალონიელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ვალდესი, დამია, პუიოლი, რუისი, დე ლა ბელა, ვერდიუ, ბუსკეტსი, მარკესი, კორომინასი, კრკიჩი და სერხიო გარსია. შეცვლაზე შევიდნენ: კასილია, ბარტრა, სერანო, სერხიო, ფონტადი, დავიდ გარსია, ალვარო და რაფა ხორდა.
ბარსამ მზადება დაიწყო
გუშინ ჩემპიონმა მცირე შვებულება დაასრულა და "სიუტატ ესპორტივაზე" პირველი ვარჯიშიც გაიმართა. ხოსეპ გვარდიოლას განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი იყო, რომელთაც 8 დღით ნაყოფიერად დაისვენეს, ლეო მესის გარდა. არგენტინელს შვებულება 1 ან 2 იანვრამდე გაუგრძელეს. "ლევანტესთან" მოსამზადებლად პეპი კიდევ 5 ვარჯიშს მოასწრებს. დღეს "ბარსელონა" ორჯერ ივარჯიშებს, ხოლო პარასკევს, შაბათს და კვირას (თამაშის დღეს) მხოლოდ დილის 11 საათზე.
ტიაგოს ინგლისი უხმობს
"ბარსას" ახალგაზრდა შემტევი ნახევამრცველი ტიაგო ალკანტარა იმედოვნებს, რომ კლუბი მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ინგლისური კლუბები ელიან. ბრაზილიური წარმოშობის 19 წლის ფეხბურთელი ძალზე იშვიათად ხვდება პირველ გუნდში, თუმცა როცა შანსი ეძლევა, ყოჩაღობს - როგორც ჩემპიონთა ლიგაზე "რუბინის" წინააღმდეგ. მსოფლიოს ჩემპიონ მაზინიოს ვაჟს კონკრეტულად რომელი ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან, არ ასახელებენ.
.