მადრიდის "რეალი": 22-ე მოგება მსოფლიოს ჩემპიონობაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქარიმ ბენზემა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, იკერ კასილიასმა ბოლო 5 დღეში მეორე პენალტი მოიგერია, ხოლო გარეთ ბეილმა ბოლო სამ მატჩში ზედიზედ გაიტანა - "რეალმა" მაროკოში მექსიკური "კრუს ასულის" წინააღმდეგობა იოლად დაძლია და ახლა ფინალი ელის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

კარლო ანჩელოტის გუნდი აგრძელებს ესპანური ფეხბურთის ახალი საკლუბო ისტორიის გამოჭედვას - "კრუს ასულთან" 4:0 გამარჯვება "რეალისთვის" 21-ე იყო და რა თქმა უნდა, ეს სარეკორდო მაჩვენებელია. "რეალის" სერია "სანტიაგო ბერნაბეუზე" 16 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ერთი მატჩიც და სერია 2015 წელში გადავა,
რადგან "სამეფო კლუბს" წლეულს მხოლოდ ერთი შეხვედრა დარჩა სათამაშო - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი.

21 გამარჯვებიდან 12 ლა ლიგაზე მოდის, 6 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 კოპა დელ რეიზე და ერთიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. ამ შეხვედრებში გუნდმა 79 გოლი გაიტანა (თითქმის 4 მატჩში) და მხოლოდ 10 გაუშვა. მეტი რა უნდა ვთქვათ, "სამეფო კლუბი" სუპერფორმაშია.

რონალდომ გოლები ფინალისთვის შემოინახა
"რეალის" ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა თამაშის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აი, რა თქვა მან: "ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და მეტოქეც საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. ისე ვითამაშეთ, თითქოს, ფინალი იყო და მატჩის მოგებას ტიტული მოჰქონდა. 2014 წელი ჩვენთვის დიდებული წელიწადი აღმოჩნდა, ტიტულებიც მოვიპოვეთ და კარგადაც ვთამაშობდით".

კარლო ანჩელოტი (რეალი): "დიდებულად ვითამაშეთ. გუნდი იყო შემართული, კონცენტრირებული და ორგანიზებული. მეტიც, ფანტასტიკურად ვითამაშეთ. საქმეს ძალზე სერიოზულად მივუდექით და თავიდანვე ვაჯობეთ მეტოქეს.

საოცარი ბიჭები თამაშობენ "რეალში", მუდამ მოტივირებულები და ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაში მყოფნი. მეტოქეს შეეძლო გაბრძოლება, მაგრამ ამის შანსი მათ კასილიასმა პენალტის მოგერიებით მოუსპო. მეორე ტაიმში თამაში "მოვკალით". მიხარია, რომ მოედანი შესანიშნავ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც შეეხება ტიტულს, აქამდე ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა უკვე შემართულები ვართ, რომ წელიწადი მოგებით დავასრულოთ.

ბიჭებმა დაიმსახურეს ტიტული, მსოფლიოს ჩემპიონები ჩვენ უნდა გავხდეთ და ასე კარგად დავასრულოთ ფანტასტიკური წელი. რონალდოს საოცარი დარტყმა ყველამ ნახეთ, მას იმ მომენტში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. რაც ყველაზე საინტერესოა, იმ მომენტში მას სხვა შანსი არ ჰქონდა. კრიშტიანო ისევ გვაკვირვებს, ის ხომ საუკეთესოა. გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ორჯერ თანაგუნდელებს გაატანინა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გოლებს კი ფინალში გაიტანს".

ლუის ფერნანდო ტენა (კრუს ასული): "ცხადია, რომ "რეალმა" დამსახურებულად მოიგო. "სამეფო კლუბი" ჩვენზე იმდენად ძლიერია, რომ 4:0 სრულად ასახავს ამ უპირატესობას. ვიცოდით, რომ "რეალის" დამარცხება თითქმის შეუძლებელია".

როდრიგესმა დაიწყო
მეორე დღეს "რეალმა" უკვე ფინალისთვის განაახლა ვარჯიში. კარგი ამბავი ისაა, რომ ჯგუფთან ერთად ჯეიმს (ხამეს) როდრიგესმაც ივარჯიშა, რომელმაც ტრავმა სრულად მოირჩინა. "კრუს ასულთან" მატჩში ტრავმა მიიღო სერხიო რამოსმა, მაგრამ სერიოზული არაფერია და ის ფინალში ითამაშებს. ეს ინფორმაცია თავად ანჩელოტიმ დაადასტურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული