დღეს ხსნილია - სატრანსფერო ციებ-ცხელება დაიწყო

AutoSharing Option

ესპანური არმადა ინგლისში

"ნისლიანი ალბიონის" "ესპანურ არმადას" კიდევ ერთი წევრი შეემატა - "დეპორტივოს" 23 წლის მცველი ადრიან "პისკუ" გონსალესი "უიგანში" გადავიდა. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს ადრიანი თანაკლუბელ ადრიან ლოპეს ალვარესში არ აგერიოთ, რომელიც ფორვარდია და გუშინ "ბილბაოს" კარში დუბლით გამოიჩინა თავი. პისკუს ამ სეზონში ერთი წუთიც არ უთამაშია გალისიურ კლუბში და ვერც ითამაშებდა - საკმაოდ ჩახლართული და უცნაური ამბავია: პისკუს კონტრაქტი "დეპორტივოსთან" ზაფხულში მთავრდებოდა, კლუბმა კი ის ავტომატურად ერთი სეზონით განაახლა, ისე რომ, ფეხბურთელისთვის არ უკითხავს. ადრიანს ეგონა გალისიაში არავის ვჭირდებიო

და ეგრევე "უიგანის" ვარჯიშზე გამოცხადდა, სადაც მიწვევა ჰქონდა.

ფიფამ ტრანსფერი "გაყინა" - სანამ მხარეები შეთანხმდებოდნენ და მტყუან-მართალი გაირკვეოდა, პისკუ ოდენ "უიგანში" ვარჯიშით გადიოდა ფონს. და აი, წლის ბოლოს ფიფამ დაუმტკიცა ესპანელ მცველს თავისუფალი აგენტის სტატუსი და "უიგანმაც" მასთან ოფიციალურად, სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება.

"ლეტიკსის" რიგებში ადრიანი 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს: "ჩვენ დიდ ხანს ველოდით ფიფას ვერდიქტს. ძალიან კარგია, რომ ადრიანის ოფიციალურად დამატების საშუალება მოგვეცა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც "დეპორტივოს" სკოლა და ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებები აქვს გავლილი", - განუცხადა პრესას "უიგანის" თავკაცმა რობერტო მარტინესმა.


ესპანეთიდან ინგლისში მეორე ტრანსფერიც პირობითია - ადრიანი თუ მხოლოდ ვარჯიშობდა "უიგანში", ჯერმეინ პენანტი "სტოკ სიტიში" თამაშობდა კიდეც, ოღონდ, კვლავ "სარაგოსას" ეკუთვნოდა. მოხეტიალე ფეხბურთელის ხეტიალის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა - 1,9 მილიონი ევროს სანაცვლოდ ინგლისურმა გუნდმა პენანტი გამოისყიდა და ახლა ის ნამდვილი სტოკელია.


პელეგრინის ფულჰაუსი
ამ დროს "მალაგამ" თითქმის მოამთავრა ზამთრის სატრანსფერო სეზონი: ხუთი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი შეიმატა. ასე რომ, ახალი წლიდან მანუელ პელეგრინის გუნდი მნიშვნელოვნად შეიცვლება. პელეგრინიმ გუნდი ყველა პოზიციაზე გააძლიერა - დაიმატა: მეკარე სერხიო ასენხო "ატლეტიკოდან" (იჯარა), გამოცდილი არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი (წყაროები ხან იჯარას ამბობენ, ხან - პირდაპირ ტრანსფერს), არანაკლებ გამოცდილი იტალიელი ნახევარმცველი ენცო მარესკა, 20 წლის შუახაზელი "ატლეკოდან" იგნასიო კამაჩო (1,5 მილიონი ევრო) და საქვეყნოდ აღიარებული ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟულიო ბაპტიშტა "რომადან" (2 მილიონი ევრო). ვნახოთ, რას გამოადნობს აქედან "რეალის" ყოფილი თავკაცი.


მუნდიალის გმირი უკან გააბრუნეს
სანტანდერის "რასინგმა" უკან, ჩილეში გაუშვა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავგამოჩენილი მცველი ვალდო პონსე. საოცარია, მაგრამ მუნდიალის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა ვერაფერი აჩვენა კანტაბრიულ კლუბში, სადაც მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის "ო'ჰიგინსში" გადავიდა იჯარით, თუმცა ჩილეური კლუბი პონსეს დღე-დღეზე მექსიკურ "კრუს ასულში" გაყიდის.  

სხვა ტრანსფერებს კი უბრალოდ ჩამოვთვლით: "რასინგმა" 21 წლის ნახევარმცველი ედუ ბედია "სალამანკას" ათხოვა. "პორტუმ" 22 წლის ნახევარმცველი ანდრე კასტრო (რომელიც "ოლანენშეში" თამაშობდა) ახლა ხიხონის "სპორტინგს" ათხოვა, სამაგიეროდ პორტუგალიურმა გრანდმა "ალმერიადან" არგენტინელი შუახაზელი დიეგო ვალერი დაიბრუნა, რომელიც ანდალუსიაში იჯარით თამაშობდა.  

ოფიციალურად ზამთრის სატრანსფერო სეზონი ევროპაში დღეს გაიხსნა.

 

 

 

.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული