დღის მთავარ ამბავს მადრიდის გარეუბანში უნდა ველოდოთ - ამბობენ მცირე მადრიდულ დერბიში "სამეფო კლუბს" კაკა დაუბრუნდებაო. ბრაზილიელ ვარსკვლავს "რეალის" მაისურით მაისის შემდეგ არ უთამაშია. კაკამ საკმაოდ სერიოზული ოპერაცია გადაიტანა მუხლზე და თუკი მას დღეს "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ვიხილავთ, ეს ექიმების გრაფიკთან შედარებით ნაადრევი დაბრუნება იქნება. "ასი" იუწყება, რომ, თუკი ანგარიში ხელს შეუწყობს, ჟოზე მოურინიო ბოლო წუთებზე კაკას გამოუშვებს. შეგახსენებთ, რომ კაკა "რეალს" 65 მილიონ ევროდ ერგო, 29 წლის ბრაზილიელი კი ფაქტობრივად ახლიდან იწყებს კარიერას.
ჟოზემ "ხეტაფესთან" მატჩისთვის მზადება 1 იანვარს
პორტუგალიელ თავკაცს ერთობ ცუდი ამბავი შეატყობინეს საახალწლოდ, როგორც ჩანს, გონსალო იგუაინი ოპერაციის გარეშე ვერ მორჩება, ეს კი 3-თვიან იძულებით შესვენებას ნიშნავს. ორივე გუნდმა ძალიან კარგად დაასრულა 2010 წელი - "რეალმა" ბოლო 11-დან 10 მოიგო (მართალია, ის ერთი და მთავარი სამარცხვინოდ წააგო), ხოლო "ხეტაფე" ბოლო 8 მატჩია არ დამარცხებულა. შეგახსენებთ, რომ "ხეტაფეს" მიჩელი წვრთნის, "რეალის" ლეგენდა, რომელიც, რომ არა მოურინიო, მანუელ პელეგრინის სავარაუდო შემცვლელად ითვლებოდა.
"რეალის" რიგებში თამაშობს ფეხბურთელი, რომელმაც ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაში (4:2 "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ) "რეალის" კარში გოლი გაიტანა - პედრო ლეონი: "გასულ სეზონს თუ არ ჩავთვლით, "რეალს" ყოველთვის უჭირდა "ხეტაფესთან" ბრძოლა. იმედია, ორშაბათს შარშანდელი გამეორდება", - განაცხადა პედრო ლეონმა.
"ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკო" "რასინგს" მასპინძლობს. კიკე ფლორესის მთავარი საფიქრალი დიეგო ფორლანის კოჭია. დღეს გაირკვევა შეძლებს თუ არა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშს კანტაბრიელებთან. "ვილიარეალს" კი "ალმერიასთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, თუკი მარკოს სენა ბოლო დროს ვერ ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში, ნილმარის ერთი თვით გამოკლება "წყალქვეშა ყვითელი ნავისთვის" დიდი დარტყმაა, ბრაზილიელი 10 გოლით კლუბის მთავარი მეგოლეა.
.