კასილასი: რეალი ტიტულებს იმსახურებს

AutoSharing Option
"რეალის" მეკარემ იკერ კასილასმა განაცხადა, რომ დროა გუნდმა თავისი გულშემატკივრები გაახაროს. კაპიტანმა თბილად ისაუბრა "სამეფო კლუბის" თავკაც ჟოზე მოურინიოზე და კრიშტიანუ რონალდოსა და მას შორის კონფლიქტის შესახებ ბოლო დროს გაჩენილ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

"ბოლო ორი წლის მანძილზე ნაკრებში უფრო მეტს მივაღწიე, ვიდრე კლუბში. შესაძლოა, ესპანეთის ნაკრების წარმატებებმა "რეალის" წარუმატებლობების დავიწყების საშუალება მომცა. ბოლო ორ სეზონს მთლად ჩავარდნას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მაინც ცუდად ჩავატარეთ. ახლა საჭიროა ყურადღება საკლუბო საქმეებზე გავამხვილოთ, რათა დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. თუნდაც ერთი წელი ტიტულის გარეშე "რეალისთვის" დაუშვებელია.

ცხრა წლის ასაკიდან აქ ვარ და ვიცი, რომ მსგავსი რამ "რეალისთვის" კატასტროფად ითვლება. გამარჯვებებს ვიმსახურებთ, რადგან შესანიშნავი გუნდი გვყავს და ბევრს ვმუშაობთ. "რეალის" გულშემატკივრები ძალიან მომთხოვნები არიან, ამიტომ დროის დაკარგვა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, კამპ ნოუზე "კლასიკოში" დამარცხება ლაქაა.

"ბარსელონასთან" ასე წაგება არ შეიძლება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. დანარჩენი ყველაფერი შესანიშნავადაა.

რაც შეეხება მოურინიოს, ის ფენომენია. ეს ბევრჯერ მითქვამს და არ დავიღლები გამეორებით.

მოურინიომ კარგად იცის, რა სურს, აქვს იდეები. მზადაა, "რეალის" სასიკეთოდ იმუშაოს.

მას მადრიდი მოსწონს, მის წინაშე მდგარი ამოცანები კი შთააგონებს. თუ ვინმეს ჟოზეს ქცევის მანერა არ მოსწონს, ეს იმიტომ რომ მას კარგად არ იცნობს. მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის გახსნილი, გულწრფელი, მახვილგონიერი და ურთიერთობაში უბრალო ადამიანია. ვერც ერთი მოთამაშე მასზე ცუდს ვერ იტყვის.

კრიშტიანუ რონალდოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. გასაგებია, რატომაც გაჩნდა ხმები ჩვენ კონფლიქტზე: ორივენი პუბლიკის დიდ ინტერესს ვიწვევთ და თუ რაიმე დავაზეა საუბარი, მით უმეტეს. მართალია, შეიძლება ხანდახან ერთმანეთს არ დავეთანხმოთ, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია. სერხიო რამოსთანაც ვკამათობ ხოლმე, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არც ერთი ვანიჭებთ. კრიშტიანუს მოედანზე და მოედანს გარეთ ქცევის თავისი მანერა აქვს და არა მგონია უფლება მქონდეს, რამე ვურჩიო. მას გააზრებული აქვს, სად თამაშობს და ესმის, რომ "რეალში" ყველა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფება. კრიშტიანუ რონალდო ჩვენი ლიდერია და მას მთელი მსოფლიო აკვირდება", - განაცხადა კასილასმა.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული