გარეთ ბეილი: არც ხარბივით ვიქცევი და არც რონალდოს ვექიშპები

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა კიდევ ერთხელ უარყო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შესახებ გავრცელებული ცნობები და აღნიშნა, ჩემი თავი "წითელ ეშმაკებში" ვერ წარმომიდგენიაო.

ცხადია, ბეილის ეს კატეგორიული განცხადებები "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს შანსს უმცირებს.

"საკუთარ თავს "მანჩესტერში" ვერ ვხედავ. მადრიდის "რეალში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, აქ ბედნიერი ვარ და კლუბთან ერთად კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვება მსურს.

მსურს, საკუთარი თამაშიც გავაუმჯობესო და კიდევ უფრო დიდი სარგებელი მოვუტანო "რეალს", რომლის გულშემატკივრებსაც მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის მადლობას ვუხდი", - აღნიშნა ბეილმა.

ამბობენ, თითქოს, მას კრიშტიანო რონალდოსთან
კონფლიქტი აქვს; პორტუგალიელს არ მოსწონს, რომ იგი მას ვარსკვლავურ ავტორიტეტსა და ლიდერობაში ეცილება:

"არა მგონია, რომ მინდორზე ხარბად ვიქცეოდე და საკუთარ თავზე ვთამაშობდე. ამ მითქმა-მოთქმას არ ვეთანხმები. გოლებიც გამაქვს და პასებსაც საკმარისად ვაკეთებ. მე მგონი, ეს კარგად ჩანს.

რონალდოსა და ჩემ შორის კი არანაირი კონკურენცია და ქიშპი არ არის", - დასძინა ბეილმა.

კასილიასის მსურველები
მას მერე, რაც ამერიკულმა გუნდებმა შეიტყვეს იკერ კასილიასის სურვილის შესახებ, რომ მას ძალების მოსინჯვა მეიჯორლიგაში სურს, ისინი გააქტიურდნენ და უკვე კონტრაქტს ამზადებენ.

მართალია, მოქმედი შეთანხმებით, 33 წლის კასილიასი "სამეფო გუნდთან" 2017 წლამდეა დაკავშირებული, მაგრამ თუ მან საბოლოოდ გადაწყვიტა "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვება, ხელს მაინც არ შეუშლიან. "ლოს ანჯელეს გელექსის", "ტორონტოს" და "ნიუ იორკ სიტის" უკვე გაუმზადებიათ 6-6 მილიონი ევრო.

"რეალს" გაია უნდა
მადრიდის "რეალი" "ვალენსიას" ნიჭიერ მცველს, ხოსე ლუის გაიას უმიზნებს. კარლო ანჩელოტის 19 წლის ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და "სამეფო გუნდი" ალბათ ფინანსებსაც არ დაიშურებს მის დასამატებლად.

გაიას ვალენსიელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მადრიდელები ამ ტრანსფერისთვის 18 მილიონ ევროს ამზადებენ.

და სტერლინგიც მოუნდა
მადრიდის "რეალი" "ლივერპულის" ახალგაზრდა ტალანტს უტრიალებს. "სამეფო გუნდს" რაჰიმ სტერლინგის ხელში ჩაგდება აქვს განზრახული. სტერლინგი 50 მილიონ გირვანქად ფასდება.

მერსისაიდელები სტერლინგთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებულნი არიან და ამ მხრივ სანერვიულო არ აქვთ. თუ მას შეელევიან, მხოლოდ დიდი კომპენსაციის სანაცვლოდ.

ბევრი რამ თავად ფეხბურთელის სურვილზე იქნება დამოკიდებული და იმაზეც, თუ რამდენს გადაიხდის "რეალი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული