ჟოზე მოურინიო: საქმე წუწუნის ნაცვლად

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღწერა სიტუაცია, რომელშიც მადრიდული კლუბი გონსალო იგუაინის დიდი ხნით გამოკლების გამო ჩავარდა და განაცხადა, რომ "სამეფო კლუბი" ახალი ფეხბურთელების ყიდვას არ აპირებს.

"მე მხოლოდ ერთი ცენტრალური თავდამსხმელი - ქარიმ ბენზემა მყავს და ხვალ ის ითამაშებს, სხვა არჩევანი არ მაქვს.

ალვარო მორატა ჯერ მზად არ არის იმისთვის, რომ მთავარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს. ის ჩვენთან ვარჯიშობს. ახლა საჭიროა დავეხმაროთ, რომ მოუმატოს და კარგ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს.

თუ უცბად ბენზემაც დაგვიშავდა, თამაშის სხვა სისტემაზე გადავალთ. ძაღლის და კატის
ისტორიას დავუბრუნდებით (რომლის მიხედვითაც, თუ მხოლოდ კატა გყავს, სანადიროდ კატით უნდა წახვიდე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ ძაღლით წავიდოდით) და საერთოდ უთავდამსხმელოდ ვითამაშებთ. "ლევანტეს" წინააღმდეგ ქარიმი ითამაშებს.

ახალი მოთამაშეების გამოჩენის განსაკუთრებული იმედი არ მაქვს. ორიოდე დღის წინ კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. სერიოზული ხარჯების შემდეგ, რომელიც გუნდმა წინა წელს გასწია, კლუბი კიდევ ერთი თავდამსხმელის ყიდვის სურვილით არ იწვის. სიტუაცია რთულია, მაგრამ ხელფასს იმისთვის მიხდიან, რომ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მყავს, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო.

ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ცენტრალური ფორვარდი - ქარიმ ბენზემა. ამას უნდა შევეგუოთ და წუწუნის ნაცვლად უნდა ვიმუშაოთ. მესმის, რომ საუბარი შესაძლო ტრანსფერებზე იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, მაგრამ ჩვენ სეზონს იმ მოთამაშეებით ჩავამთავრებთ, რომლებიც ამჟამად გვყავს.

მოდით დავანებოთ თავი იგუაინს, მას ისედაც უჭირს. ფეხბურთელი ყოველთვის განიცდის, როცა თამაში არ შეუძლია. სხვა მოთამაშეებმა კი მსგავს სიტუაციაში თავიანთი სასარგებლოობა უნდა დაამტკიცონ. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ როდესაც მაისის გადამწყვეტი მატჩების წინ იგუაინი მწყობრში ჩადგება, ჩვენი დახმარება შეეძლოს. მე ეს უკვე გავიარე ჯონ ტერის შემთხვევაში "ჩელსიში". არ ვარ ილუზიების ქვეშ, რომ იგუაინი უფრო ადრე, მარტში ან აპრილში დაუბრუნდება მოედანს.

რაც შეეხება ჭორებს ლასანა და მამადუ დიარების შესაძლო წასვლის შესახებ, ისინი ორივე გვჭირდება. ძალიან მომწონს ლასანა დიარა, მინდა რომ დარჩეს, მაგრამ მე ასეთი ფილოსოფია მაქვს, რომ თითოეულ მოთამაშეს თავის ფასი გააჩნია", - აცხადებს მოურინიო.



.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული