პატივისცემა და კიდევ ერთხელ პატივისცემა
ამაღამ "რეალი" "სამეფო თასის" მატჩში "ლევანტეს" სტუმრობს. ეს საპასუხო მერვედფინალია, მაგრამ... აბა რა აზრი უნდა ჰქონდეს თამაშს, როცა მადრიდელებს პირველი შეხვედრა 8:0 აქვს მოგებული? მიუხედავად ამისა, ჟოზე მოურინიო, რომელსაც "ხეტაფესთან" მატჩის დროს სათადარიგოთა სკამისკენ ჩასვლისას ფეხი დაუსხლტდა და კინაღამ 20 ათასი ადამიანის თვალწინ გაიშხლართა, სავსებით სერიოზული შემართებით ლაპარაკობს ამ შეხვედრაზე: "ჩვენ "ლევანტეს" წინააღმდეგ მთელი ძალისხმევით ვითამაშებთ, ჩვენ "რეალ მადრიდი" ვართ", - აცხადებს განსაკუთრებული.
ბევრს ეგონა, რომ მოურინიო ლამის "რეალ კასტილიას" შემადგენლობით დააკომპლექტებდა გუნდს, მაგრამ, როგორც ჩანს,
გონსალო მაისამდე თუ გონსალო ორი თვით
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მოურინიო გონსალო იგუაინის ტრავმის საკითხსაც შეეხო. მოურინიო აღშფოთებულია, იმ მედიკოსთა რჩევებით, რომელთა გამო არგენტინელმა ოპერაციაზე უარი თქვა და პრობლემის "თავისთავად" მოგვარებას დაელოდა: "ვერ ვიტან იმ გამონათქვამებს, რაც ესპანურ პრესაში იწერებოდა, თითქოს იგუაინი თავისით მორჩებოდა ორ თვეში. ეს ფეხბურთელის მოტყუებაა. იმედია, ის მაისის ბოლოს შემოგვიერთდება. იმისთვის, რომ გონსალოს მოტივაცია შევუნარჩუნოთ, ჩვენ მოგებები უნდა გავაგრძელოთ, რომ სეზონის ბოლოსთვის ის მოწადინებული გამოვიდეს მინდორზე".
როგორც ჩანს, ჟოზე შეეგუა იმ აზრს, რომ ფონს "ელ პიპას" გარეშე მოუწევს გასვლა. მოურინიოს აღიზიანებს ოპტიმისტური პროგნოზები და, შესაძლოა, მართალია კიდეც, მაგრამ იმ ხალხსაც მოვუსმინოთ, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობს იგუაინის გამოჯანმრთელების პროცესს და ვინც მალე მას ზურგის ოპერაციას გაუკეთებს. "მარკამ" სწორედ მათი ოპტიმიზმი გადმოიტანა ფურცლებზე. თურმე იგუაინის აღდგენითი პროცესი არც ისე უიმედოდ მიმდინარეობს და პოზიტიური შედეგებიც არის. ამიტომ, ოპერაციის შემდეგ, თუკი ყველაფერი კარგად წარიმართა, გონსალო 2 თვეში დადგება ფეხზე - ანუ მარტის პირველივე დეკადაში თამაში შეეძლება!
იგუაინს ოპერაციას ჩიკაგოელ მედიკოსთა ჯგუფი ჩაუტარებს, ისინი უახლოეს 24 საათში იტყვიან ოპერაციის ზუსტ თარიღს.
ის, რაც ამოჭრეს: აღიარებული მარცხი თუ საიდუმლო სტრატეგია
ჟოზე მოურინიო "ლევანტესთან" მატჩის წინ კონკრეტულ ფეხბურთელებს შეეხო, ჩამონათვალიდანაც მიხვდებით, რომ უმთავრესად ისინი ახსენა, ვისაც "რეალიდან" წასვლა ემუქრება: "ლევანტესთან" თამაშში ფერნანდო გაგო სასტარტოში იქნება, ეს უკვე გადაწყვეტილია. გაგო პირველად ითამაშებს. მე ძალიან მომწონს ის, ჩვენ გაგო გვჭირდება. კაკა ახლა 25 წუთს ითამაშებს და ასე 5-5 წუთით გავუზრდი სათამაშო დროს, მაჰამადუ დიარამ ამ სეზონში ცოტა კი ითამაშა, მაგრამ კარგად. დიარა ძალიან გამოცდილია და იცის, სად და როგორ ითამაშოს მოცემულ მომენტში". ვერ გეტყვით, ეს რევერანსები საზეიმო გაცილების ნიშნებია, თუ მოურინიო მართლა არავის გაშვებას აპირებს. ფაქტია, ლასანა დიარა მას სულ არ უხსენებია.
ახლა მოურინიოს პრესკონფერენციიდან იმ ნაწყვეტს შემოგთავაზებთ, რომელიც "რეალის" ოფიციალურმა საიტმა საერთოდ "ამოჭრა": "დიდი იმედი მქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, ვერავის დავიმატებ, ვერც შეტევაში და ვერც საერთოდ. ამ დღეებში პრეზიდენტს ვესაუბრე ამ თემაზე და ახალი არაფერია. კლუბმა შარშან დიდი ინვესტიციები ჩადო ფეხბურთელებში, ეს გასაგებია, ისიც გასაგებია, რომ "რეალს" ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ახლა მხოლოდ ერთი ჯანმრთელი ფორვარდი დაგვრჩა - ქარიმი. ვიცი, რომ ჩემი სიტყვების შემდეგაც არ შეწყდება მითქმა-მოთქმა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ის ფეხბურთელები არიან, ვისთან ერთადაც მომიწევს ჩემპიონატის ჩამთავრება", - განაცხადა მოურინიომ.
როგორც ჩანს, ის შეეგუა მარცხს. მოურინიოს "კასტილიას" ფორვარდ ალვარო მორატას დახმარების ნაკლებად ეიმედება:
"შეტევაში შექმნილი საკადრო პრობლემების გამო სათამაშო სისტემის შეცვლას მხოლოდ მაშინ ვაპირებ, თუ ბენზემა ვერ ითამაშებს. "ლევანტესთან" ქარიმი სასტარტოში იქნება. მორატა ჯერ მზად არ არის პირველ გუნდში რეგულარულად სათამაშოდ. ის ჩვენთან ერთად მოემზადება და გაიზრდება."
მართალია, ჟოზე იძახის, რომ ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, მაგრამ "რეალს" არ ეყოლება ლიდერი კრიშტიანო რონალდო. ოფიციალური საიტის განმარტებით ამას სხვა მიზეზი არა აქვს გარდა ერთისა - მადეირელი გაციებულა. დუდეკი და იგუაინი ტრავმირებულები არიან, მოურინიომ სიაში არც კასილიასი, მაჰამადუ დიარა, ჩაბი ალონსო, რაულ ალბიოლი, ანხელ დი მარია და მესუთ იოზილი შეიყვანა. საინტერესოა, "ძლიერი შემადგენლობის" ჟოზესეული განმარტება.
სათასო მატჩის წინ ბოლო ვარჯიშზე მოურინიომ 26 ფეხბურთელი შეკრიბა, ამათგან 5 სარეზერვო გუნდიდანაა: პაჩეკო, ხუანფრანი, მორატა, ხუან კარლოსი და ხესუსი. ვინც "ლევანტესთან" არ ითამაშებს, ისინი ტრენაჟორების დარბაზში დაიტვირთნენ.
რონალდო დი სტეფანოს და სანჩესის მხარდამხარ
გაციებული რონალდო მადრიდში რჩება. პორტუგალიელი ამჟამად "ოქროს ბუცის" პრეტენდენტთა სიაში პირველია 17 მატჩში გატანილი 19 გოლით. "რეალის" ისტორიაში ასეთი შედეგი მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონია - 40-იანი წლების ლეგენდარულ ბასკ ფორვარდ მანუელ ალდაის (1941/42), ალფრედო დი სტეფანოს (1956/57) და უგო სანჩესს (1989/90). 17 ტურის შემდეგ მათაც 19-19 გოლი ჰქონდათ გატანილი. კრიშტიანოსთვის "რეალ სოსიედადის" კარში გატანილი გოლი, რომ ჩაეთვალათ (ლფპ-მ არ ჩაუთვალა და პეპეს მიაწერა, რომელსაც კრიშტიანოს დარტყმული ბურთი ზურგში მოხვდა და ბასკთა კარში ისე გავიდა) პორტუგალიელი "სამეფო კლუბის" აბსოლუტური რეკორდსმენი იქნებოდა. "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში მას 38 ქულა აქვს, ლეო მესის - 34, მესამე ადგილზეა კენი მილერი (რეინჯერსი) - 31,5 ქულა.
დიარების საქმე: ბედსშეგუებული მაჰამადუ და გაყოყოჩებული ლასანა
ისევ სატრანსფერო თემას მივუბრუნდეთ, მართალი იყო მოურინიო, როცა იძახდა - ჩემი სიტყვები სატრანფერო სპეკულაციებს ვერ შეაჩერებსო. მწვრთნელმა მაჰამადუ დიარაზე კარგის მეტი არ თქვა, მაგრამ ის განაცხადში არ შეუყვანია, მაჰამადუს არც ტრენაჟორების დარბაზში არ უვარჯიშია, საერთოდ არ გამოჩენილა. ესპანური პრესა კი იჩემებს, რომ ორივე დიარა ახლოსაა ტრანსფერთან, რადგან ორივე მათგანმა უკვე გამოხატა კარიერის სხვაგან გაგრძელების სურვილი. "მარკა" ამტკიცებს, რომ მალელი მაჰამადუ დიარა, რომელიც ადრე "ლიონში" თამაშობდა, "მალაგაში" გადავა, სადაც მანუელ პელეგრინი დიდ რეორგანიზაციას ახორციელებს, აფრიკელს კი "რეალში" მუშაობის პერიოდიდან იცნობს.
ლასანა დიარა უფრო ხშირად თამაშობს და ის მოურინიოს ძალიან მოსწონს, მაგრამ არც მის წასვლას გამორიცხავენ ესპანეთში, ის კი არა საგულდაგულოდ ამტკიცებენ. "მარკა" იუწყება, რომ ლასანას აგენტი "რეალის" წარმომადგენლებს შეხვდა, ფეხბურთელის მოთხოვნა გაუმჯობესებული კონტრაქტია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრანგი სადმე სხვაგან წავა, სადაც უფრო მეტ ხანს ითამაშებს, "რეალში" კი სათამაშო პრაქტიკას მხოლოდ გაუმჯობესებული კონტრაქტის სანაცვლოდ შესწირავს. პირობა, რომელზეც, ალბათ, არ წავა "რეალის" ხელმძღვანელობა და ვერც მოურინიოს ფაქტორი უშველის დიარას.
კაცმა რომ თქვას, საშველი რა სჭირს? მისით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" ყოფილან დაინტერესებულნი.
არავის ვიყიდითო, გაიძახის მოურინიო, მაგრამ ინგლისში არ გამორიცხავენ, რომ "რეალმა" მაინც დაიმატოს მაღალი კლასის ფორვარდი - ლაპარაკია ემანუელ ადებაიორზე, რომელსაც ორი დღის წინ "სიტის" ბაზაზე თანაგუნდელ კოლო ტურესთან ხელჩართული ჩხუბი მოუწია. ადებაიორმა ერთ სეზონში კი გაიბრწყინა, მაგრამ ახლა ძალზე უჭირს "სიტის" შემადგენლობაში მოხვედრა. ედინ ჯეკო ცალი ფეხით მანჩესტერშია, ეს კი 26 წლის აფრიკელის უცილობელ წასვლას ნიშნავს, მაგრამ "რეალში"?
წყაროები არც რომელუ ლუკაკუს იჯარას გამორიცხავენ "ანდერლეხტიდან" სამეფო კლუბში. 17 წლის ლუკაკუ ერთობ მოწადინებულია "რეალში" თამაშით.
ამათ ტორილი უშველის?
"რეალის" თემას კი კლუბის სარეზერვო გუნდში მომხდარი სამწვრთნელო ცვლილებით დავასრულებთ - ძალიან ცუდი შედეგების გამო თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო მენენდესი გაუშვეს და მის ნაცვლად ალბერტო ტორილი დანიშნეს. 37 წლის ტორილი ყოფილი ფეხბურთელია. "რეალში" მას 2 თამაში აქვს ჩატარებული. აქამდე ტორილი "რეალის" 19-წლამდელთა გუნდს თავკაცობდა. "რეალ კასტილია" ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონში მე-10 ადგილზეა 19 თამაშიდან 24 ქულით.
.