"არ მინდა ოფიციანტობა, მსოფლიოს ჩემპიონობა მინდა!" - გაიცანით, ეს ანდრეს ინიესტაა

AutoSharing Option
2010 წლის ივლისის ერთ მშვენიერ საღამოს, ესპანეთის პატარა ქალაქ ფუენტეაბილეს მომცრო ბარ "ლუხანში" ასაკოვანი ანდრესი საკუთარი ახლობლების თანხლებით მივიდა, ტელევიზორთან მოკალათდა და საგულშემატკივროდ შეიმართა. ტელეეკრანზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის რეპორტაჟი იწყებოდა, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთი და ჰოლანდია ხვდებოდნენ.

გავიდა პირველი ტაიმი და 0:0, მეორე ტაიმიც მშრალად დასრულდა - 0:0. დაინიშნა დამატებითი დრო, გოლი კი, არა და არ ჩანდა, ვიდრე 116-ე წუთი არ დადგა...

- ამ მომენტში ბურთი ჰოლანდიელთა საჯარიმოსკენ გაფრინდა, ესპანელთა მეექვსე ნომერმა ბალახზე დაშვება დააცადა, შემდეგ ძლიერად დაარტყა და "ლუხანში" მისულმა
ანდრესმა ბოლო ხმაზე შესძახა: 1:0! გოლი რომ გაიტანა, ჩემი შვილიშვილია, ისიც ანდრესი, ინიესტა!

საოცარია, ესპანეთი ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი!

"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ინიესტა სწორედ ფუენტეაბილეში დაიბადა (1984 წლის 11 მაისს), სადაც დღესაც ძალიან უყვარს ჩასვლა. თუ კრიშტიანო რონალდოს მშობლებს კინაღამ ჩხუბი მოუვიდათ პატარის სახელის შერჩევისას, ინიესტას შემთხვევაში წინასწარ ცხადი იყო, რას დაარქმევდნენ - ახალშობილის ორივე პაპას (დედის და მამის მხრიდან) ანდრესი ერქვა.

ფუენტეაბილე მადრიდსა და ხმელთაშუა ზღვას შორის, ლა მანჩის რეგიონში მდებარეობს. ამ პატარა დასახლებაში ცხოვრება იოლი არ იყო, ხალხმა არ იცოდა, თავი რითი გაეტანა, ვიდრე ესპანეთის მეფე ფილიპ მეხუთემ იქ ყოველწლიური დიდი ბაზრობის გამართვის განკარგულება არ გასცა. რა უნდა გაეყიდათ ფუენტეაბილელებს? სწორედ მაშინ აიკრძალა ქუჩაში იარაღის ტარება და ესპანელებმა დაშნებისა და დამბაჩების სანაცვლოდ დანები გაირჭეს ქამრებში.

ინიესტას მშობლიური ქალაქის მკვიდრებმა ხელოსნობას მიჰყვეს ხელი და დანების დამზადებით ევროპაში გაითქვეს სახელი. ბევრი ტურისტი ჩადიოდა ფუენტეაბილეში ლამაზად მოპირკეთებული დანების შესაძენად. ტურისტებს კი დასაბინავებლად და გასამასპინძლებლად შესაბამისი დაწესებულებები სჭირდებოდათ. ჰოდა, პატარა ქალაქში სასტუმრო-დუქნებიც მომრავლდა.

ერთ-ერთი მათგანის, "ლუხანის" ხშირი სტუმარი იყო პატარა ანდრეს ინიესტა, ოღონდ იქ გემრიელი კერძების მისართმევად როდი მიდიოდა. მშობლების სანახავად შედიოდა ხოლმე, რომლებიც ბარში ოფიციანტებად მუშაობდნენ.

- ჩემს ოჯახში ყველა ოფიციანტი იყო. ამ საქმიანობაზე ბავშვობაში ბევრს ვფიქრობდი და არ მინდოდა, მეც მშობლების გზას გავყოლოდი. ყველა საქმეს მოვეკიდებოდი, ოღონდ არა ოფიციანტობას, - იხსენებს ინიესტა, რომელიც პატარაობაშივე ძალიან წყნარი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ყმაწვილი იყო.

თუმცა არა! სხვებისგან ფერით გამოირჩეოდა, ქათქათა, თეთრი სახე ჰქონდა და სწორედ ამიტომ, თანატოლები ხან "კასპერს" უძახდნენ, ხან "სიკვდილს", ზოგი მეგობრულად, ზოგი - გასაბრაზებლად.

როგორ პასუხობდა, არ ვიცით, მაგრამ უკვე დიდ ფეხბურთელს ეს მეტსახელები უხდება კიდეც: იგი მულტფილმის გმირ კასპერივით დაქრის მოედანზე, ხან სად გამოეცხადება მოწინააღმდეგის მცველებს, ხან - სად. ინიესტას ერთ "მკვლელ" დარტყმაზე დასაწყისში უკვე მოგახსენეთ - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიელთა იმედები რომ დაასამარა.

Sportall.Ge

მას კიდევ უამრავი ასეთი დარტყმა აქვს შესრულებული, აბა მსოფლიოს ჩემპიონატის გვერდით, ევროპის პირველობას ორჯერ და ჩემპიონთა თასს სამჯერ სხვანაირად როგორ მოიგებდა?!

ანდრესს მოგვიანებით "ილუზიონისტიც" შეარქვეს. მას კურდღლები როდი ამოჰყავს ცილინდრიდან, უბრალოდ, მოედანზე ჯადოსნურ ფინტებს ასრულებს და მოტყუებული მოწინააღმდეგეები ვერ ხვდებიან, რა ხერხით გააბითურა ისინი ინიესტამ. ასე იყო ათეულობით წლის წინათაც, როცა ანდრესი კლუბ "ალბასეტეს" ფილიალში ვარჯიშობდა. ამ გუნდს თეთრი ფერის ფორმა აქვს. ამბობენ, მადრიდის "რეალის" პატივსაცემადო, რეალელებს ხომ "რძისფერებს" უწოდებენ. "ალბასეტეს" ნიჭიერი ფეხბურთელები დედაქალაქურ გრანდში თამაშზე ოცნებობენ.

სწორედ მადრიდში გადაწყდა ანდრეს ინიესტას, როგორც მომავალი ფეხბურთელის ბედი... ოღონდ "ბარსელონას" სასარგებლოდ: მადრიდში გაიმართა ბავშვთა ტურნირი 12-წლის ყმაწვილებს შორის. იმ პერიოდში ინიესტა საკუთარი გუნდის ლიდერი იყო და ბევრი დამკვირვებლის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის, "რეალისაც" და "ბარსელონასიც".

მადრიდელებმა იგი საკუთარ აკადემიაში მიიწვიეს და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, როცა ანდრესის მშობლებმა ბავშვი "რეალში" არ დატოვეს - არ მოეწონათ უბანი, სადაც მოზარდს უნდა ეცხოვრა. აქ კი "ბარსელონა" გამოფხიზლდა და 12 წლის ინიესტა კატალონიური გუნდის საბავშვო აკადემია "ლა მასიაში" ჩაირიცხა.

ინიესტასთვის მშობლებისგან დიდი მანძილით დაშორებით ცხოვრება ძალიან ძნელი იყო.

"ბარსას" საბავშვო აკადემიაში გატარებული წლები უმძიმესია ჩემს ცხოვრებაში, - მოგვითხრობს ანდრესი. - მშობლიური ქალაქიდან 500 კილომეტრით ვიყავი დაშორებული. ახლობლები მენატრებოდა და ხშირადაც ვტიროდი. მინდოდა, ფუენტეაბილეს ვიწრო ქუჩებში მესეირნა, მაგრამ არც ამის შესაძლებლობა მქონდა.

სახლში წასვლა მსურდა, თუმცა 12 წლისა ვფიქრობდი, რომ უკან დახევა არ შეიძლებოდა, თუ ფეხბურთელობა მინდოდა, უნდა მებრძოლა.

ჩემი ოთახის ფანჯრიდან "ბარსელონას" საფეხბურთო სტადიონი "ნოუ კამპი" მოჩანდა, ვუყურებდი და სევდას ოცნება ენაცვლებოდა - ერთ მშვენიერ დღეს ხომ სწორედ ამ სტადიონზე უნდა მეთამაშა.

მტირალა მეოცნებეს დიდი ხანი მოცდა არ მოუწია: სამ წელიწადში "ნოუ კამპზე" გაიმართა საერთაშორისო შეჯიბრება, რომლის ფინალში "ბარსელონამ" 1:0 დაამარცხა არგენტინული "როსარიო სენტრალი". ინიესტას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ხოსეპ გვარდიოლამ გადასცა და უთხრა - 10 წლის შემდეგ ასევე კარგად უნდა ითამაშო "ბარსელონას" ძირითად გუნდშიო.

ჯერ კიდევ ფეხბურთელმა გვარდიოლამ ჟურნალისტებს უთხრა: მიხარია, რომ ვნახე 15 წლის ბავშვი, რომელსაც ჩემზე უკეთესი მოედნის ხედვა აქვსო. გახარებული ანდრეს ინიესტა იმ საღამოს საკუთარ ოთახში რომ დაბრუნდა, ძველი პლაკატი გვარდიოლას ახალი, დიდი სურათით შეცვალა, რომელსაც ხოსეპის ხელმოწერა ამშვენებდა.

მწვრთნელი ლორენს სერა ფერერი ინიესტას ასე ახასიათებდა:

- ძალიან ჭკვიანი ყმაწვილია. იმიტომაც უმატებს თვიდან თვემდე, რომ, რასაც ვეუბნები, ყველაფერს ზედმიწევნით იმახსოვრებს.

ანდრესი ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და ამ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. ოქროს თასი კაპიტან ინიესტას გადასცეს. 2001-ში, 17 წლის "კასპერი" მთავარმა მწვრთნელმა "ბარსელონას" ძირითად გუნდში დაიბარა.

ჭაბუკის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ფრენა-ფრენით შევიდა შენობაში, სადაც გუნდი ეგულებოდა, მაგრამ გასახდელს ვერ მიაგნო და ყურებჩამოყრილი გამობრუნდა, ეგონა, გაეხუმრნენ, როცა უთხრეს, "ბარსელონას" მთავარ გუნდში გადაგიყვანეთო. ის იყო, შენობიდან გარეთ უნდა გასულიყო, რომ შემთხვევით ლუის ენრიკე შეხვდა. ლუისი სტაჟიანი ბარსელონელი იყო და ახალგაზრდას გასაჭირი რომ შეიტყო, გასახდელისკენ გაუძღვა.

ხოსეპ გვარდიოლა არ ცხრებოდა, ინიესტა მთავარ "ბარსელონაში" რომ ნახა, ჩავი ერნანდესს მიმართა - შენ მე მცვლი, ორივეს კი ინიესტა შეგვცვლისო. როგორც ჩანს, გვარდიოლას კარგად ახსოვდა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ნანახი "კასპერი".

ბარსელონელობა უკვე სარფიან კონტრაქტს და კარგ შემოსავალს ნიშნავდა. პირველივე ხელფასით ანდრესმა მშობლებს სახლი უყიდა...

- სწორედ ისეთი ვარ, როგორიც მშობლებმა გამზარდეს. რა სიმაღლესაც არ უნდა მივაღწიო, საკუთარ ღირებულებებს, მშობლიურ ქალაქს, მეგობრებს არასოდეს დავივიწყებ. არც ის დამავიწყდება ოდესმე, მამაჩემი სამი თვე რომ აგროვებდა ჩემთვის "ადიდასის" ბუცების საყიდელ ფულს,
- ამბობს "ილუზიონისტი" და დასძენს, რომ ეს ბუცები შენახული აქვს იმის გასახსენებლად, საიდან დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა.

ნელ-ნელა "ბარსას" პირველ გუნდშიც დაიმკვიდრა ადგილი და ესპანეთის ნაკრებშიც. რა სიმაღლეებს მიაღწია, ისიც გითხარით, მაგრამ სახითაც ბავშვური დარჩა და თამაშის სტილითაც - მსუბუქი, ლაღი... კატალონიური გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფრენკ რაიკაარდი უკვე ზრდასრულ ინიესტაზე ისე ლაპარაკობდა, როგორც ბავშვზე:

- პასებს იმდენად იოლად არიგებს, თითქოს კანფეტებს უნაწილებდეს ბავშვებსო.

საფეხბურთო განგებამ ანდრესს გულითადი გარჯის სანაცვლოდ სწორედ კანფეტებივით ჩამოურიგა ტიტულები. მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო 2010 წელს ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოუტანა, ინდივიდუალური პრიზებით განებივრებული არ არის - ყოველი წლის ბოლოს ოქროს ბურთს ან ლიონელ მესი ისაკუთრებს, ან - კრიშტიანო რონალდო.

ამის გამო "კასპერი" სულაც არ დარდობს:

- ოქროს ბურთის მიღება ვის არ უნდა?! მეც სიამოვნებით წავიღებდი ამ ჯილდოს მშობლიურ ფუენტეაბილეში, მაგრამ ყველამ იცის, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია და ჩემთვის უფრო ღირებულია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები.

"ბარსელონაში" ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ანდრესმა ორჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი. აი, რას ამბობს მწვრთნელი "ილუზიონისტის" შესახებ:

- ინიესტა თმებს არ იუთოვებს, საყურეს არ ატარებს, არც სვირინგებით აქვს დახატული სხეული. უბრალო ადამიანია და ამიტომ ტელევიზიებისთვის მიმზიდველი სულაც არ არის. მას არ სჭირდება ზედმეტი პოპულარობა. ანდრესი ხომ ისედაც საუკეთესოა.

მორიდებული ხასიათის გამო იგი "ბარსელონას" ბარში კურიოზულ სიტუაციაშიც აღმოჩნდა: თავისთვის, მშვიდად იჯდა ბართან, როცა გოგონა მიუახლოვდა. ინიესტას ეგონა, ან ავტოგრაფს სთხოვდა, ან - სურათის ერთად გადაღებას, მაგრამ... გოგონამ მორიდებით დაიწყო:

- უკაცრავად.
- დიახ, გისმენთ, - გაუღიმა ფეხბურთელმა.
- ერთი ჭიქა ფანტა ჩამომისხით, გეთაყვა.
...ინიესტა ბარმენი ეგონა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეორე კიდე რონალდოს მშობლებზე რო დაგეწვა გული ცუდი რა თქვეს? ეგ ცნობილი ფაქტია რო მშობლები მაგის სახელზე კამათობნენ და წაკითხული უნდა გქონდეს თუ ეგეთი ფანი და დამცველი ხარ რონალდუსი. ცუდი არავის არაფერი უთქვამს მაგაზე მარა რეალის ფანები ხო ყველგან ინტრიგას ეძებთ
coco
21:33 26-02-2015
1
ჯერ რო ინიესტას უყურო და მერე რონალდოს და რონალდო არ დაგევასოს ეგ არაა გასაკვირი. ინიესტა ღირსების ეტალონია და ეგ პირველ რიგში უნდა ფასდებოდეს ფეხბურთის გულშემატკივრებში და არა რეალზე ან რონალდოზე შეყვარებულ 15 წლის დებილ ბავშვებში.
coco
21:25 26-02-2015
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული