მატა იქა, მატა აქა

AutoSharing Option

გუშინ ვალენსიური დერბის შესახებ მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები შემოგთავაზეთ, ახლა კი უფრო დაწვრილებით შევჩერდებით კვირის ბოლო მატჩზე, რომელიც "ვალენსიამ" ხუან მატას გოლის წყალობით 1:0 მოიგო. "ლევანტე" ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, "ვალენსია" კი - ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, მაგრამ რახან დერბია, თამაშს ყველა დიდი ინტერესით ელოდა. ფლანგის შემტევი ნახევარმცველი სანამ მატჩის გმირი გახდებოდა, ბევრს ეცადა, მაგრამ თითქოს ვიღაცამ დანავსა - ჯერ პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ საჯარიმო დარტყმით ხარიხა "ჩამოიღო", მატას კვერი ბოლოსკენ გამოცხვა, როცა მისმა გოლმა უნაი ემერის ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა

პრიმერადივიზიონში.

"სიუტატ დე ვალენსიაზე" მასპინძელი გუნდის ფანებმა არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნეს, მაგრამ ფეხბურთელები ვერ აჰყვნენ გულშემატკივრებს და მაღალი ხარისხის თამაში ვერ შესთავაზეს მათ. თავიდან, თითქოს, ლუის გარსიას გუნდი სჯობდა ფავორიტს, ძალიან ბევრს მოძრაობდა "ლევანტეს" ფორვარდი ფელიპე კაისედო, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლებს საგოლე მომენტები ჰქონდათ.

მალე "ვალენსიამაც" გამოიღო ხელი და 26-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა მიქელ რობუსტემ აკრძალული ილეთით შეაჩერა ჰედვიგეს მადუროს იერიში. უნდა ითქვას, რომ უხეშობის აუცილებლობა არ იყო. პენალტი მატამ უხეიროდ შეასრულა, ბურთი ხარიხას გაეხახუნა და ზემოთ გადავარდა. მეორე ტაიმში დერბი სულ წახდა. მაყურებელი ისევ მატამ გამოაცოცხლა, მაგრამ საჯარიმო ხარიხამ აისხლიტა. "ლოს ჩე" უკვე ფლობდა უპირატესობას, ამიტომაც სავსებით დამსახურებულად იმარჯვა - პაბლო ერნანდესის პასით მატამ მანოლო რეინას აჯობა და "ვალენსიას" 3 ქულა მოუტანა. "ლოს გრანოტესს" დრო აღარ ჰქონდა საპასუხო იერიშებისთვის. "ვალენსიას" უკვე 2 ქულაღა აშორებს მე-3 ადგილზე მყოფ "ვილიარეალთან".

უნაი ემერი: "შეხვედრიდან შეხვედრამდე ვუმატებთ. ჩემი აზრით, დერბიში გამარჯვება დავიმსახურეთ. პირველი ტაიმი თუ თანაბარი იყო, მეტოქეს მეორეში ვაჯობეთ. ჩვენს ანგარიშზე გაცუდებული პენალტი, ხარიხას გარტყმული საჯარიმო და კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტია, "ლევანტე" კი თავს ვერაფრით მოიწონებს."

დერბიზე მეტს ვერ გეტყვით, თუმცა ერთ ამბავსაც დავამატებთ, რომელიც "ვალენსიას" სატრანსფერო პოლიტიკას ეხება. დიდი ხანია ცნობილია, რომ ესპანურ გუნდს "ლორიანის" ფორვარდის, კევინ გამეიროს ყიდვა სურს. ფრანგებმა "ვალენსიას" გამეიროს სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო მოსთხოვეს. სწორედ ამაზე გააკეთა კომენტარი "ვალენსიას" პრეზიდენტმა მანუელ ლორენტემა. ბოსმა ფრანგების მოთხოვნას "აბსოლუტური სიგიჟე" უწოდა. "ლოს ჩეს" ხელმძღვანელობა "ლორიანს" 7 მილიონ ევროს სთავაზობს. ასე რომ, ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული