მე-18 ტურის რჩეულები Goal.com-მა 3-4-3 ტაქტიკური მონახაზის მიხედვით შეარჩია.
სიმბოლურში წყვილად მოხვდნენ ხშირი სტუმრები: კრიშტიანო რონალდო (რომელიც წინა ტურშიც იყო რჩეულთა შორის) და ლიონელ მესი.
მეკარე
რიკარდო (ოსასუნა)
რომ არა 39 წლის ვეტერანი "ოსასუნა" მშობლიურ "ესტადიო რეინო დე ნავარაზე" ქულას ვერაფრით შეინარჩუნებდა. რიკარდომ, სულ მცირე, სამჯერ გადაარჩინა გუნდი - ჯერ დანიელ პარეხოს აუღო, შემდეგ ორჯერ მანუ დელ მორალს.
მცველები
მარტინ კასერესი (სევილია)
ურუგვაელი "რეალ სოსიედადთან" მატჩში დაცვის ცენტრიდან ფლანგზე გადაიყვანეს, რამაც კარგად წარმოაჩინა მისი შემტევი პოტენციალი. "ბარსელონას" საკუთრებამ, რომელიც ანდალუსიაში იჯარით თამაშობს,
მარტინ დემიკელისი (მალაგა)
დებიუტი და ეგრევე სიმბოლურ ნაკრებში! არგენტინელის ანდალუსიური კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო, მის ანგარიშზე თავური გოლია. პირველივე თამაშში დემიკელისმა ლიდერის ფუნქციები გამოავლინა და უნარიანად უხელმძღვანელა "მალაგის" დაცვის ხაზს, რომელიც აქამდე არ გამოირჩეოდა საიმედო თამაშით.
ივან რამისი (მალიორკა)
კუნძულელებმა სასტიკად იძიეს შური "ალმერიაზე" "სამეფო თასიდან" გამოგდებისთვის. 26 წლის ცენტრალურმა მცველმა გოლი გაიტანა და დაცვაში თითქმის უნაკლოდ ითამაშა.
ნახევარმცველები
ბრუნო სორიანო (ვილიარეალი)
"ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" საფუძვლიანად შეაჯანჯღარა "სამეფო გუნდი", რაშიც დიდი წვლილი ბრუნოს მიუძღვის. ესპანელი ნახევარმცველი "ვილიარეალის" შეტევის მთავარი წამომწყები იყო, მარკო რუბენმა მისი დიდებული პასით გაიტანა. ხუთჯერ მაინც ჩაჭრა ბრუნო "რეალის" მნიშვნელოვანი შეტევა.
ხავი მარტინესი (ბილბაო)
მსოფლიოს ჩემპიონი საუკეთესო იყო "მალაგასთან" მატჩში, სიმბოლურიცაა, რომ ქულის გადამრჩენი გოლი მის ანგარიშზეა. სხვათა შორის, ეს მისი პირველი გოლია სეზონში.
ლუის გარსია (ესპანიოლი): "ბლანკ ი ბლაუს" კაპიტანი ნამდვილი ლიდერია "კორნელია ელ პრატზე". სწორედ მან გაიტანა პენალტით მეორე გოლი და გაუკეთა საგოლე პასები ალვარო ვასკესს და სერხიო გარსიას.
კრიშტიანო რონალდო (რეალი)
რონალდოს ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა წლევანდელ სეზონში - ჰეთთრიკი და საგოლე პასი მის ანგარიშზე. ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელია.
თავდამსხმელები
ტოტე (ერკულესი)
32 წლის ტოტე მეხუთე სეზონია ალიკანტეელთა ღირსებას იცავს. "ატლეტიკოსთან" მან საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გოლი და საგოლე პასი მის ანგარიშზეა.
ფრედერიკ კანუტე (სევილია): რომ არა კანუტე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "სევილია" წააგებდა "ანოეტაზე". 33 წლის ფორვარდის ანგარიშზე დუბლია "რეალ სოსიედადის" კარში.
ლიონელ მესი (ბარსელონა)
"ბარსას" "ოქროს ბიჭუნამ" წლეულს პირველი გოლი გაიტანა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით, მისი ბრწყინვალე პასებით დავიდ ვილიამ და პედრომ იხეირეს.
.