ფურია როხა დიდხანს იმეფებს

AutoSharing Option

ესპანურ სიახლეებს ფიფას რეიტინგ-ლისტით დავიწყებთ. გუშინ წლის პირველი თვის რეიტინგი გამოქვეყნდა. ბუნებრივია, სანაკრებო უძრაობის ხანაში მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს ძვრა ვერავინ უყო - "ფურია როხა" კვლავ პირველია "ფიფა/კოკა-კოლას" კლასიფიკაციაში. მსოფლიოს ჩემპიონებს 1887 ქულა აქვთ და 164 ქულით უსწრებენ ჰოლანდიელებს. მოწინავე ათეულში სულ ერთი ცვლილება მოხდა - ეგვიპტის ნაკრებს 42 ქულა დააკლდა და მას საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატიამ გადაუსწრო - ხორვატია მე-9 ადგილზე გადავიდა. მომავალი რეიტინგ-ლისტი 2 თებერვალს გამოქვეყნდება.

 

ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ "ფურია როხა" კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს მოწინავე

პოზიციას მსოფლიო ფეხბურთში. ბრაზილიურ "ესტადიუ დე სან პაულუსთან" ინტერვიუში დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრები მომავალ მუნდიალზეც ფავორიტი იქნება, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნდება "ფურია როხას" სათავეში, ის თუ სხვა სპეციალისტი. შეგახსენებთ, რომ მომავალი მუნდიალი 2014 წელს ბრაზილიაში გაიმართება.

 


კოენტრაო, ოღონდ ზაფხულში

"სამეფო კლუბში" რამდენიმე სიახლეა, თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს სატრანსფერო ამბავი იწვევს - თითქმის გადაწყვეტილი ყოფილა ფაბიო კოენტრაოს ტრანსფერი "ბენფიკადან" "რეალში". პორტუგალიური მედია ამტკიცებს, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რომ ლისაბონური და მადრიდული კლუბები უკვე შეთანხმდნენ. "რეკორდი" ამტკიცებს, რომ "სამეფო კლუბში" პორტუგალიური დიასპორა კიდევ გაიზრდება, თავად მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, რიკარდო კარვალიოს, პეპეს და კრიშტიანო რონალდოს მარცხენა მცველი ფაბიო კოენტრაო შეემატება.

 

ეს ის პოზიციაა, რომლის გაძლიერებაზე "რეალში" ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ლაპარაკობდნენ. ბრაზილიელი მარსელო დიდი პოტენციალის ფეხბურთელია, შეტევებშიც უნარიანად ერთვება, თუმცა მისი რეპუტაცია, როგორც მაღალი კლასის მცველის, მუდამ საეჭვო იყო. ზაფხულის სატრანსფერო სეზონი ისე დაიხურა, მარსელო პოზიციაზე პირველ ნომრად დარჩა, მას ნდობა გამოუცხადეს და ბრაზილიელმაც გაამართლა ეს ნდობა - ამ სეზონში ჩვენ ყველანი ყოველმხრივ გაუმჯობესებულ მარსელოს ვხედავთ, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის და ფაბიო კოენტრაოს შეძენის საკითხიც დადგა. შესაძლოა, მარსელოს სულაც პოზიცია შეუცვალონ და სასტარტოდან არ ამოაგდონ. ნიჭიერ პორტუგალიელს "ბენფიკასთან" ჯერ კიდევ აკავშირებს 5-წლიანი ხელშეკრულება. 22 წლის კოენტრაოს საბაზრო ფასი 30 მილიონი ევროს ფარგლებშია. "რეკორდის" მტკიცებით, ტრანსფერი ახლავე გაიჩარხება, მაგრამ ზაფხულში განხორციელდება. საქმეს ისიც აიოლებს, რომ მოურინიოსა და კოენტრაოს ერთიდაიგივე აგენტი ემსახურებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ტოტენჰემის" მარცხენა მცველის, გარეთ ბეილის შეძენა თითქმის ყველა ევროპულ გრანდს სურს და მათ შორის "რეალიცაა", თუმცა კოენტრაოს ტრანსფერის შემთხვევაში, ბეილი "რეალში" ვეღარ მოხვდება. ბუნებრივია, ამ შესაძლო გარიგებაზე ოფიციალური მხარეები ("ბენფიკა" და "რეალი") არაფერს ამბობენ.


22 წლის კოენტრაოს კარიერა "რიუ ავეში" დაიწყო, 2007 წლიდან ის "ბენფიკაშია". ესპანურ კლუბში კოენტრაოს უკვე უთამაშია, 2008 წელს ის იჯარით "სარაგოსაში" იმყოფებოდა, მაგრამ ამას თამაშსაც ვერ დავარქმევთ - ჩემპიონატში მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა. პორტუგალიის ნაკრებში მარცხენა მცველმა 11 შეხვედრა ჩაატარა.

 


გონსალოს ოთხი თვე თუ წელი?

ამასობაში "რეალის" არგენტინელმა შემტევმა გონსალო იგუაინმა ოპერაცია გაიკეთა. ზურგის ოპერაცია ჩიკაგოში განხორციელდა, მისმა ექიმმა რიჩარდ ფესლერმა თავიდან ცოტა შემაძრწუნებლად დაიწყო - 100%-იანი იგუაინის მინდორზე სანახავად ერთ წლამდე უნდა მოიცადოთო, თუმცა იქვე ოპტიმისტურ ტალღაზე გადაერთო: "ოპერაცია საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, ყველაფერი წარმატებით წარიმართა. იგუაინი კლინიკაში 1 კვირას დარჩება. მას ინდივიდუალური ვარჯიშების დაწყება 2-3 კვირაში შეეძლება, რეაბილიტაციის კურსი კი 4 თვეს გასტანს. ასე რომ, გონსალო, სულ მცირე, 4 თვე ვერ ითამაშებს. მაგრამ, ვიმეორებ, 100%-ით იგუაინი დაახლოებით ერთ წელიწადში გამოჯანმრთელდება. ასეთი სახის ოპერაციის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი და კალათბურთელი დაბრუნებია აქტიურ სპორტს". სხვათა შორის, ფესლერი არ იზიარებს მოურინიოს აღშფოთებას, რომელიც თავიდანვე ოპერაციის მომხრე იყო და ფიქრობს, რომ ამ მოცდით გონსალომ დრო ტყუილად დაკარგა: "ასეთი სახის დაზიანებების დროს, ოპერაცია ყოველთვის საჭირო არაა. რომ გაარკვიო, საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა, უნდა მოიცადო. ფეხბურთელი სწორად მოიქცა".

 


შეგირდები აქებენ

ციურიხული ტრიუმფის შემდეგ მწვრთნელი მისმა შეგირდებმა შეაქეს. კრიშტიანო რონალდომ 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელზე თბილად ისაუბრა - მე ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებ მისგანო: "სხვა გადაწყვეტილება უსამართლო იქნებოდა. მან მოიგო სამი მნიშვნელოვანი ტიტული. ძალიან მიხარია მისი წარმატება. მოურინიო და მისი თანაშემწეები ნამდვილი პროფესიონალები არიან. პირველად, როცა მათთან დავიწყე მუშაობა, გავვოცდი, მათი დამსახურებაა, რომ ყოველთვის უფრო დიდი ენთუზიაზმით ვვარჯიშობ", - განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა. იკერ კასილიასმა კი შემდეგი დაამატა: "ყველას გვიხარია, რომ გასახდელში მოურინიო გვმოძღვრავს. გვსურს, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ჩვენთან".

 


ყველაზე კარგი დრო რეალთან საომრად

"სამეფო თასის" მომავალ მატჩზეც ვთქვათ - დღეს "რეალი" დერბის გამართავს, "ატლეტიკოს" მასპინძლობს. "ატლეტიკო" ორშაბათს ალიკანტეში გაანადგურეს და ახლა ამ გუნდის ფეხბურთელები ერთხმად აცხადებენ, რომ სირცხვილი "რეალთან" შედეგიანი თამაშით უნდა ჩამოირეცხონ. "ამაზე უკეთეს დროს "რეალთან" სათამაშოდ ვერც მოვიგონებდით - ბიჭები დამუხტულნი არიან, ყველას "რეალის" დამარცხება სურს", - ამბობს "ატლეტიკოს" ვეტერანი ხოსე ანტონიო რეიესი.


ჟოზე მოურინიომ კარგად იცის, რომ ძნელი მატჩი ელის მის გუნდს: "შეხვედრა ძალიან დაძაბული იქნება, რადგან მეტოქე მოედანზე ნამდვილ ომს აპირებს. ჩვენც მზად ვართ". რიკარდო კარვალიომ "რეალის" ოფიციალურ საიტთან საუბარში აღნიშნა, რომ მთავარია გუნდმა ორმატჩიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში გოლი არ გაუშვას და მეტოქეს საპასუხო შეხვედრისთვის კარგი შანსი არ მისცეს.


"სამეფო თასის" მატჩისთვის ბოლო რეპეტიციაში "რეალის" 21-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. გასაგები მიზეზების გამო არ უვარჯიშიათ: იგუაინს, პეპეს და დუდეკს. არ ყოფილა მაჰამადუ დიარაც, ოფიციალური მიზეზი ასეთია - დიარამ ვარჯიშები პირადი მიზეზით (კლუბთან შეთანხმებით) გააცდინაო, როგორც ჩანს, აფრიკელს მართლა ვეღარ ვიხილავთ "სამეფო კლუბის" რიგებში. 21 კაცს ბოლოს მეკარე პაჩეკო დაემატა, რომელიც "რეალის" 19-წლამდელთა გუნდის გოლკიპერია.

 


კანის ეპატია

ამასობაში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა "ვილიარეალის" ნახევარმცველ კანის "რეალთან" მატჩში მიღებული წითელი ბარათი მოუხსნა. კანიმ წითელი ბარათი მას მერე მიიღო, რაც შეცვალეს. "რეალის" კარში პირველი გოლის ავტორი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, როცა ჟოზე მოურინიომ მეტისმეტი აღფრთოვანებით აღნიშნა კაკას გოლი "ვილიარეალის" სათადარიგოთა სკამის წინ - აღშფოთებულმა კანიმ წყლის ბოთლი მოისროლა პორტუგალიელის მისამართით. ასე რომ, კანის დისკვალიფიკაცია მოეხსნა და მან გუშინ "სამეფო თასზე" "სევილიას" წინააღმდეგ ითამაშა კიდეც.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული