დაჯილდოვების მეორე დღეს, უაღრესად პოპულარულ
- ჩავი, ინტერვიუ ცოტა ძველი ამბავით უნდა დავიწყოთ. 2008 წელს თქვენ ყველაფერი მოიგეთ, რისი მოგებაც შეიძლება. მიუხედავად ამისა, სეზონის დასრულების შემდეგ, როცა უკვე ევროპის ჩემპიონი გერქვათ, დანაყრებული მაინც არ ჩანდით. რატომ?
- ჰო, ჩემს ადგილზე ბევრი „დანაყრდებოდა“. შესაძლოა, ასე იმიტომ არ მოხდა, რომ მე ცოტა სხვანაირი ვარ. როცა წარმატებებს მიეჩვევი, უფრო და უფრო მეტი გინდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ვარ. ჩემთვის ფეხბურთი ნარკოტიკივითაა - რაკი მივეჩვიე და შემიყვარდა, უარს ვეღარასოდეს ვიტყვი.
- ...და „ბარსელონა“ ზედიზედ მესამედ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?
- ფაქტია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. გუნდში ყველაფერი იდეალურადაა: განწყობიდან დაწყებული, ფიზიკური მომზადებით დამთავრებული. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც გუნდს ტიტულების შესაგროვებლად სჭირდება. და რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს დაუოკებელი სურვილიც, რომელიც ჯერ არ განელებულა და იმედია, არც განელდება.
- პირადად თქვენ უკვე ყველაფერი მოგებული გაქვთ, რისი მოგებაც შეიძლება. ნუთუ არსებობს ისეთი რამ, რისი გამოცდაც ფეხბურთში კიდევ გინდათ?
- რა თქმა უნდა! თანაც, ძალიან ბევრი. მაგალითად, ძალიან მინდა, რომ „ბარსელონა“ კიდევ უფრო ძლიერი გუნდი იყოს, ზედიზედ ოთხჯერ გახდეს ესპანეთის ჩემპიონი და ფეხბურთის მოყვარულებმა მინიმუმ ერთი საუკუნის მერეც ჩვენზე ილაპარაკონ. კრუიფის დროს „ბარსა“ ზედიზედ ოთხჯერ გახდა ჩემპიონი და მინდა, რომ ის მიღწევა მინიმუმ გავიმეოროთ და მაქსიმუმ გავაუმჯობესოთ.
- წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი „უემბლიზე“ გაიმართება. ცხადია, ისიც გინდათ, რომ ამ ფინალს არ დააკლდეთ.
- რა თქმა უნდა! შარშანაც ძალიან გვინდოდა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გვეთამაშა და ჩემპიონთა ლიგის თასი მადრიდში მოგვეგო, მაგრამ „ინტერთან“ ნახევარფინალში მხოლოდ ერთი გოლი დაგვაკლდა. ახლა კი ყველა იმაზე ვოცნებობთ, რომ მოვიგოთ ფინალი იმ სტადიონზე, სადაც კრუიფის საოცნებო გუნდმა 1992 წელს ჩემპიონთა თასი პირველად მოიპოვა.
- სეზონის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის მატჩების მოგება ცოტათი გიჭირდათ...
- დიახ, პრობლემა მართლაც შეიქმნა. შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, სწრაფი გოლების გატანა და მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცევა გვიჭირდა. მიმდინარე სეზონში პირველ გოლს უმეტესად ჩვენს კარში ვიღებთ ხოლმე. ასე მოხდა, „ერკულესთან“, „პანათინაიკოსთან“, ყაზანის „რუბინთან“...
- ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტოქეებმა უკვე ისწავლეს, როგორ უნდა იბრძოლონ ამ მართლაც ბრწყინვალე „ბარსას“ წინააღმდეგ?
- ჩემთვის ყველაზე მთავარი ყოველთვის ისაა, რომ პირველი გოლი გავიტანოთ ხოლმე. როცა ანგარიშს ჩვენ ვხსნით, ეს თავდაჯერებას გვმატებს. მეტოქეები უმეტესად დაცვითი ტაქტიკით გვეთამაშებიან და როცა პირველი გოლი მათ გააქვთ, რაკი საერთო ჯამში ჩვენთან ფრეზე ოცნებობენ, მერე უკვე ძალიან გვიჭირს ხოლმე მათი გატეხვა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებიც „ბარსელონას“ სტილში თამაშობდა და სწორედ ასეთი პრობლემა შეგვექმნა ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩში შვეიცარიასთან, როცა მეტოქემ ანგარიში გახსნა და ჩვენ ვეღარაფერი გავაწყვეთ.
- „რეალი“ 5:0 გაანადგურეთ. არადა, მადრიდული გრანდი წელს, ჟოზე მოურინიოს ხელში, გაცილებით ძლიერია, ვიდრე შარშან ან შარშანწინ იყო...
- შესაძლოა, სხვა გუნდთან ნახევარი ძალით ვითამაშოთ, მაგრამ „რეალის“ წინააღმდეგ „ბარსელონა“ ყოველთვის ასი პროცენტით მოტივირებულია. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა ჩვენს გასახდელში მოედანზე გასვლამდე. თითოეული ფეხბურთელი კბილებს ილესავდა, ყველანი სასტიკი ომისთვის ვემზადებოდით. „რეალი“ მაგარი გუნდია და ახლა უკვე ძალიან მაგარი მწვრთნელიც ჰყავს, აღარაფერს ვამბობ ფეხბურთელებზე, მაგრამ როგორც ნახეთ, ჩვენამდე ძალიან ბევრი აკლიათ.
- ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ხართ. ეს სტატუსები ბოლომდე გაითავისეთ?
- ესპანეთის ნაკრები დიდი ტიტულებით არ იყო ცნობილი, ახლა კი დიდი თუ პატარა, ყველა იმეორებს, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები ვართ. პირადად ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატები კარგი ფეხბურთით მოვიგეთ - ისეთით, როგორის ყურებაც ხალხს ძალიან სიამოვნებს.
- ჰოლანდიასთან ფინალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა...
- ყველაზე მეტად ზეპ ბლატერის სიტყვებმა მასიამოვნა. ფიფას პრეზიდენტმა თქვა, დრო იყო, მუნდიალი ისეთ გუნდს მოეგო, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობსო. სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მუნდიალი და მისი შედეგი კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ ფეხბურთში ტექნიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ძალა. ნაღდად დიდი უსამართლობა იქნებოდა, ესპანეთის ნაკრების ამ თაობას მსოფლიოს ჩემპიონატი რომ არ მოეგო.
- მართალია ის, რომ ფინალის შემდეგ მაისური მიშელ პლატინის აჩუქეთ?
- დიახ, რადგან პლატინიმ მაისური მთხოვა, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. ამიტომაც, მაისურზე ხელი უდიდესი სიამოვნებით მოვაწერე და მიშელს გადავეცი. ხომ ხვდებით, ნაღდად განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა უეფას პრეზიდენტი, რომელიც თავის დროზე გენიალური ფეხბურთელი იყო, შენთან მოვა და მაისურს გთხოვს.
- ფეხბურთელი პლატინი გახსოვთ?
- როცა პლატინი ფეხბურთს თამაშობდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მამაჩემი თამაშის მისეულ სტილზე ძალიან ბევრს მიყვებოდა. მეუბნებოდა, პლატინი განუმეორებელი ფეხბურთელი იყოო. მიშელის დროინდელი „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე თამაშის ვიდეოჩანაწერი ნანახი მაქვს. პლატინი პირადად 1999 წელს, ნიგერიაში, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გავიცანი.
- ის ტურნირი ესპანეთმა მოიგო...
- ჰო და ყველა ფიქრობდა, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად მე დამასახელებდნენ, მაგრამ საუკეთესოდ ჩემი მეგობარი და თანაკლუბელი სეიდუ კეიტა აღიარეს. მაშინ პლატინი მომიახლოვდა და მითხრა, საუკეთესო შენ იყავი და ჯილდოსაც შენ იმსახურებდიო.
- და მას მერე თვალი დაგადგათ?
- დიახ. პლატინის მეც და ანდრეს ინიესტაც ძალიან ვუყვარვართ. ერთხელ გვითხრა, თქვენთან ერთად დიდი სიამოვნებით ვითამაშებდიო. ისიც წამოცდა, რომ მისი აზრით, ჩვენ პლატინისთან ერთად გაცილებით ეფექტურ ტრიოს შევქმნიდით, ვიდრე გენიალური ტიგანა-ჟირესი-პლატინის ტრიო იყო. დამეთანხმებით, ეს უდიდესი კომპლიმენტია.
- „ოქროს ბურთი“ ლეო მესის გადასცეს. არადა, ყველას ეგონა, რომ საუკეთესოდ ან თქვენ, ანაც ინიესტა დასახელდებოდა.
- ლეო ბრწყინვალეა, მაგრამ არ დაგიმალავთ, ძალიან მინდოდა, რომ ოქროს ბურთი ესპანელს მოეგო. თუმცა იმასაც ვამბობდი, თუ ინიესტა ან მე ვერ მოვიგებთ, მაშინ მესიმ უნდა აიღოს-მეთქი. ლეო ულაპარაკოდ საუკეთესო ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში „ოქროს ბურთს“ კიდევ არაერთხელ დაისაკუთრებს. 2010 წელს კი არც ისე კარგი სეზონი ჰქონდა, მე და ინიესტა კი მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით.
- ანუ, თქვენც ფიქრობთ, რომ 2010-ში მესი საუკეთესო არ ყოფილა...
- მინდა, რომ სწორად გამიგოთ. ლეოს ნაირი ფეხბურთელები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან. თუკი ოქროს ბურთი ინიესტასთვის ან ჩემთვის უნდა გადმოეცათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად, მუნდიალზე ცუდად ითამაშა. ზოგადად კი, ჩემი აზრით მესი მარადონაზე მაგარია! ლეოს ხანა დიეგოსაზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდება.
- როგორ ფიქრობთ, საუკეთესო მწვრთნელის წოდებას პეპ გვარდიოლა იმსახურებდა?
- იმსახურებდა! არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც ძალიან ტიტულოვანები არიან, მაგრამ მათზე, როგორც გენიალურ მწვრთნელებზე მაინც ძალიან ცოტა საუბრობს. გვარდიოლა კი უკვე დადგა არიგო საკის ან იოჰან კრუიფის გვერდით.
- რითი?
- ფეხბურთში სამივემ ბევრი რამ შეცვალა. მათ ახალი ტაქტიკები მოიგონეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ამ კატეგორიაში სერ ალექს ფერგიუსონსაც გავიყვანდი.
- და მოურინიო, რომელიც 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა?
- მას თავის გზა და სტილი აქვს, რომელიც უბრალოდ უნდა მივიღოთ. მე კი ვიცი, რომ არსებობს ორი მოურინიო - ადამიანი და მწვრთნელი, რომელსაც უყვარს პოლემიკა. ჟოზე კი მაქსიმუმ ტიტულებს დააგროვებს. სხვათა შორის, „რეალი“ 5:0 რომ გავანადგურეთ, ეს მოურინიოს დამსახურებაცაა.
- ეგ როგორ?
- იმ ფაქტმა, რომ ჟოზე „რეალის“ მწვრთნელია, თითოეულ ბარსელონელს მოტივაცია გაუორმაგა. ჟოზე მოურინიოს უყვარს მოგება, მოგება ნებისმიერ ფასად. მოგება ჩვენც გვიყვარს, ოღონდ მხოლოდ ლამაზი ფეხბურთით.
.