საიდან მოიტანეს, ფიფა "ატლეტიკოს" და "რეალს" ტრანსფერებს არ უკრძალავს

AutoSharing Option
გუშინ "მარკამ" და სხვა მედიასაშუალებებმა დროებით შოკში ჩააგდეს მადრიდული გრანდების ფანები - ისინი ავრცელებდნენ ორი რადიოსადგურის, "კადენა სერის" და "კადენა კოპეს" ინფორმაციებს, რის მიხედვითაც, "ატლეტიკოს" და "რეალს" ორი სატრანსფერო სეზონი სატრანსფერო საქმიანობა ეკრძალებოდა.

ეს აკრძალვა, თითქოს, ზაფხულისა და ზამთრის სეზონებს უნდა შეხებოდა (ისევე, როგორც "ბარსას" აქვს). წყაროს მტკიცებით, "რეალი" და "ატლეტიკო" უხეშად არღვევენ ფიფას წესებს მცირეწლოვან ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმებისას.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ "რეალმა" ოფიციალურად უარყო ბრალდება და კლუბის ვებსაიტზე დაიდო განცხადება, რომლის მიხედვითაც, "სამეფო კლუბი" მუდამ იცავს ფიფას წესებს.
"ეს ინფორმაცია თავიდან ბოლომდე სიცრუეა, "რეალი" ყოველთვის ასრულებს ფიფას მითითებებს და წესებს არ არღვევს", - წერია განცხადებაში.

მოგვიანებით ინფორმაცია უარყო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამაც. ამ ორგანიზაციის მტკიცებით, ფიფას არ მიუმართავს მათთვის "ატლეტიკოსა" და "რეალისთვის" სანქციების დადების მოთხოვნით.

თუმცა, ცხადია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ფიფას რომ პრეტენზიები ჰქონდა "რეალთან" არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერებთან დაკავშირებით, ადრეც გამცნეთ, თანაც, ფიფას წარმომადგენელმა გუშინ უარი განაცხადა ამ სიახლის კომენტირებაზე. ესპანურ მედიაში კი ისიც დაიწერა, რომ აღნიშნული აკრძალვა, შესაძლოა, კიდევ ერთ ესპანურ კლუბს, "ვილიარეალს" შეეხოს...

კასილიასის შესახებ

ესპანურ ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, იკერ კასილიასი ზაფხულში ლონდონის "არსენალში" გადაბარგდება. "რეალი" მზადაა, კლუბის ლეგენდას თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭოს. შეგახსენებთ, რომ 33 წლის იკერ კასილიასს კონტრაქტი კლუბთან 2017 წლის ზაფხულამდე აქვს, თუმცა მედიის ცნობით, ფლორენტინო პერესს აღარ სურს კასილიასი თავის გუნდში.

"რეალის" ყოფილი გოლკიპერი ფრანსისკო ბუიო მიიჩნევს, რომ ახლო წარსულში "რეალმა" დიდი შეცდომა დაუშვა, როცა დიეგო ლოპესს შეელია და კასილიასი დაიტოვა: "რეალი" ცუდად მოიქცა. კლუბმა დაიტოვა სათადარიგო მეკარე და უარი თქვა სასტარტო შემადგენლობის მეკარეზე. ამ ორში საუკეთესო კი უარყოფილი იყო. მაშინ კასილიასს ფანებმაც გამოუტანეს განაჩენი, ის უნდა წასულიყო", - განაცხადა ბუიომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული