ოთხშაბათს ესპანეთის ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირის, "სამეფო თასის" ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. ორივე უხვგოლიანი გამოდგა, თუკი "ბარსელონამ" პირველივე შეხვედრაში გადაწყვიტა "ბეტისთან" ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი, "ვილიარეალსა" და "სევილიას" კიდევ ერთი საინტერესო და გადამწყვეტი პაექრობა ელით.
სეგუნდადივიზიონის ლიდერ "ბეტისთან" "ოქროს ბურთის" ორგზის მფლობელმა ლეო მესიმ 44-ე წუთზე რომ მოხსნა გოლთა გუდას პირი, მანამდე არ დაწყნარდა, სანამ ამ დაპირისპირებაში საპასუხო მატჩს მნიშვნელობა არ დაეკარგა, არგენტინელმა ჯადოქარმა ჰეთთრიკი შეასრულა, "ბარსამ" კი ანდალუსიელებს "რეალის ანგარიშით", 5:0 მოუგო.
ამ თამაშით ლეომ კიდევ ერთხელ ათქმევინა "მარკას", ეს
თამაში იმით დაიწყო, რომ მესიმ ანდრეს ინიესტასთან და ჩავისთან ერთად გამოიტანა ძვირფასი ნივთი და მას "კამპ ნოუ" ოვაციებით შეხვდა. "ბეტისის" ორი ფორვარდი, ხორხე მოლინა და რუბენ კასტრო მართლაც სახიფათოდ უტევდა, განსაკუთრებით ეს პირველ მათგანზე ითქმის, რომელმაც ერთხელ ხელსაყრელი პოზიციიდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს, მეორედ კი "ბარსა" სარეზერვო მეკარე პინტომ იხსნა. არც მასპინძლები ისხდნენ გულხელდაკრეფილნი, პირველ ნახევარ საათში დავიდ ვილიამ ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს. "ბეტისის" გმირობანა კი I ტაიმის ბოლოსწინა წუთზე დასრულდა, როცა მესიმ გახსნა ანგარიში. არგენტინელმა ინიესტას პასი მიიღო და წინ გამოვარდნილ კასტოს ბურთი თავზე გადაუგდო. "ბეტისი" სულაც არ დანებდა, ტაიმის დამატებულ წუთზე კასტრომ ხარიხას გაარტყა ბურთი. იმავე ფორვარდმა მეორე ტაიმის პირველ წუთებში პინტოს მზადყოფნა ორჯერ შეამოწმა.
62-ე წუთზე მესიმ ვილიას პასი მიიღო, პირველი ცდით ვერ აჯობა კასტოს, მაგრამ თავადვე დაამატა და "ბარსა" ორი ბურთით დააწინაურა. მალე არგენტინელმა კასტო კიდევ ერთხელ გაამწარა. ამ სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრში 31 გოლი გაიტანა, 2010 წელს მის ანგარიშზე 6 ჰეთთრიკია, წლუელს კი სამი გოლი ლეომ პირველად გაიტანა. შემდეგ "ბეტისის" განადგურება "ოქროს ბურთის" მფლობელის თანაგუნდელებმა დაასრულეს, ჯერ დანი ალვეშის პასით პედრომ იხეირა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა სეიდუ კეიტამ გაიტანა.
ამ მატჩში ერთი სკანდალიც მოხდა - ერთმანეთს "ბარსელონას" მცველებმა "დააყარეს" - მორიგი ეპიზოდის გარჩევისას, დანი ალვეშმა და ჟერარდ პიკემ იკინკლავეს. არა, თანაგუნდელები ერთმანეთს ხელით არ შეხებიან, მაგრამ ბრაზილიელმა კატალონიელის შენიშვნა ისე იუკადრისა, რომ კარგა ხანს სდია, მაგრამ საჩხუბრად მაინც ვერ გამოიწვია.
ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ეს ის გუნდია, რომლითაც უნდა იამაყო. ჩვენ თითქმის ნახევარფინალში ვართ, მაგრამ ჩვენი მხრიდან არასპორტული საქციელი იქნება, რომ საპასუხო მატჩშიც კარგად არ ვითამაშოთ."
პეპე მელი (ბეტისი): "პირველი 50 წუთი ასეთი კარგი იყო ჩვენი გუნდისთვის. ჩვენ რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, პრიმერას საშუალო კლუბს ასეთი სიმამაცე არ ჰყოფნის "კამპ ნოუზე". არაფერი საწყენი არ არის, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან წავაგეთ."
გაცილებით საინტერესო სცენარით წარიმართა დღის მეორე მეოთხედფინალური მატჩი - "ელ მადრიგალზე" "ვილიარეალი" "სევილიას" მასპინძლობდა. თავიდან ისე წარიმართა მატჩი, რომ კინაღამ თასის მფლობელი ნაადრევად გამოვიტირეთ, მაგრამ საბოლოოდ ანდალუსიელებმა 6-გოლიან თრილერში სასურველ ფრეს მიაღწიეს - 3:3.
თამაშის დასაწყისში შუახაზი "სევილიამ" მოიგო, რაც ზოკორასა და რომარიკის დამსახურებაა. ანგარიში კი "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" გახსნა - 26-ე წუთზე თავით დისკვალიფიკაციას გადარჩენილმა რუბენ კანიმ გაიტანა, ნახევარმცველმა სანტი კასორლას დარტყმულს დაამატა. შეგახსენებთ, რომ კანის, წესით, არ უნდა ეთამაშა - კვირას მან წყლით სავსე ბოთლი ესროლა ჟოზე მოურინიოს სათადარიგოთა სკამიდან, მაგრამ თამაშის წინ საშეჯიბრო კომიტეტმა წითელი ბარათი კანის ყვითლით შეუცვალა.
მალე ჯუზეპე როსიმ კიდევ უფრო დააწინაურა მასპინძლები (რიკოშეტის წყალობით). რომ არა ალვარო ნეგრედო, "სევილიას" ცუდი დღე დაადგებოდა, ალვარომ კი ტაიმის ბოლოსკენ რომარიკის ჩაწოდებული დიდებულად გაიჩერა და მცველთან ჭიდილში დაარტყა მასპინძელთა კარში - 2:1.
მეორე ტაიმის დასაწყისში ასისტენტობა მსოფლიოს ჩემპიონმა ხოან კაპდევილამ იკისრა, გოლი კი არგენტინელმა მარკო რუბენმა გაიტანა, "წყალქვეშა ნავი" ისევ ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. ამის შემდეგ "სევილია" ნამდვილ შტურმზე გადავიდა, ჩანდა, რომ "ვილიარეალი" ვერ გაუძლებდა სტუმართა შეტევებს. რომარიკმა და კაპელმა დიდებულად გაითამაშეს კედელი, ამ უკანასკნელის ჩაწოდებულს კი ნეგრედომ თავური დაუხვედრა. მატჩის მიწურულს ანდალუსიელებმა მესამეც გაიტანეს, ეს მცველმა ალექსისმა შეძლო - 3:3. საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 19 იანვარს "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება, უკვე "სევილიაა" ფავორიტი.
ხუან კარლოს გარიდო (ვილიარეალი): "ნეგატიური შედეგია, ფრე და თან ამდენი გოლი გავუშვით შინ. თავიდან დავიწყეთ ფრთხილად და ორგანიზებულად დაცვის ხაზში, შემდეგ თამაშის ხასიათი შეიცვალა, ჩვენ ორი გოლი გავიტანეთ. ტაიმის მიწურულს ნეგრედოს გოლმა კი ბიჭებს თვითრწმენა დაუკარგა, 3:1-ზე თამაშის კონტროლის ხელში აღება შეგვეძლო, მაგრამ ძალიან ცუდად ვითამაშეთ დაცვაში. და მაინც, მსაჯს რუბენის გოლი რომ არ გაეუქმებინა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. არ ვიცი, რატომ ერჩიან მსაჯები "ვილიარეალს."
გრეგორიო მანსანო (სევილია): "ვილიარეალი" ისეთი გუნდია, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, აი, რატომ ვარ კმაყოფილი ამ შედეგით. ჩვენი მიზანი იყო გოლი გაგვეტანა და შემდეგ მოგებაზე გვეფიქრა, მართალია, გეგმა ვერ შესრულდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ახლა ჩემი მთავარი ამოცანაა, დაცვას მივხედო, რაღაც ბევრ გოლს ვუშვებთ ბოლო დროს."
ვილიარეალი-სევილია 3:3
ვილიარეალი (4-4-2): ხ. კარლოსი (45. დ. ლოპესი) - მარიო, კატალა, მუსაჩიო, კაპდევილა - კანი, ბ. ვალერო, მატილია (71. გონსალო), კასორლა - მ. რუბენი, როსი.
სევილია (4-2-3-1): ხ. ვარასი - დაბო, ალექსისი, ესკუდე, ფ. ნავარო - ზოკორა, რომარიკი, ხ. ნავასი (83. აკოსტა), პეროტი (70. კანუტე), კაპელი - ნეგრედო (89. ჩიგარინი).
გოლები: 1:0 კანი (24), 2:0 როსი (29), 2:1 ნეგრედო (39), 3:1 მ. რუბენი (55), 3:2 ნეგრედო (60), 3:3 ალექსისი (88)
ბარსელონა-ბეტისი 5:0
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო (79. აფელაი), მესი (85. ჟეფრენი), ვილია (74. კეიტა).
ბეტისი (4-4-2): კასტრო - ისიდორო, როკე, არსუ, ნაჩო - სევილია, ბენატი (57. ხუანდე), ირინეი (66. ხუანმა), ისრაელი (77. ხ. პერეირა) - რ. კასტრო, მოლინა.
გოლები: 1:0 მესი (44), 2:0 მესი (62), 3:0 მესი (73), 4:0 პედრო (75), 5:0 კეიტა (82)
.