გუშინ "ატლეტიკომ" ახალი ფეხბურთელი წარადგინა - ხუანფრანმა მადრიდული კლუბის ფორმა მოირგო. "ოსასუნას" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა "ვისენტე კალდერონზე" პირველი პრესკონფერენცია მოაწყო. 26 წლის ფეხბურთელმა თქვა: "კლუბის მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი, მათ ძალიან დიდი დაინტერესება გამოავლინეს ჩემს შესაძენად. ჩემი აწყმო და მომავალი "ატლეტიკოა". ჩემი პირველი ამოცანა თასიდან "რეალის" გამოგდებაა, ძალიან ვიამაყებ, როცა ამ მაისურას მოვირგებ", - განაცხადა ხუანფრანმა. შეგახსენებთ, რომ პრესკონფერენცია "რეალთან" პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ გაიმართა.
ბევრს საუბრობენ, რომ ხუანფრანმა გუნდში "ბეშიქთაშში" წასული სიმაო საბროსა უნდა შეცვალოს. აი, რა
აზრისაა ამაზე თავად ხუანფრანი: "სიმაო გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მაგრამ მე არ ვარ სიმაო, მე ხუანფრანი ვარ. შევეცდები კლუბს გამოვადგე."
ხუანფრანმა "ატლეტიკოსთან" 2015 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება, "ოსასუნა" მის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს. ხუან ფრანსისკო ტორესი ვალენსიის მხარიდანაა წარმოშობით. ის "რეალის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2004 წლიდან მან 6-ჯერ მოირგო "სამეფო კლუბის" ფორმა, უთამაშია "ესპანიოლშიც", "ოსასუნას" შემადგენლობაში კი 2006 წლიდანაა (148 თამაში, 11 გოლი). ხუანფრანს ესპანეთის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია, გარდა ეროვნული ნაკრებისა.
.