ჟოზე: კარგი იყო, მაგრამ მეტიც შეიძლებოდა

AutoSharing Option

ხუთშაბათის მეოთხედფინალური მატჩებიდან მადრიდული დერბი განსაკუთრებული იყო, თუმცა თავიდან "ალმერიასა" და "დეპორტივოს" დაპირისპირებაზე ვთქვათ - ხუან ორტისის ერთადერთი გოლით ანდალუსიურმა გუნდმა იმარჯვა, მაგრამ ეყოფა თუ არა მცირე უპირატესობა "რიასორზე" საპასუხო მატჩში (რომელიც 19 იანვარს გაიმართება) აუტსაიდერს, ჯერ კიდევ საკითხავია. "ალმერია" ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, მაგრამ "სამეფო თასის" წყალობით, შეიძლება, ევროთასებზეც კი მოხვდეს. ამის, რა თქმა უნდა, ნაკლებად გვჯერა, თუმცა მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ.  

უსახური თამაში გამოდგა, დაცვაში შეცდომის ორივე გუნდს ეშინოდა და ფაქტობრივად არ უტევდა. 34-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა

გახსნეს, როცა მარცხნიდან ჩაწოდებული ბურთი, სტუმართა რამდენიმე ფეხბურთელის გავლით ორტის მიუვიდა და მანაც "დეპორტივოს" კარი დალაშქრა. სტუმრები ამანაც არ გამოაფხიზლა, გალისიელები ისევ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ. მოკლედ ყველაფერი 19-ში გადაწყდება. 

ხოსე ლუის ოლტრა (ალმერია): "ჩვენ ძლიერად ვითამაშეთ და დაცვაში შეცდომა არ დაგვიშვია. მეტოქეს გოლის გატანის ერთი შანსიც კი არ ჰქონია. ამ წყვილში არაფერი გარკვეულა, "რიასორზე" უნდა ვიომოთ და ნახევარფინალში გავიდეთ. ერთი გოლი ჩვენსკენაა, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა ორიც ყოფილიყო."

მიგელ ანხელ ლოტინა (დეპორტივო): "დეპორტივო" აქცენტს ლა ლიგაზე აკეთებს, ჩვენთვის ამ ეტაპზე თასზე თამაში პრიორიტეტული არ არის. ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მეტოქემ მაინც შეძლო თავისი თამაში მოეხვია ჩვენთვის."


ალმერია-დეპორტივო 1:0

ალმერია (4-4-2): ესტებანი - მიჩელი, ს. ფერნანდესი, კ. გარსია, ბერნარდელო - ხუანმა ორტისი, მბამი, კორონა (88. პელერანო), პიატი (76. კრუსატი) - ულოა, უჩე.
დეპორტივო (5-4-1): მანუ - მ. პაბლო, ლოპო (46. ადრიანი), ზე კასტრო, რინდაროი, როჩელა - ხ. როდრიგესი (73. ჟუკა), რ. პერესი, ალვარესი (60. ვალერონი), დეზმარე - ლასადი.
გოლი: 1:0 ხუანმა ორტისი (34) 


დერბიში "რეალმა" 3:1 მოიგო, მესუთ იოზილის გოლმა ბოლო წუთებზე "ბლანკოს" ნახევარფინალში გასვლის უკეთესი შანსი მისცა. ჟოზე მოურინიო ინარჩუნებს უნიკალურ რეკორდს "სანტიაგო ბერნაბეუზე".  

თამაში კი უკეთ სტუმრებმა დაიწყეს, მათი პირველივე კონტრშეტევა გოლით დასრულდა - ხოსე რეიესმა გრძელი პასით სერხიო აგუერო მოძებნა, რომელიც აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იყო, თუმცა ეს თანამსაჯმა ვერ შენიშნა და აგუერო იკერ კასილიასთან პირისპირ გავიდა, იკერმა თითქოს შეძლო გუნდის გადარჩენა, ოღონდ წესის დარღვევით, მაგრამ იქვე ჩასაფრებულმა დიეგო ფორლანმა გაიტანა. მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა კარიერაში ერთ-ერთი იოლი გოლი შეაგდო და ამით, ალბათ, კასილიასიც იხსნა გაძევებისგან. 

"რეალი" წაგებებს ჩვეული არ არის და ჟოზეს ბიჭებმა საპასუხოდ რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს, კრიშტიანო რონალდომ ორჯერ შორი დისტანციიდან შეაშინა "ატლეტიკოს" ფანები, საპასუხო გოლი კი სერხიო რამოსმა გაიტანა, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ყველაზე მაღლა (თვით დე ხეაზე) სწორედ მსოფლიოს ჩემპიონი მცველი ახტა და თავით დიდებული გოლი გაიტანა.


დრო გადიოდა და "ატლეტიკო" მისთვის ხელსაყრელ ანგარიშს ინარჩუნებდა, მაგრამ თამაშის დაწყებიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ "რეალმა" ხელთ იგდო დამსახურებული ლიდერობა შეხვედრაში. კრიშტიანო რონალდომ ნავსი გატეხა და პირველად კარიერაში გაუტანა "ატლეტიკოს" - ყველაფერი კი იოზილის ბრწყინვალე ჩაწოდებას მოჰყვა. შეხვედრის დასრულებას წამები უკლდა, როცა იმავე იოზილმა გამოიჩინა თავი, ორი საგოლე პასის შემდეგ, ახლა გოლი გაიტანა, გერმანელს ბურთი რიკოშეტის წყალობით მიუვიდა. მატჩში საუკეთესოები იოზილი, დი მარია და რონალდო იყვნენ, წაგებულთა შორის კი - დე ხეა. სხვათა შორის, "ატლეტიკოს" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა "ოსასუნადან" ნაყიდ ხუანფრანს, რომელიც ყოფილი რეალელია.  

ჟოზე მოურინიო (რეალი): "თანამსაჯი რომ შეცდა სტუმართა გოლის შემთხვევაში, ყველამ კარგად დაინახა. ანგარიშის მიუხედავად, პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მეორეში. 3:1 კარგი ანგარიშია, მაგრამ მეტიც შეიძლებოდა და საჭიროც იყო."

კიკე ფლორესი (ატლეტიკო): "ორრაუნდიან ბრძოლებში ბევრი ვერ გვაჯობებს, ამიტომაც მივიჩნევ, რომ ჩვენ შეგვიძლია ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება. ყოველ შემთხვევაში, საპასუხო მატჩში ცდას არ დავაკლებთ. სიმართლე გითხრათ, მეტოქე ძალიან მომეწონა, "რეალი" ჩემპიონატის მატჩში ასე კარგად ვერ გვეთამაშა, დღევანდელი მეტოქით მოხიბლული ვარ."


რეალი-ატლეტიკო 3:1
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ს. რამოსი, რ. კარვალიო, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (89. გაგო), იოზილი (89. გრანერო), რონალდო - ბენზემა (56. კაკა).
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, დომინგესი, პერეა, ფ. ლუიში - რეიესი, რ. გარსია (50. მ. სუარესი), ასუნსაო, ხუანფრანი (89. ვალერა) - აგუერო, ფორლანი (78. ფ. მერიდა).
გოლები: 0:1 ფორლანი (7), 1:1 ს. რამოსი (14), 2:1 რონალდო (61), 3:1 იოზილი (89).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული