სერხიო რამოსი და დომინოს ეფექტი "რეალში"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფანებს მაინცდამაინც არ ახარებთ ამბავი მანჩესტერიდან, რომლის მიხედვითაც, დავიდ დე ხეამ მანჩესტერული სახლი გასაყიდად გამოიტანა - ეს ხომ პირდაპირ იმის მანიშნებელია, რომ ახალგაზრდა გოლკიპერი "რეალში" გადადის. არ ახარებთ იმიტომ, რომ იმავე მანჩესტერიდან მეორე ამბავიც შეიტყვეს - სერხიო რამოსს, რომელთანაც "სამეფო კლუბმა" ვერაფრით მოილაპარაკა, "იუნაიტედი" მსუყე წინადადებას სთავაზობს.

"რეალის" ფანებს, დე ხეას სავარაუდო შეძენა კი უხარიათ, მაგრამ სასტიკად არ სურთ "სამეფო კლუბის" სიმბოლოდ ქცეული 29 წლის მცველი დაკარგონ. არადა, ყველაფერი იქით მიდის...

და ტორსიდამაც ხმა ამოიღო - "რეალის" გულშემატკივართა
კლუბების წარმომადგენლებმა მოუწოდეს სერხიო რამოსს და "რეალის" ხელმძღვანელობას, კიდევ ერთხელ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ახალი კონტრაქტის პირობები განიხილონ და როგორმე შეთანხმებამდე მივიდნენ.

"ისინი უნდა დასხდნენ და დაილაპარაკონ, "რეალის" მომავლისთვის, სერხიო რამოსი კიდევ დიდხანს უნდა იყოს გუნდში", - აცხადებს ხოსე ლუის რამოსი ალვარადოს ფანკლუბის წარმომადგენელი, - "ყოველთვის შეიძლება მოხდეს ისე, რომ პროფესიონალმა ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალოს. ჩვენ ძალიან მოგვწონს რამოსი და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ის ისევ "რეალში" დარჩეს".

"მარკას" ვერსიით, სერხიო რამოსმა მას მერე გადაწყვიტა "რეალთან" განშორება, რაც მის აგენტ რენეს აწყენინეს "სამეფო კლუბში". რენე უფრო მეტია, ვიდრე აგენტი სევილიელისთვის - ის ხომ მისი უფროსი ძმაა. თუკი სერხიო მიიჩნევს, რომ რენეს ცუდად მოექცნენ "რეალში", ეს იმას ნიშნავს, რომ სერხიოსაც ცუდად შეეხნენ...
რამდენად მართალია, ძნელი სათქმელია, მაგრამ უფროსი ძმა რენე სერხიოს მას მერე პატრონობს, რაც სერხიო 10 წლის გახდა.

კასემირო წავა?
ამასობაში სერხიო რამოსის შესაძლო წასვლამ ხმები ააგორა, თითქოს, "ვალენსიას" არგენტინელი მცველი ნიკოლას ოტამენდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაცვლად, "რეალში" გადადის. რადგან ოტამენდი არაევროკავშირელია, გამოდის, რომ ერთ-ერთ არაევროკავშირელს "რეალიდან" წასვლა მოუწევს ოტამენდის "სამეფო კლუბში" გადასვლის შემთხვევაში.

ჩამოვთვალოთ "რეალის" არაევროკავშირელები: ხამეს როდრიგესი, დანილო, ლუკას სილვა და კასემირო. ბუნებრივია, პირველს და ახალწვეულ დანილოს ეს არ ემუქრებათ. რჩება ლუკას სილვა და კასემირო. "მარკას" ცნობით, ამ შემთხვევაში, კასემიროს დღეები დათვლილია. როგორც ხედავთ, სერხიო რამოსის წასვლამ შესაძლოა, დომინოს ეფექტი გამოიწვიოს გუნდში.

ოტამენდი თუ კოშელნი
კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც "რეალთან" და მის ტრანსფერებთან არის დაკავშირებული - "სამეფო კლუბი" მზად არის, ლონდონის "არსენალს" ლორან კოშელნის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. 29 წლის ფრანგი მცველი ბუნებრივია, სერხიო რამოსის შემცვლელად განიხილება. "კოშელნი" 2010 წლიდან თამაშობს არსენ ვენგერის გუნდში.

მისი კონტრაქტი "მეთოფეებთან" 2017 წლამდეა გათვლილი. უკანასკნელ პრემიერლიგაში კოშელნიმ 27 მატჩში (26 სასტარტოში) მიიღო მონაწილეობა და 4 ყვითელი ბარათი მიიღო. ისე, "რეალის" ფანების გამოკითხვამ აჩვენა, რომ რამოსის შემცვლელად მათ ოტამენდი ურჩევნიათ კოშელნის, თუმცა ოტამენდი გუნდს 50 მილიონი ევრო დაუჯდება.

დედლაინი
ასეა თუ ისე, რაფა ბენიტესის გუნდში ყველაფერი 11 ივლისამდე უნდა გადაწყდეს - 11 ივლისს "რეალი" ავსტრალიურ შეკრებაზე მიემგზავრება და უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს ის ბირთვი, რომელსაც "სამეფო კლუბის" ახალი თავკაცი დაეყრდნობა. ბუნებრივია, იმ დროისთვის უკვე უნდა იყოს ცნობილი სერხიო რამოსის წასვლა-დარჩენის ამბავი, ისევე, როგორც დავიდ დე ხეას - მოსვლის. დე ხეას ტრანსფერსაც დომინოს ეფექტი მოჰყვება - იკერ კასილიასი, სავარაუდოდ, წავა.

"რეალი" 21 დღის განმავლობაში მოემზადება და ივარჯიშებს ავსტრალიასა და ჩინეთში.

ვნახოთ, რა იქნება - სერხიო რამოსს მაგიდაზე "იუნაიტედის" წინადადება უდევს, სადაც "რეალისთვის" გადასახდელ თანხად 45 მილიონი ევრო წერია. ხუთ წელიწადში თავად სერხიო 55 მილიონ ევროს მიიღებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრა პატრონობს, საშუალო სკოლა 29 წლისას დაამთავრებინა...
უფროსი ძმა რენე სერხიოს მას მერე პატრონობს, რაც სერხიო 10 წლის გახდა.
16:41 29-06-2015
0

სიახლეები პოპულარული