ამ საქციელში მეფური არაფერია! - როგორ ექცევა მადრიდის "რეალი" გუნდის ლეგენდებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" იკერ კასილიასი გაუშვა. გაუშვა "პორტუში", სადაც 34 წლის მეკარე, სავარაუდოდ, კარიერას დაასრულებს.

კასილიასის შესაძლო წასვლაზე ხმები აქამდეც დადიოდა, თუმცა მაინც ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც მოხდა.

დასრულდა ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო. მაშინ სულ პატარა იკერ კასილიასი პირველად შევიდა "რეალის" საფეხბურთო სკოლაში. მერე მან გაიარა ყველა საფეხური. უკვე თექვსმეტი წელია, კასილიასის გარეშე "რეალის" წარმოდგენა არ შეიძლება.

არ შეიძლება ჩვენთვის. როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესისა და რაფა ბენიტესისათვის შეიძლება.

დღევანდელ ფეხბურთში კონკურენციის მომენტი ძალიან დიდია. მოუკლებ ოდნავ? გრანდის კარი
შენთვის იკეტება. რა თქმა უნდა, იკერი ამ ასაკში ისეთი ვეღარ არის, ვთქვათ, ხუთი წლის წინ რომ იყო, მაგრამ ბოლო სეზონი კასილიასმა კარგად ჩაატარა.

"რეალმა" ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ვერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მაგრამ ეს მეკარის ბრალი არ არის. ვეტერანი კარგი იყო. ვეტერანი იღებდა ზოგჯერ აუღებელ ბურთებსაც კი. მას მაინც არ დაუფასეს.

რა თქმა უნდა, "რეალის" ხელმძღვანელობა ახალ მეკარეს იყიდის. დიდი ალბათობით, ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯი დავიდ დე ხეა იქნება. დე ხეა კარგი მეკარეა. ის ახლა დიდებულ ფორმაშია და გასულ სეზონში საუკეთესო იყო "იუნაიტედის" შემადგენლობაში. ეს გასაგებია. გასაგებია მისი ტრანსფერიც.

სამაგიეროდ, გაუგებარია, რატომ არ დატოვეს იკერი გუნდში. მას თავისუფლად შეეძლო, დე ხეასათვის კონკურენცია გაეწია. დაე, ამ ბრძოლაში უძლიერესს გაემარჯვა. რა საჭირო იყო ასეთი რადიკალური ნაბიჯი?

ბევრს უნდა, რომ მომავალ სეზონში "რეალი" უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე ახლაა. ამ სურვილში მკრეხელობა არაფერია. და მაინცდამაინც იკერის წასვლა განაპირობებს ამას? მაინცდამაინც ის უნდა გაცლოდა "სანტიაგო ბერნაბეუს"?

ვთქვათ, იკერი აღარ არის ძველებური კასილიასი. ის ხომ ლეგენდაა, ვინც "რეალთან" ერთად ყველა ტიტული მოიგო; ის ხომ ხალხის რჩეულია? განა, ჩვენ ბებერ და ერთგულ ძაღლებს ვყრით სახლიდან, როცა ისინი ძველებურად მხნედ აღარ არიან?

იკერი "რეალის" ერთგული ძაღლი იყო. შეურაცხყოფის გარეშე. იყო ძალიან დიდი. სხვა საქმეა მისი სათამაშო თვისებები და ის პიროვნულადაც ძალიან დიდია. ბევრი მის ადგილზე დაიბოღმებოდა, იკერმა კი "პორტუში" გადასვლის შემდეგ თქვა:

"რეალი" ჩემს გულშია. მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვამბობდი: "მადრიდი" და ამ სიტყვას ყოველთვის ვიტყვი, სადაც უნდა ვიყო", - განაცხადა კასილიასმა.


ვერაფერს იტყვი, დიდსულოვანი საქციელია. ისეთი, როგორიც ეკადრებოდა იკერ კასილიასს - მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს! მილიონობით ფანის კერპსა და ამდენივე დამწყები ფეხბურთელის მუზას.

ვინ გაუშვა იკერი?
საყურადღებო განცხადება გააკეთეს იკერ კასილიასის მშობლებმა. მათი თქმით, "რეალის" სიმბოლო გუნდიდან კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გაუშვა. რატომ გადადგა პერესმა ასეთი ნაბიჯი?

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კასილიასმა პრეზიდენტის რისხვა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო დაიმსახურა და ამ მიზეზს დავიდ დე ხეა ჰქვია. "რეალის" პირველკაცი აღარ მალავს, რომ მას გუნდში ესპანეთის ნაკრების მეკარის გადაბირება სურს.

გასაგებიცაა - დე ხეა გაცილებით ახალგაზრდაა და პერსპექტიული, ვიდრე იკერი. დავიდი მომავალია, იკერი - წარმავალი. ეს ყველამ იცის, მაგრამ განა ამისათვის კასილიასის გაწირვა საჭირო იყო? ბუნებრივი გადარჩევა მაინც მოხდებოდა, თავისთავად...

ბენიტესის შავი ლაქა
რაფა ბენიტესს ჯერ "რეალში" მოღვაწეობა არ დაუწყია და უკვე გვარიანი შავი ლაქა "აირტყა". შესაძლოა, ის არ ყოფილა იკერის "რეალიდან" გაშვების მთავარი ინიციატორი, მაგრამ ფაქტია - მოვიდა თუ არა რაფა "სამეფო კლუბში", იკერი წავიდა.

შესაძლოა, ამან "რეალის" ფანობასა და გამოცდილ ესპანელ სპეციალისტს შორის ეგრევე წარმოქმნას კონფლიქტი.

გავიხსენოთ, რა მძიმე დღეების გადატანა მოუხდა ჟოზე მოურინიოს ერთი ხანობა, როცა მან კასილიასი სათადარიგოთა სკამზე დასვა. მაშინ პორტუგალიელი ფანობის დიდმა ნაწილმა მოიძულა და თეთრი ცხვირსახოცები უფრიალა ჟოზეს. "ბერნაბეუ" მაშინ ერთ დიდ ფუტკრის სკას დაემსგავსა. მერე იკერმა თავდაუზოგავი შრომით დაიბრუნა ადგილი "რეალის" ძირითად შემადგენლობაში, პორტუგალიელის შერყეულ ავტორიტეტს კი არაფერი ეშველა.

ჟოზე მოურინიო მსოფლიოს უდიდესი მწვრთნელთაგანია. ცხადია, მას შეუძლია გარისკოს. ჟოზეს რისკის არ ეშინია და ეს ხშირად ამართლებს კიდეც. სხვა საქმეა, როგორ შემოუტრიალდება ბენიტესს კასილიასზე უარის თქმა.

მთელ მსოფლიოში "რეალის" მილიონობით ქომაგი მიიჩნევს, რომ ბენიტესი არ იყო "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელობის ღირსი და ის მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა დედაქალაქელთა სამწვრთნელო სავარძელში, რომ ფლორენტინო პერესმა ასე მოისურვა.

მართლაც, ბოლო დროს ბენიტესის სამწვრთნელო პროგრესი შეჩერებულია. რაფამ ჩააფლავა მრავალმილიონიანი პროექტი ნეაპოლში. ბევრი მიიჩნევდა, რომ მას შემდეგ, რაც ბენიტესმა "ნაპოლიში" ვალტერ მაძარი შეცვალა, გუნდს კიდევ უფრო კარგი შედეგები უნდა ეჩვენებინა, მაგრამ...

რაფამ თავი მოაბეზრა მომთხოვნ სამხრეთულ პუბლიკას გაუთავებელი ექსპერიმენტებითა და ნოვაციებით. სადღაც გაქრა "ნაპოლის" განთქმული შემტევი სტილი, რომლითაც ეს გუნდი მთელ იტალიაში იყო განთქმული.

სამაგიეროდ, უმატა არაფრისმთქმელმა ესპანურმა და სამხრეთამერიკულმა ტრანსფერებმა. "ნაპოლის" გულშემატკივრები ბენიტესს იმის გამოც შემოსწყრნენ, რომ მან "ნაპოლი", პრაქტიკულად, "რეალის" დუბლებად აქცია.

დიახ, საკმარისი იყო, რომელიმე ფეხბურთელზე "რეალს" უარი ეთქვა ან ნაკლებად მოთხოვნადობის გამო მის გაყიდვაზე დაფიქრებულიყო, რომ ის იმ წამსვე "ნაპოლიში" აღმოჩნდებოდა.

იკერი არ გვემშვიდობება
იკერ კასილიასს ჩვენ ძალიან ხშირად ვნახავთ. მადრიდული სენტიმენტები იქით იყო და, ძალიან კარგია, კასილიასი პორტუგალიურ გრანდში რომ გადავიდა. "პორტუს" მატჩების ხილვა ყოველ უქმეებზე შეგვიძლია. ამასთან ერთად, პორტუგალიური გრანდი აუცილებლად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე. ესეც ლეგენდარული ესპანელის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა.

ერთიც: კასილიასი მივიდა გუნდში, რომლისთვისაც გამარჯვება ჩვეულებრივი ამბავია. პორტუგალიის ჩემპიონატში "პორტუ" ყველაფერს იგებს. ხანდახან ვერ იგებს მაშინ, როცა "ბენფიკას" ეთამაშება, ასევე, "სპორტინგს".

იკერი საშუალო გუნდში ვერ წავიდოდა. ის მთელი კარიერის განმავლობაში გამარჯვებებს შეეჩვია და ახლა ვერაფრით გადაეჩვევა. გადაეჩვევა მხოლოდ მაშინ, როცა დამსახურებულ პენსიაზე გავა.

როდემდე?
როდემდე უნდა იყოს უმადური "რეალი" თავისი ლეგენდების მიმართ? ეს კითხვა დღეს ყველას აწუხებს. აღარც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - ფერნანდო იერო, ფერნანდო მორიენტესი თუ რაულ გონსალესი...

"სამეფო კლუბი" ძალიან ხშირად თამაშობს მეფურ ფეხბურთს, მაგრამ ამ საქციელში მეფური არაფერია. ის უფრო მდაბიოს შეეფერება!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რაც თავი მახსოვს რეალს რაული-მორიენტესი-ზე მაგარი დავთასხმა არასდროს ყოლია და ძალიან დიდი ხანი არ ეყოლება....
0
რეალს როდესაც ახსენებთ პირი გამოირეცხეთ,რეალი იყო ,არის და იქნება პლანეტის პირველი კლუბი,მასთან ვერავინ დადგება გარდა სანტიაგო ბერნაბეუს და დი სტეფანოსი,რაულს რაც შეეხება არავის გაუშვია,ისე როგორც კასილასი,კლუბში მაქსიმალური ასაკი 34 წელია.ამ ასაკს იქეთ არავის ათამაშებენ.
madridista
11:47 14-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული