ქარიმ ბენზემას იშვიათი გოლის წყალობით მადრიდის "რეალი" ცხრილში "ბარსელონას" დევნას განაგრძობს. სეზონის II ნახევარი "სამეფო კლუბმა" მძიმედ დაიწყო - "მალიორკას" 1:0 სძლია, თუმცა სამი ქულა სამი ქულაა და "ბარსასთან" ჩამორჩენა ისევ 4 ქულას შეადგენს, მთავარიც ეს არის.
"რეალის" ოფიციალურმა საიტმა "მალიორკასთან" მატჩში საუკეთესოებად ბენზემა და ჩაბი ალონსო შერაცხა. ბასკი ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ შესვენების შემდეგ შემოვიდა, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ფრანგი ფორვარდისა კი რა მოგახსენოთ - ერთი კი გაიტანა, მაგრამ ხუთი მაგდენი გაანიავა. სხვათა შორის, 23 წლის თავდამსხმელმა სეზონში სულ მე-2 გოლი
მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს იმის ახსნა მოუწია, რატომ არ ათამაშა სასტარტო შემადგენლობაში მესუთ იოზილი და ჩაბი ალონსო. შეგახსენებთ, რომ "მალიორკასთან" მატჩში ნახევარდაცვაში თავიდან ითამაშეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორიც ფერნანდო გაგო, ესტებან გრანერო და კაკაა. გაგოსთვის და გრანეროსთვის ეს პირველი შემთხვევა იყო სეზონში, როცა ისინი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ. ჟოზეს ამ ყველაფრის ახსნა-განმარტება იმიტომ მოუწია, რომ კაკამ და გაგომ თამაში ჩააგდეს და შესვენების შემდეგ ისინი პორტუგალიელმა თავკაცმა გამოცვალა კიდეც.
ჟოზემ, სხვათა შორის, მარტივი ახსნა გამოუძებნა ექსპერიმენტს - თქვა, რომ ექსპერიმენტისთვის არ მიუმართავს, ეს იყო როტაცია, რომელიც "სევილიასთან" მოახლოებული მატჩით იყო გამოწვეული. წესით და რიგით, სათასო შეხვედრებში ასვენებენ ხოლმე ჩემპიონატში გადაღლილ ვარსკვლავებს, მაგრამ ახლა "რეალს" ცოტა სხვა სიტუაცია აქვს - "სევილიასთან" "სამეფო თასის" ნახევარფინალი ელის, ეს კი უკვე ტიტულთან ერთი ნაბიჯია და ანდალუსიელებთან დაპირისპირებასაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მოკლედ, თქვა კაცმა, ის ხალხი დავასვენე, ვისაც "სევილიასთან" სასტარტოში მოუწევს ნახევარდაცვაში თამაშიო.
აი, რა თქვა მოურინიომ მატჩის შემდგომ: "ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი და ძნელი გამარჯვება მოვიპოვეთ კარგად ორგანიზებულ მეტოქესთან. "მალიორკა" ისეთი შემართებით და ტემპით თამაშობდა, რომელსაც ჩვენ თავს უფლებას ვერ ვაძლევთ, ფეხბურთელების გადაღლილობის გამო. მეტოქეს შეეძლო მთელი კვირის განმავლობაში მომზადებულიყო ჩვენთან სათამაშოდ, დაესვენა. როგორ შეიძლება შევადაროთ ეს ჩვენს მზადებასთან? ამასთან ერთად, არ დაგვავიწყდეს რომ, "მალიორკა" კარგი გუნდია, რომელსაც ასევე კარგი მწვრთნელი ჰყავს და ორგანიზებულად თამაში შეუძლია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ ისევ ვიბრძვით: ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში და ესპანეთის თასის ნახევარფინალში ვართ, ლა ლიგაში კი მე-2 ადგილზე ვართ.
"ატლეტიკოსთან" დერბი ვინმეს ამხანაგური ტესტმატჩი არ ეგონოს. ასე რომ, ჩემი ბიჭები ემოციურად და ფიზიკურად თავს გადაღლილად გრძნობდნენ. "ატლეტიკოს" ჩვეულებრივი თამაში კი არ მოვუგეთ, არამედ თასის საპასუხო მეოთხედფინალი. არავის უნდოდა დათმობა, ნამდვილი ჯახი იყო. ერთი კვირის განმავლობაში ორი დერბი კი მეტისმეტია ჩვენთვისაც კი.
"მალიორკასთან" შემადგენლობაში ცვლილებები იმიტომ შევიტანე, რომ ოთხშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩემი გადაწყვეტილება იყო რისკიანი, მით უფრო რომ ხედირა დამტვრეული იყო და ვერ ითამაშებდა. სხვათა შორის, ხედირა "სევილიასთან" თამაშს შეძლებს. გავრისკე და კინაღამ არ გამიმართლა, მაგრამ ერთი ვიცი - ოთხშაბათს ასე თუ ისე დასვენებულ ნახევარდაცვას გამოვიყვან, რაც მახარებს. ასე ჩავვარდით II ტაიმის წინ რთულ მდგომარეობაში, 0:0 "მალიორკას" წინააღმდეგ. ამიტომ ორმაგი შეცვლა გახდა საჭირო, რამაც დაალაგა სიტუაცია.
თუკი ფანები მხარს უჭერენ გუნდს, ისინი მხარს უჭერენ მწვრთნელსაც, რადგან გუნდი ეს მე ვარ. მე არ მიყვარს და არც არაფერში მჭირდება ინდივიდუალების მხარდაჭერა.
მადლობელი ვარ, მაგრამ არაფერში მჭირდება. მე მსურს გუნდის გვერდში მდგომი ფანები და ისინი არიან კიდეც გუნდის გვერდში. რა თქმა უნდა, არ ველი, რომ დღევანდელი თამაშის შემდეგ ისინი უზომოდ ბედნიერები უნდა იყვნენ, მაგრამ ძალიან ძნელია იანვარში 9 მატჩი ითამაშო და 9-ვე მაღალ დონეზე. გუნდს თავის ზეზღვარი აქვს და მიუხედავად ამისა, აგრძელებს მოგებებს, მთავარი კი ეს არის.
ძალიან სამწუხაროა, რომ 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზის ასაღებად იტალიაში ვერ ჩავალ. ოთხშაბათს "სევილია" გველის და სულ ორი დღე მაქვს იმისთვის, რომ გუნდი მოვამზადო. არადა როგორ მინდოდა იქ ყოფნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია, რომელსაც სერია ა-ს ფეხბურთელები გადასცემენ მწვრთნელებს. ძალიან გამიხარდა, როცა ამ გამარჯვების შესახებ მითხრეს, მით უფრო, რომ კონკურენტებს 90-ზე მეტი პროცენტით ვაჯობე. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია, მაგრამ ვერაფრით ვიქნები აპენინებზე.
მოურინიოს ამდენი მოვუსმინეთ და არც მიქაელ ლაუდრუპი დავივიწყოთ. აი, რა თქვა თამაშის შემდეგ "მალიორკას" დანიელმა დამრიგებელმა, "რეალის" ყოფილმა ათიანმა: "ჩვენ ბევრი გამოუყენებელი შანსი გვქონდა. ოთხს მაინც ეთქმოდა საგოლე მომენტი, განსაკუთრებით ნსუეს შესვლას გამოვყოფ, მაგრამ გოლი ვერც ერთხელ ვერ გავიტანეთ.
შუახაზში კარგად ვითამაშეთ, არადა ამდენი ახალგაზრდა გამოვცადეთ. არის თუ არა შედეგი სამართლიანი? ვფიქრობ, სიტყვები სამართლიანი და უსამართლო ფეხბურთს კარგად არ შეეფერება. სამაგიეროდ ბევრი რამაა, რის გამოც ამაყი ვარ, პირველ ტაიმში დუდუ ავატეს თამაშში ჩართვა არ დასჭირვებია, განა ეს საამაყო არ არის? შეცვლები იმიტომ არ გავაკეთე, რომ ეს ბიჭები დიდებულად თამაშობდნენ და ცდილობდნენ წაგებისგან თავის დაძვრენას. ალბათ, ვიმსახურებდით იმ ფრეს, რომლისთვისაც ამდენი ვიბრძოლეთ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ."
მოკლედ, მოურინიომ სიტყვა შეასრულა და იტალიის 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზის ასაღებად არ წავიდა რომში. გუშინ "რეალმა" ჩვეულებრივ ივარჯიშა, არადა ის ფეხბურთელები, რომელთაც ჩემპიონატის მატჩში მონაწილეობა მიიღეს, როგორც წესი მსუბუქი ვარჯიშით იფარგლებიან ხოლმე, მაგრამ ოთხშაბათს "სანჩეს პისხუანზე" დიდი მატჩია...
სხვათა შორის, "სევილია"-"რეალის" დაპირისპირებას უკვე დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ინტერნეტში გაჩნდა ვიდეორგოლი "სევილიას" ფეხბურთელების მონაწილეობით. კლიპი საკმაოდ აგრესიულია "რეალის" მიმართ და ბოლოს თითოეული ფეხბურთელი ამბობს: Vamos deixar-te sem o titutlo, რაც ქართულად შემდეგს ნიშნავს: "ჩვენ ტიტულის გარეშე დაგტოვებთ".
"რეალი" და "სევილია" სამეფო თასზე სულ 11-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 7-ჯერ სამეფო კლუბმა იმარჯვა, 4-ჯერ "სევილიამ".
"რეალის" ბანაკში არ წყდება ლაპარაკი ფორვარდის სავარაუდო დამატებაზე. როგორც ჩანს, ჰოლანდიელ რუუდ ვან ნისტელროის მართლა არ უშვებს "ჰამბურგი" ესპანეთში.
ფორვარდმა ლამის უკანასკნელ ხერხს მიმართა - მან გამოაცხადა, რომ კლუბს 1 მილიონ ევროს საკუთარი ჯიბიდან გადაუხდის, ოღონდ "სამეფო კლუბში" სათამაშოდ გაუშვას.
გერმანული კლუბი მაშინ გაჯიუტდა, როცა ყველას ეგონა, რომ ჰოლანდიელის იჯარა სეზონის ბოლომდე "რეალში" გაჩარხული იყო. "ჰამბურგში" ამრტკიცებენ, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ 34 წლის ფორვარდის დახმარება ამ სეზონში თავად არანაკლებ ესაჭიროებათ. წლეულს "ჰამბურგის" მიზანი ბუნდესლიგის ტოპ ოთხეულში მოხვედრაა.
თავიდან "რეალს" საკმაოდ იაფად, უფრო კი უფასოდ სურდა ფონს გასვლა, მაგრამ "ჰამბურგი" მოლაპარაკებათა მაგიდასთან 4 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ თუ დაჯდებოდა. "მარკას" ბოლო ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" თანახმა იყო 2 მილიონ ევროს გადახდაზე, პლუს "ჰამბურგის" 125-წლიან იუბილეზე ამხანაგურ თამაშზეც. ამის შემდეგ თავი რუუდმაც გამოიდო და ჯიბეზე გაიწია.
მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. "ჰამბურგის" პრეზიდენტმა ბერნდ ჰოფმანმა ოფიციალურ საიტს განუცხადა: "ჩვენ "რეალისგან" მივიღეთ ოფიციალური წინადადება, რომელიც განვიხილეთ, მაგრამ ვუარყავით. ამის შესახებ ეცნობა თავად ფეხბურთელსა და მის აგენტს. ჩვენ ვიბრძვით ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის და ახლა ვან ნისტელროის წასვლაზე ფიქრიც კი არ შეიძლება."
დავუბრუნდეთ ისევ "მალიორკასთან" ერთადერთი გოლის ავტორ ბენზემას, რომელიც ემილიო ბუტრაგენიომ შეაქო: "თუ რა შეუძლია ფრანგს, როგორი ნიჭი აქვს, კარგად დაგვანახა მან "მალიორკასთან" მატჩში. ჩვენ სამი ქულა მისი გოლის წყალობით მოვიპოვეთ, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. იანვრის თვე რომ მძიმე იქნებოდა, ვიცოდით, მაგრამ მოურინიომ იცის, როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციებში", - აი, ეს თქვა "რეალის" ლეგენდამ და დღევანდელმა დირექტორმა. ბენზემას მხარს იკერ კასილიასიც უჭერს, რომელიც ამტკიცებს, რომ გუნდის ერთადერთ ჯანმრთელ ფორვარდს მთელი გუნდი უნდა გაუფრთხილდეს: "ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ის. მომავალში ამ კაცმა გაზეთების პირველი გვერდები უნდა დაიპყროს. ჩვენ იმიტომ ვართ მის მხარეს, რომ ქარიმი დიდებული პიროვნებაა, ბუზსაც კი არ აწყენინებს რამეს. მოდი, მივცეთ საშუალება ბენზემას, აკეთოს თავისი საქმე, ნუ მოვაქცევთ წნეხში, დავტოვოთ მარტო თავის თავთან", - თქვა მსოფლიოს ჩემპიონმა გოლკიპერმა.
.