ლუიშ ფაბიანო - ჰეთთრიკის კაცი

AutoSharing Option
თქვენს წინაშეა ლა ლიგის II ნახევრის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საფეხბურთო საიტის Goal.com-ის ვერსიით. XX ტურის რჩეულებს 3-4-3 ტაქტიკური სქემით შემოგთავაზებთ.


მეკარე
იკერ კასილიასი (რეალი): "სამეფო კლუბის" მეკარე სიმბოლურში უკვე იმის ნიშანია, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს ბოლო ტურში ძალზე გასჭირვებია, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ "მალიორკასთან" მატჩში "სან იკერი" ძალზე დაკავებული იყო მეტოქეთა დარტყმების მორიგეობით, მაგრამ ორი ძალზე სერიოზული მოგერიება კი ჩაიწერა ანგარიშზე, რომელთა გარეშე ჟოზე მოურინიო ძალზე სერიოზულ ხათაბალაში გაეხვეოდა.  რომ არა მისი საოცარი რეაქცია პიერ

ვებო თამაშის ბოლო წამზე "რეალისთვის" ძალზე მტკივნეულ გოლს გაიტანდა. პირველ შემთხვევაშიც კასილიასმა 29 წლის კამერუნელს მოუგო რანდევუ.

მცველები
კარლოს გარსია (ალმერია): როგორც იქნა, ხოსე ლუის ოლტრას გუნდმაც მოიგო საკუთარ მოედანზე. "ოსასუნასთან" თამაშში კატალონიელმა მცველმა დაამტკიცა, რომ "ალმერიასთვის" მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც დაცვაში, მის ძირითად მოქმედების არეალში, ასევე შეტევაში. მე-8 წუთზე სწორედ "ესპანიოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა გახსნა ანგარიში.


ჟოზე ნუნიეში (მალიორკა): ბალეარელებმა "რეალს" სეზონში ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ათამაშეს. "მალიორკას" ნაკლებადგამოცდილ დაცვის ხაზს ძალზე კარგად ხელმძღვანელობდა 33 წლის პორტუგალიელი. ის, რომ კრიშტიანო რონალდოც ვერ ირჯებოდა ჩვეულებრისამებრ სახიფათოდ, ნუნიეშის დამსახურებაა.


სერხიო სანჩესი (სევილია): ყველა მოუთმენლად, მაგრამ შიშით ელოდა, როგორ შეეგუებოდა დატვირთვებს 24 წლის მცველი, რომელმაც სპორტული კარიერა ხელახლა დაიწყო გულის სერიოზული დაავადების მორჩენის შემდეგ. თურმე სულაც არ ყოფილა სანერვიულო, კლასი თავისას აკეთებს, "ესპანიოლისა" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ძალიან კარგად დაბრუნდა - "სევილიაც" დაცვაში გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე სანჩესის გარეშე.

ნახევარმცველები
ლუის გარსია (ესპანიოლი): ახალ სეზონში კაპიტანი ოდნავ განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს - ის ფლანგიდან ეხმარება "ესპანიოლის" მთავარ ფორვარდს. უნდა ითქვას, რომ ლუის გარსია ამ როლს დიდებულად მოერგო და "ბლანკი ი ბლაუს" სეზონის წარმატებაში ლომის წილიც გარსიას ეკუთვნის. "ხეტაფესთან" მატჩში ლუის გარსიამ ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი ბრწყინვალე პასით კალეხონი გაიყვანა დასარტყამ პოზიციაზე, რის წყალობითაც კატალონიელები დაწინაურდნენ.

 

სანტი კასორლა (ვილიარეალი): ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს დიდებული სეზონი აქვს. დღეისათვის, კასორლა "ვილიარეალის" თამაშის სანახაობრივი მხარის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, გუნდისა, რომელიც დღეისათვის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშზე და აუღებელი ციხესიმაგრესავითაა "ელ მადრიგალზე". სანტი კასორლას ორი პასის წყალობით იტალიელმა ჯუზეპე როსიმ დუბლი შეასრულა.

 

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): კატალონიური გრანდი განაგრძობს მეტოქეთა განადგურებას, "რასინგის" შუახაზი აბა რას გახდებოდა "ოქროს ბურთის" სამ პრეტენდენტთან? "ბარსა" დასახლდა კანტაბრიელთა ნახევარზე და ინიესტას ერთადერთი ამოცანა, "რასინგის" დაცვაში ღრიჭოების პოვნა იყო, რასაც ანდრესმა თავი ბრწყინვალედ გაართვა. ინიესტამ სეზონში მე-7 გოლიც გაიტანა.


პედრო (ბარსელონა): მოდი, მივათვალოთ პედროც ნახევარმცველებს, რადგან ფორვარდების პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, ხოლო პედროს სიმბოლურსმიღმა დატოვება არ ეგების. პედროს სულ რაღაც წუთნახევარი დასჭირდა მორიგი გოლის გასატანად. ბოლო 10 მატჩში პედრომ 10 გოლი გაიტანა, შესაშური პროდუქტიულობაა მისთვის. ამის გარდა, პედროს დიდი დამსახურებით გავიდა მესამე გოლი.

თავდამსხმელები
ჯუზეპე როსი (ვილიარეალი): იტალიელის გაბრწყინებას ამ სეზონში ბევრი ელოდა, შარშან მან ბევრი დაკარგა ტრავმებისა და პირადი პრობლემების გამო. ასეც მოხდა, ამ სეზონში როსი ბრწყინვალედ თამაშობს, "რეალ სოსიედადთან" შეხვერდაში ჯუზეპე ყოველთვის ხიფათის მთავარი შექმნელი იყო, ორი გოლიც გაიტანა.

 

ლუიშ ფაბიანო (სევილია): ბრაზილიელმა "ლევანტეს" სამი გოლი გაუტანა, ამით მან ყველას აჩვენა, თუ რა ძლიერი ფორვარდია. ბრაზილიელს უკვე 8 გოლი დაუგროვდა სეზონში, თუმცა არცთუ ყოველთვის თამაშობს. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ მისი პირველი გოლი - ფანტასტიკური თავური, შორეული მანძილიდან. ტურის საუკეთესო ფეხბურთელია.


ჟულიო ბაპტიშტა (მალაგა): ბრაზილიელი სიტყვის კაცი ყოფილა. დაიქადნა, "ახალი მალაგა" ნამდვილ ბრძოლას "ვალენსიასთან" მატჩით იწყებსო და აასრულა კიდეც. ის კარგად შეეწყო ანდალუსიელთა შეტევის ხაზში ვენესუელელ რონდონს. ძალიან კარგი სოლოგოლიც გაიტანა. ვფიქრობთ, ბაპტიშტა "მალაგას" გადარჩენის კამპანიაში დიდ როლს ითამაშებს.


სხვები, რომელთა აღნიშვნა გვსურდა: ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), ჟულიენ ესკუდე (სევილია), ხავი მარტინესი (ბილბაო), ევერ ბანეგა (ვალენსია), ემილიო ნსუე (მალიორკა), რობერტო სოლდადო (ვალენსია), ხოსე რონდონი (მალაგა).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული