პიკენბაუერის რეალელი კერპი და ბარსელონელი ცხოვრების მაგალითი

AutoSharing Option

 

ორშაბათ საღამოს ფიფას ოფიციალურმა საიტმა "ბარსელონას" მცველ ჟერარდ პიკესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. არა გვგონია, ერთ დღეში ინტერვიუს აქტუალურობა დაეკარგა, ამიტომ მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ხოსეპ გვარდიოლას შეგირდთან საუბარს.

- თქვენ დაგასახელეს 2010 წლის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში...
- ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომაც თითოეული ბედნიერი წუთით ვტკბები. ძალიან გამიმართლა, რომ წარმატებული ვარ ფეხბურთში. მიხარია, რომ ჩემმა კოლეგებმა ასე დამაფასეს.
- მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში "ბარსელონას" 6 ფეხბურთელია, აქედან 5 კლუბის აღზრდილია...
- თავად ფაქტი, რომ ხუთნი "ლა მასიას" აღზრდილები

ვართ, ძალზე მნიშვნელოვანია. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ხალხს, ვინც აქცენტს, შინ გაზრდილ ტალანტებზე აკეთებდა, სწორი გეზი აურჩევია და ახლა ისინი შესაბამის შედეგებს იმკიან. ამ ხალხში "ბარსელონას" ევროც კი არ გადაუხდია, არადა 5 მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებში მოხვდა. კლუბისთვის, მისი ფანებისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
- თქვენი აზრით, რა არის "ლა მასიას" წარმატების საიდუმლო?
- ყველაზე დიდი დამსახურება ისაა, რომ "ლა მასიამ" ახალი საფეხბურთო სტანდარტი დააწესა. "ლა მასიას" იდეები შემდეგშია: იბრძოლო ბურთისთვის, გაუფრთხილდე ბურთს, არ დაკარგო ბურთი უაზროთ, გააკეთო კარგი პასი. პერსონალურ დონეზე "ლა მასია" ადვილად გიხსნის, რომ ცხოვრებაში ფეხბურთი ერთადერთი რამ არ არის, არსებობს ბევრი რამ მოედნის გარეთაც, სადაც უნდა იყო პატიოსანი, გაუფრთხილდე მეგობრებს და იშრომო ბევრი, ძალიან ბევრი...
- ანუ "ბარსელონას" წარმატების საიდუმლო ბევრი შინ გაზრდილი ფეხბურთელია?
- რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ ზეპირად. ის, რომ ჩვენს გასახდელში იდეალური სიტუაცია ბავშვობიდან რომ ერთად მოვდივართ ამის დამსახურებაა. საფეხბურთო თვალსაზრისით კი შედეგები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე.
- თქვენ "ლა მასიას" წევრებისგან განსხვავებით ცოტა სხვა გზა აირჩიეთ, წახვედით ესპანეთიდან, თუმცა ბოლოს მაინც "ბარსაში" დაბრუნდით. როგორ ფიქრობთ, რატომ არ წარიმართა თქვენი მანჩესტერული კარიერა ასევე როგორც "ბარსელონაში"?
- როცა "იუნაიტედში" გადავედი, მხოლოდ 17 წლის ვიყავი. ძალიან ბევრი ვისწავლე იქ რიო ფერდინანდის, უეინ რუნის და სხვათა გვერდში ყოფნით.  ვფიქრობ, იმისთვის ძალიან პატარა ვიყავი, რომ მსოფლიოს ორ საუკეთესო ცენტრალური მცველისთვის, ფერდინანდისთვის და ნემანია ვიდიჩისთვის რამე დამემტკიცებინა. სერ ალექს ფერგიუსონი მათ დიდად აფასებდა. მაგრამ "მანჩესტერში" ძალიან ბევრი ვისწავლე. ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან და ყოფილ თანაგუნდელებთან, მივიჩნევ, რომ კარიერის ინგლისური ეტაპი კარგი და სასარგებლო მქონდა.
- თქვენ ისევ "ბარსას" დაუბრუნდით, სადაც ხოსეპ გვარდიოლას ზეობის ხანაში თამაშობდა, რა აქვს ასეთი განსაკუთრებული პეპს?
- მას შეუძლია ფეხბურთის არსი გაგაგებინოს, ამიტომაა განსაკუთრებული მწვრთნელი. ის უბრალოდ ბრძანებებს კი არ გასცემს, იქვე გიხნის ძალზე გასაგებად რატომ უნდა გააკეთო ასე და არა ისე. ის გხდის უკეთეს ფეხბურთელად, რადგან გაგებინებს ყველაფერს, თითოეული ჩანაფიქრის არსს.
- მან რაღაცებიც შეცვალა, მაგალითად, დასრულდა დრო, როცა "ბარსას" ფეხბურთელები სასტუმროში ერთად ათენებდნენ მატჩისწინა ღამეს...
- ის ცოტა სხვანაირად ფიქრობს, მეტად ენდობა ადამიანებს, თანმიმდევრულია ცუდ დროებაშიც და ლხინის დროსაც. თავის თავში დარწმუნებული მწვრთნელია.
- რას იტყვით გვარდიოლას ტაქტიკურ განსწავლულობაზე?
- მას ძალიან ბევრი ვარიანტის შემოთავაზება შეუძლია, თუმცა როცა სათამაშოდ გავდივართ "ბარსას" საფეხბურთო ფსიქოლოგიას არ ვღალატობთ, რაც გამოიხატება ბურთის კონტროლში. ამ ბაზისის გამოყენებით ბევრი რამის ცვლილებაა შესაძლებელი, 4 მცველიდან 3-ზე გადასვლა, ნახევარდაცვის ხაზის შეცვლა. ასეთ რამეებს ვახორციელებთ კიდეც თამაშებში, ამიტომაც გვაქვს მეტოქეებზე დიდი უპირატესობა.
- ეჭვსგარეშეა 2010 წელი თქვენს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაინც რომელ მომენტს გამოჰყოფთ?
- რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს და გამარჯვებას. მთელი ქვეყანა გაერთიანდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა ფეხბურთს ეს ძალუძს. ერთი თვე ვიყავით სამხრეთ აფრიკაში, თავიდან ზოგიერთ გუნდელს კარგად არც ვიცნობდი, თუმცა ტურნირი ყველამ ახლო მეგობრებად დავასრულეთ.
- 23 წლის ხართ და თითქმის ყველაფერი მოიგეთ, რა არის თქვენი მოტივაცია ამის შემდეგ ფეხბურთში?
- როცა იხსენებ ამ დიდ გამარჯვებებს, მეტი მოტივატორი ახალი გამარჯვებების მისაღწევად საჭირო აღარ არის. გამარჯვებაზე კარგი არაფერია.
- მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრები ძველებურად ვეღარ გამოიყურება, რატომ?
- მისმინეთ, ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო მატჩები ძალიან კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ. წავაგეთ ამხანაგურ მატჩებში არგენტინასა და პორტუგალიასთან, ორივე ძალიან მაგარი გუნდია. ვფიქრობ, თუკი ოდესმე წაგება შესაძლებელია, კიდევ კარგი, ახლა წავაგეთ. რა თქმა უნდა, 1:4 და 0:4 ის ანგარიში არაა ესპანეთის ნაკრები, რომ აგებდეს და მომავალში ასეთს აღარ გავიმეორებთ.
- ესპანეთის ნაკრებში ყველაზე გამორჩეული ტვიტერელი თქვენ ხართ, სოციალურმა ქსელებმა 21-ე საუკუნეში ბევრი ფეხბურთელი ჩაითრია...
- ძალიან კარგი საშუალებაა ახლოს იყო შენს ფანებთან. მათთვის საინტერესოა მეტი შეიტყონ ფეხბურთელებისგანვე. კიდევ უფრო კარგად ვხდებით ჩვენს დანიშნულებას.
- ტვიტერზე ხშირად იყენებთ ფრაზას "მოკ, მოკ" და რას ნიშნავს?
- არც არაფერს, პუიოლთან და სესკთან ერთად ვიყენებ ხოლმე ჩათში. ნიშნავს, რომ ერთმანეთი გვენატრება, სესკი შორს, ლონდონში ცხოვრობს და...
- ფეხბურთის გარდა რა გაინტერესებთ?
- ძალიან მიყვარს ჩემს ბავშვობის მეგობრებთან ერთად დროის გატარება, ნამდვილ ჟერარდს მხოლოდ მათთან ურთიერთობაში ნახავთ. მიყვარს კინოში სიარული, კითხვა, კომპიუტერი. მოკლედ, თანამედროვე ახალგაზრდებისგან ბევრი არაფრით განვსხვავდები.
- შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ კიდევ დატოვებთ "ბარსელონას"?
- აქ ჩემი სახლია და ეს ის გუნდია, სადაც თამაშზე ვოცნებობდი. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა და სად უნდა წავიდე? აღარასოდეს!
- თქვენ გუნდს მუდამ აქვს ბურთი, ეს, როგორც მცველს კონცენტრაციას არ გიკარგავთ?
- უნდა ნახოთ ბურთის ფლობის რა პროცენტით იგებს "ბარსა" თამაშებს. რა თქმა უნდა, ამ დროს არსებობს სწრაფი კონტრშეტევების საფრთხე, ფხიზლად უნდა იყო.
- როცა იზრდებოდით, ვინ იყო თქვენი კერპი
, იდეალური ფეხბურთელი?
- მახსოვს, როგორი აღტაცებით ვუყურებდი ფერნანდო იეროს თამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ ის "რეალში" თამაშობდა, "ბარსას" მთავარ მეტოქე გუნდში. ახლა კი ძალიან ვაფასებ სამ მცველს: ფერდინანდს, ვიდიჩს და პუიოლს, რომელიც ჩემი ნამდვილი მეგობარია და ჩემთვის მაგალითი ყველაფერში...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული