არის ადებაიორი!

AutoSharing Option

დასრულდა, გაირკვა იმ ფორვარდის ვინაობა, ვისაც მადრიდის "რეალი" ამ დღეების განმავლობაში ეძებდა ტრავმირებული გონსალო იგუაინის მაგივრად. თუ გახსოვთ, ერთხელ "მარკას" 8-კაციანი სიაც ჩამოვთვალეთ სავარაუდო "ბლანკოებისა", ზოგი ჭორი გამოდგა, ზოგი ბოლოს "რეალმა" აღარ ისურვა, ჰოლანდიელ რუუდ ვან ნისტელროის კი ვერ შეწვდა და ასე დარჩა ემანუელ ადებაიორი, ფორვარდი, რომლის მადრიდში გადასვლასაც თვის დასაწყისში ყველაზე მეტად ვარაუდობდნენ კიდეც - 26 წლის ტოგოელი დღეს ყველაზე ახალი რეალელია.

აფრიკის 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა 2006 წელს მოაწერა ხელი ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტს და სადებიუტო მატჩში, 21-ე წუთზევე

გაიტანა. ის მაღალი და ძლიერია, ბურთს კარგად ფლობს, მოკლედ, ძლიერი ფორვარდია.
2009 წლის ზაფხულში მან კლუბი შეიცვალა, "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა და პირველ სეზონში 14 გოლი გაიტანა, წლევანდელ სეზონში 12 მატჩში მან 5 გოლი შეაგდო. ადებაიორი აღარ თამაშობს ეროვნულ ნაკრებში. ევროპულ კარიერაში 354 მატჩში 124 გოლი გაიტანა.
ადებაიორმა სეზონის ბოლომდე გააფორმა "რეალთან" საიჯარო ხელშეკრულება. "სამეფო კლუბში" ირწმუნებიან, რომ მათ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც აქვთ, რაზეც სიტყვიერად (?) შეუთანხმდნენ "მანჩესტერ სიტის". შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინის ტრავმის შემდეგ კლუბში მხოლოდ ერთი ჯანმრთელი ფორვარდი დარჩა ქარიმ ბენზემა, რომელმაც სეზონში სულ ორი გოლი გაიტანა - ერთი სექტემბერში და მეორე ახლახან "მალიორკასთან" მატჩში.


ალვეში ალბათ წავა

როგორც ჩანს, "ბარსელონა" დაკარგავს თავის ბრაზილიელ მარჯვენა მცველს - კლუბი ვერაფრით ახერხებს კონტრაქტის გაგრძელებას დანი ალვეშთან. ყველაფერი ჩიხში შევიდა. გუშინ ამ საკითხში სიცხადე ხოსეპ გვარდიოლამ შეიტანა. თასის ნახევარფინალის მატჩის წინ მწვრთნელმა დანი ალვეშთან წარმოქმნილ პრობლემაზეც ილაპარაკა: "დანისთYან საფუძვლიანი საუბარი მქონდა. მე ავუხსენი, რას ვგრძნობ და როგორი პოზიცია მაქვს, ვუთხარი, რომ არ მსურს დარჩეს გუნდში, თუკი თავს ბედნიერად არ გრძნობს. ალვეში ძალიან დამსახურებული ფეხბურთელია კლუბისთვის, მას აქვს უფლება მოითხოვოს, რასაც ითხოვს, მაგრამ კლუბსაც აქვს უფლება დათანმხდეს ან არ დათანხმდეს. მინდა, რომ დანი თავს კარგად გრძნობდეს, აქ თუ სხვა კლუბში", - განაცხადა გვარდიოლამ.
ბარსელონას დამრიგებელმა ერიკ აბიდალის კონტრაქტზეც თქვა, ფრანგთან მიმართებაში ცოტა სხვა სიტუაციაა და გვარდიოლა ფიქრობს, რომ აბიდალი მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს. მანვე დაუსვა წერტილი ხმებს, თითქოს ტიაგო ალკანტარა გადადის: "ტიაგო არსად არ მიდის. მომავალ სეზონში ის პირველი გუნდის წევრი იქნება, ის რჩება".

როსი - 2016

"ვილიარეალმა" გამოაცხადა, რომ იტალიელმა ფორვარდმა ჯუზეპე როსიმ კლუბთან 2016 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი. არადა იტალიის ნაკრების ფორვარდი ის ფეხბურთელია, ვის შესაძლო წასვლაზე ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ ესპანეთში. როსი, რომელმაც დუბლი შეასრულა ბოლო ტურში და სეზონში 11 გოლი დაუგროვდა, "ელ მადრიგალზე" დიდ ხანს დარჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული