ჩავი: "ოქროს ბურთი" მესის - საფეხბურთო სამართლიანობის ზეიმია

AutoSharing Option
ჩავი დარწმუნებულია, რომ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კლუბში მუშაობას გააგრძელებს: "ეჭვი არ მეპარება, რომ გვარდიოლა დარჩება. მის გარეშე "ბარსა" ვერ წარმომიდგენია, ის გუნდის მექანიზმის მთავარი დეტალია. გუნდში დარჩენა მისთვისაც და ჩვენთვისაც საუკეთესო ვარიანტია."

"ბარსელონას" ნახევარმცველის თქმით, მას ქუჩაში მადრიდის "რეალის" ფანებიც კი აჩერებენ: "ბარსელონას" თამაში ყველა გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებს. ექვსი წლის წინ ისე ჩანდა, რომ ჩემი და ინიესტასნაირი ფეხბურთელები ქრებოდნენ. დღეს კი მსოფლიო ფეხბურთში ტონს ჩვენ ვამკვიდრებთ და ეს სიამაყის საბაბია."

ჩავის არც მთავარ მეტოქეზე საუბარზე უთქვამს უარი: "რეალი" ყოველთვის
დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. იქ დიდი მოთამაშეები და დიდი მწვრთნელი ჰყავთ. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ გასულ წელს ისტორიაში საუკეთესო ჩემპიონატი ჩავატარეთ და მიუხედავად ამისა, გამარჯვებული ბოლო ტურამდე არ გარკვეულა."

მოთამაშემ განსაკუთრებით მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი გამოჰყო: "მოურინიოს შესანიშნავად ესმის თამაში, ის ბუნებით გამარჯვებულია და იცის, რას აკეთებს. ის მეტოქეებსაც კი მოტივაციას აძლევს. მოურინიო მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს."

ჩავიმ უკანასკნელი კლასიკოც გაიხსენა, როგორც მისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი: "ეს წარმოუდგენელი იყო, სიზმარს ჰგავდა. არამხოლოდ იმიტომ, რომ 5 გოლი გავიტანეთ, არამედ იმის გამოც, რომ მოედანზე სრული უპირატესობა ვიგრძენით."

მას ყურადღების არედან არც "ოქროს ბურთის" ამასწინანდელი დაჯილდოება გამორჩენია: "ეს "ბარსელონას" დღესასწაული იყო. არავინ იცოდა, ჩვენ სამიდან ვინ მოიგებდა. როდესაც ჯილდო ლეოს მისცეს, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ საფეხბურთო სამართლიანობამ იზეიმა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა, ის მაინც საუკეთესოა და ეს ყველა მატჩში ჩანს."

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა თემა გააგრძელა და თქვა: "ვერაფერს ვხედავ უცნაურს იმაში, რომ ჯილდო მე არ მერგო. ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა და მასში ინდივიდუალური პრემიები ყოველთვის ობიექტური არ არის. მაგალითად, რაულს, კასილიასს და პუიოლს ასევე არ მიუღიათ "ოქროს ბურთი", თუმცა იმსახურებდნენ."

სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატი ჩავიმ სასიამოვნოდ გაიხსენა: "ფეხბურთელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი არაფერია, ვაღიარებ. ესპანეთის ნაკრებში თამაში დიდი პატივია. შესანიშნავი გუნდი გვყავდა, შესანიშნავად ვიასპარეზეთ. რა თქმა უნდა, ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშსაც ვისურვებდი, მაგრამ მაშინ უკვე 34 წლის ვიქნები...''

"ბარსელონას" ნახევარმცველმა აღიარა, რომ რამდენჯერმე კლუბის დატოვებასთან ახლოს იყო: "იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ამაზე სერიოზულად დავფიქრდი, მაშინ საქმეები ცუდად მიმდიოდა. ჩემს პოზიციაზე გვარდიოლა თამაშობდა, მოედანზე იშვიათად გამოვდიოდი და სწორედ მაშინ მივიღე "მილანისგან" შემოთავაზება. ასეთი ფიქრები შემდეგაც მწვევია, მაგალითად, მაშინ როდესაც გუნდიდან რაიკაარდი წავიდა."

ჩავიმ ისიც თქვა, რომ თავის დროზე შესაძლო იყო მადრიდში აღმოჩენილიყო: "როცა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, შესაძლებლობა მქონდა "რეალში" მივსულიყავი, მაგრამ მე თავს უკვე "ბარსას" მოთამაშედ მივიჩნევდი". ამჟამად, ჩავის თქმით, "რეალის" წინადადებას არც კი მოისმენდა: "იმედი მაქვს კარიერას "ბარსელონაში" დავასრულებ. ჩემი კლუბი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მთელი სულით მასთან ვარ."


მომზადებულია Marca-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული