ავაზა, რომელიც ხარივით ჯანმრთელია

AutoSharing Option

მაშ ასე, როგორც იქნა, "რეალმა" გონსალო იგუაინის ტრავმით გამოწვეული პრობლემა გადაჭრა და თავდასხმაში კაცი დაიმატა - 26 წლის ტანმაღალი ტოგოელი ემანუელ ადებაიორი. მაშინ როცა, ადებაიორი მადრიდის ტორეხონის აეროპორტში გამოჩნდა დილის 11 საათზე, გუნდი მთელი შემადგენლობითა და იუბილარი მწვრთნელით (ჟოზე მოურინიო 48 წლისა გახდა) სევილიაში იმყოფებოდა "სამეფო თასის" პირველი ნახევარფინალური მატჩის გასამართავად. საერთოდაც, ამ სათასო დაპირისპირებამ ესპანეთში ჩრდილში მოაქცია ადებაიორის ტრანსფერი.

ტოგოელის ესპანეთში ჩამოსვლასთან ერთად გაირკვა მისი ტრანსფერის დეტალები, რაღაც-რაღაცები დაზუსტდა კიდეც - ადებაიორი "რეალში" 6-თვიანი იჯარით გადავიდა, მის სანაცვლოდ ესპანური

გრანდი არაფერს გადაუხდის "მანჩესტერ სიტის", თუმცა კი თავად ტოგოელს საკმაოდ მსუყე გასამრჯელოს მისცემს - 4 მილიონ ევროს 6 თვის განმავლობაში (და არა 2 მილიონს, როგორც გუშინ გავრცელდა). "რეალს" აფრიკელი ფორვარდის გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლებაც აქვს, ოღონდ საამისოდ 15 მილიონი ევრო უნდა გაამზადოს ზაფხულში. მოკლედ, დიდ მოგებაშია "სიტი" მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო თანხა არ მიუღია - ინგლისური კლუბი ადებაიორს წელიწადში 7,5 მილიონ ევროს უხდიდა და სულ ტყუილად თუ არა, მაინც ძალიან ბევრს ფეხბურთელისთვის, რომელმაც ნახევარ სეზონში 8 მატჩი ითამაშა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და ისიც პენალტის ნიშნულიდან. "სიტის" ფული გვარიანად დაეზოგება. იხეირა ადებაიორმაც, მაღალი ხელფასიც შერჩა და გრანდში დამკვიდრების ბრწყინვალე შანსიც მიიღო. აი, რა მოიგო (თუ წააგო) "სამეფო კლუბმა", ცოტა მოგვიანებით შევიტყობთ.

ადებაიორმა აეროპორტიდან ეგრევე "სანიტას ლა მორალეხას" კლინიკას მიაკითხა, სადაც სრული სამედიცინო შემოწმება გაიარა, რაც უკვე აუცილებელი ატრიბუტია ნებისმიერი ტრანსფერის, მით უფრო ასეთი მაღალი დონის ტრანსფერის. კლინიკიდან აფრიკელი ფეხბურთელი დოქტორ კარლოს დიესის დასკვნით გამოვიდა, სადაც შავით თეთრზე ეწერა - ემანუელ ადებაიორი ხარივით ჯანმრთელია. დიესი მართლაც გაოცებული იყო: "ეს რა ვნახეთ, ადებაიორს გასაოცარი ჯანმრთელობა აქვს. მას ვარჯიშის უფლებას თუნდაც ახლავე ვაძლევ." "სიტის" ყოფილმა შევტევმა ათამდე სხვადასხვა ტესტი გაიარა და ყველაში უმაღლესი ქულა მიიღო.


რა ღირს მოუს ერთი სურვილი?

მაშ, რას ელოდოს მოურინიო, რომელიც იგუაინის ტრავმის შემდეგ დაჟინებით მოითხოვდა ფორვარდის დამატებას და თავიდანვე აფრიკელი "ავაზის" კანდიდატურის მომხრე იყო. მოკლედ, მწვრთნელს სურვილი აუსრულეს, რაც კლუბს 4 მილიონი ევრო დაუჯდა. ჯერ მწვრთნელსა და მის ახალ შეგირდზეა, რას მოინადირებს მოუ "ავაზასთან" ერთად? გახსოვთ ალბათ, ერთხელ პორტუგალიელმა ძალიან ბევრი ილაპარაკა ნადირობაზე, კატებითა და ძაღლებით ნადირობაზე, "განსაკუთრებული" წუწუნებდა, კატებით ნადირობა შესაძლებელია, მაგრამ ძნელიაო. ახლა მის მენიუშია "ძაღლებით ნადირობა". ფლორენტინო პერესი და ხორხე ვალდანო (რომელიც ახალი ფორვარდის დამატების პირველი წინააღმდეგი იყო) დაუყოვნებლივ მოითხოვენ შედეგს ამ ტრანსფერისგან. არადა, შეგახსენებთ, რომ აფრიკელს ამ სეზონში ჩემპიონატში ბურთი თამაშიდან ჯერ არ გაუტანია, ბოლოს მოედანზე კი 1 დეკემბერს გავიდა.


ვისი ტომის ხარ, ადე?

მაშ, ვინ არის "რეალის" ახალწვეული? კლუბის ისტორიაში ტოგოელი ფორვარდი მე-4 აფრიკელი ფეხბურთელია კამერუნელი სამუელ ეტო'ოს, მისი თანამემამულის, ჯერემი ნჯიტაპისა და მაჰამადუ დიარას შემდეგ. "რეალში" სხვა ფეხბურთელებსაც უთამაშიათ აფრიკული წარმოშობით, მაგალითად, კონგოური წარმოშობის ფრანგ კლოდ მაკელელეს.

შეი ემანუელ ადებაიორი ტოგოს დედაქალაქ ლომეს მკვიდრია, თუმცა წარმოშობით ნიგერიული ტომის იორუბას წარმომადგენელია. ადებაიორს გაუმართლა, როცა ტოგოს 15-წლამდელთა ნაკრებში აიყვანეს (მას შეეძლო ნიგერიის ნაკრებში თამაშიც, მაგრამ ტოგო არჩია). იქ კი ფრანგული "მეცის" სკაუტებმა აღმოაჩინეს. 1999 წელს მან წარმატებით გაიარა სინჯები "მეცში" და ორი სეზონი კლუბის 17-წლამდელთა გუნდში ითამაშა, შემდეგ კი სარეზერვო გუნდში დააწინაურეს. 2001 წელს კი მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. 2003 წელს მან "მონაკოსთან" გააფორმა კონტრაქტი და ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა.

 

2006 წლის იანვარში ადებაიორი "არსენალმა" 3 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდა, მას ეგრევე "პატარა კანუ" შეარქვეს (სხვათა შორის, ნვანკვო კანუ ადებაიორის ბავშვობის კერპია). აფრიკელი "არსენალის" მოწინავე ფეხბურთელი გახდა, ფანები ტრიბუნებზე მღეროდნენ კიდეც: "ადებაიორ, ადებაიორ, მიეცით პასი ის გაიტანს" მის გასამხნევებელ სიმღერებს, თუმცა 2009 წელს მან კიდევ ერთხელ გამოიცვალა კლუბი - 25 მილიონ ფუნტ სტერლინგად. მას ჰქონდა გიჟური პირველი სეზონი "სიტიში", მაგრამ ახლა ისტლენდზე სხვა ხალხის ჟრიამული ისმის. ემანუელი აფრიკის 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. ერთი წლის წინათ ადებაიორის ცხოვრებაში ისეთი, რამ მოხდა, რამაც მისი დამოკიდებულება ბევრი რამისადმი რადიკალურად შეცვალა, ემანუელი თითქმის ბავშვობიდან ევროპაშია და აფრიკული გაჭირვების მთელი სიმწარე არ გამოუცდია - შარშან იანვარში კი ანგოლაში აფრიკის თასზე ავტობუსით მიმავალი ტოგოს ნაკრები ვიღაც სეპარატისტებმა ჩაცხრილეს (სამი ადამიანი გარდაიცვალა), თუმცა თავად უვნებელი გადარჩა. ამის შემდეგ ემანუელს ეროვნული ნაკრებისკენ და აფრიკის მთელი კონტინენტისკენ გახედვაც კი არ სურს. სხვათა შორის, ფორვარდი ცნობილია იმით, რომ თითქმის ყველა ახალ კლუბში სადებიუტო მატჩში გოლი გააქვს, ვნახოთ, რა იქნება "რეალში"...


აფრიკელი მოვიდა, აფრიკელი უნდა წავიდეს!

აფრიკელი მოვიდა, აფრიკელი უნდა წავიდეს - სხვანაირად არ გამოდის, ტოგოელის მისვლას "სამეფო კლუბში" ვიღაცის რეალური კარიერა უნდა შეეწიროს და ეს "ვიღაც" მაჰამადუ დიარაა, რომელიც ისედაც ძალიან ახლოს იყო "რეალთან" განშორებასთან. საქმე იმაშია, რომ ლფპ (ესპანეთის პროფესიული ლიგა) პირველი გუნდის განაცხადში მხოლოდ 25 ფეხბურთელის ყოფნას უშვებს. 25 ფეხბურთელი "რეალს" უკვე ჰყავს ოფიციალურად რეგისტრირებული, ერთი აშკარად ზედმეტია.

"მარკა" ირწმუნება, რომ უახლოეს საათებში "რეალიდან" "მალაგაში" იჯარის წესით მაჰამადუ დიარა გადავა. მალის ნაკრების ნახევარცმველი ზედმეტია "რეალში", მას თამაში თითქმის არ უწევს. მიუხედავად ამისა, 29 წლის დიარა სულაც არ არის ცუდი ფეხბურთელი და მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მათ შორისაა მანუელ პელეგრინის "მალაგა". საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ჟოზე უპირატესობას ჩაბი ალონსოსა და სამი ხედირას ანიჭებს, შემდეგ მოდის ლასანა დიარა და ფერნანდო გაგო, მაჰამადუ სიაში მეხუთეა, ანუ თამაში არ მოუწევს პრაქტკულად არასოდეს. დიარას კონტრაქტი ივნისში დასრულდება და შემდეგ ის "მალაგას" სრულუფლებიანი წევრი გახდება და წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოს სახით. "სანტიაგო ბერნაბეუზე" მაჰამადუ 2006 წელს მოხვდა "ლიონიდან".


ქულები კარგი, ვნახოთ საქმეშიც

დავუბრუნდეთ ისევ ადებაიორს პეს-ის სტატისტიკური ბაზა ფეხბურთელებს მრავალი ატრიბუტის მიხედვით უწერს ქულებს (100-ქულიანი სისტემით). ადებაიორმა ეს "ნიშნები" მიიღო: შეტევა - 82, დაცვა - 31, ტექნიკა - 84, დარტყმის ძალა - 84, თავური - 83, სიზუსტე - 66, აგრესია - 88, გუნდური თამაში - 83. აღვნიშნავთ, რომ თითქმის ყველა კატეგორიაში მაღალი დონის ფორვარდის ქულებია.

 

ადებაიორის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა მადრიდელთა ცოცხალმა ლეგენდა გუტიმ, რომელიც თურქულ "ბეშიქთაშში" თამაშობს: "ემანუელი დიდებული ფეხბურთელია. ის ძლიერი შემტევია და ახლა ძალიან სჭირდება "რეალს".

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული