ღია კარის დღე ატლეტიკოში და დაკეტილი ფანჯარა

AutoSharing Option

მადრიდის "ატლეტიკოს" დირექტორმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა განაცხადა, რომ კიკე ფლორესი აუცილებლად გაუძღვება გუნდს სეზონის ბოლომდე, რაც უნდა მოხდეს სეზონის განმავლობაში. მიგელ ანხელ ხილ მარინი სპეციალურად შეხვდა გუნდს მთელი შემადგენლობით, შეკრებაზე მან აღნიშნა, რომ "ატლეტიკომ" დაასრულა ზამთრის სატრანსფერო მოღვაწეობა და სეზონის ბოლომდე კლუბი არც არავის შეიძენს და არც არავის გაუშვებს: "ჩვენ იძულებულნი ვიყავით სიმაოს შევლეოდით. ამიტომ კლუბმა ორი ახალი ფეხბურთელი შეიძინა, ხუანფრანი და ელიასი. კიკე სეზონის ბოლომდე "ატლეტიკოს" მწვრთნელია, როგორც ეს მას კონტრაქტში უწერია. შემდეგ კი მოვიქცევით ისე, როგორც შარშანდელ

სეზონში, რომელიც ევროპის ლიგის მოგებით მაჟორულ ნოტზე დავასრულეთ - მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით და შევხედავთ. მაგრამ, ვიმეორებ, ეს შეხვედრა მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება და არა მანამდე. ამიტომაც თითოეული თქვენთაგანის მოვალეობაა ბოლომდე უერთგულოთ კიკეს და მისი ბრძანებები შეასრულოთ. რა თქმა უნდა, სეზონის მიმდინარეობით კმაყოფილი არ ვართ, კლუბი ძალიან ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტან ადგილს ცხრილში. მე შემიძლია გავიგო, რატომ შეიძლება დამარცხდეს "ატლეტიკო" მადრიდის "რეალთან" სათასო დაპირისპირებაში, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება წააგოს კლუბმა ყოველი მეორე შეხვედრა. ვერ წარმომიდგენია, რომ "ატლეტიკომ" სეზონი ტოპ-4-ში არ დაასრულოს", - განაცხადა ხილ მარინმა.


დრენტე, გაამართლე შენში დახარჯული ფული!

"ერკულესის" პრეზიდენტი ვალენტინ ბოტელია გაოცებულია ჰოლანდიელი როისტონ დრენტეს მოქცევით. ალიკანტეელთა ბოსი მიიჩნევს, რომ, მართალია, ხანდახან დრენტე უბრალოდ დიდებულად თამაშობს, მაგრამ საერთო ჯამში, "რეალის" ფეხბურთელი, რომელიც იჯარითაა ვალენსიის მხარეში, ვერ ამართლებს იმ ფულს, რასაც "ერკულესი" მის სანაცვლოდ იხდის. ჰოლანდიელმა ლა ლიგის 20 ტურში 11 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ბოლო 5 წუთში მან მოედანზე ჯამში 28 წუთი გაატარა.


მოგეხსენებათ, დრენტე ბოლოს კლუბთან ფინანსური უთანხმოების გამო არ თამაშობდა - ასე ვთქვათ, აჯანყდა. შემდეგ ჰოლანდიელი დაუბრუნდა "ერკულესს", მაგრამ ახლა მას მუხლის ტრავმა აწუხებს: "ჩვენ ძალიან ვნანობთ. ძალიან ბევრს ვეცადეთ, რომ დრენტე გუნდის ნაწილი გამხდარიყო, ბევრი ფულიც გავიღეთ, ის კი ვერ ამართლებს. ჩვენ კვლავ შევეცდებით, მაგრამ ცოტა ფეხბურთელმაც უნდა შეგვიწყოს ხელი", - განაცხადა ბოტელიამ.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული