კეილორ ნავასი: უბრალო ხალხში გავიზარდე და ყველაზე მეტად სწორედ ისინი მიყვარს

AutoSharing Option
28 წლის კოსტარიკელი მეკარე კეილორ ანტონიო ნავას გამბოა "რეალის" ძირითადი გოლკიპერია. "რეალმა" ამ ზაფხულს კინაღამ იყიდა დავიდ დე ხეა. შემთხვევის გამოისობით, დე ხეა "მანჩესტერს" დარჩა. თითქოს, "რეალს" ბევრი დააკლდა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული არაფერი.

ახლა ნავასი "სამეფო კლუბის" პირველი ნომერია. ულაპარაკოდ პირველი. როცა საქმე ფეხბურთელის თამაშს ეხება, ყველაფერს სტატისტიკით ვერ განსაზღვრავ, თუმცა გარკვეული დასკვნების გამოტანისათვის სტატისტიკა ვარგისია. ციფრები კოსტარიკელის სასარგებლოდ მეტყველებს.

ევროპის ხუთ წამყვან ჩემპიონატში ნავასი პირველია "სეივების" რაოდენობით. მიმდინარე სეზონში ესპანური პრიმერას ეგიდით გამართულ შეხვედრებში ნავასის კარის მიმართულებით 113-ჯერ
დაარტყეს. აქედან 30 დარტყმა კარის ჩარჩოში წავიდა და კეილორმა მხოლოდ სამი გაუშვა. ვერაფერს იტყვი, მართლაც რომ შესანიშნავი შედეგია.

კეილორ ნავასი სან ისიდრო დელ გენერალში დაიბადა. ის ყველაზე პოპულარული კოსტარიკული კლუბის, "საპრისას" აღზრდილია. სწორედ ამ გუნდში გადადგა მან პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.

ამ გუნდის შემადგენლობაში ნავასი არაერთხელ გახდა კოსტა რიკის ჩემპიონი. "საპრისას" მე ვერასოდეს დავივიწყებ. სწორედ ამ გუნდმა გამიღო კარი დიდ ფეხბურთში. აქედან გამიცნო ყველამ და ამ გუნდში დიდი ნდობა რომ არ მეგრძნო, შეიძლება, ჩემი კარიერა ასე არ წარმართულიყო", - ამბობს კეილორი.

დასასრული ყველაფერს აქვს და ნავასის ერაც დასრულდა კოსტარიკულ გრანდში. 2010 წელს ის ესპანურმა "ალბასეტემ" იყიდა. კეილორს აშკარად გაუმართლა. კოსტარიკელ ფეხბურთელებს არაერთი მარშრუტი აქვთ ევროპაში. ბევრი მათგანი ჩრდილოეთიდან - ნორვეგიიდან და შვედეთიდან იწყებს. ნავასმა ესპანეთიდან დაიწყო და ეს უკვე მისასალმებელი იყო. ესპანეთში ყველაფერი ხელისგულზე დევს, სკანდინავიაში კი დიდი ნიჭის შენიშვნას დრო სჭირდება.

"ალბასეტეს" შემადგენლობაში ნავასი არ იყო პირველი კოსტარიკელი მეკარე. ოცი წლის წინათ ამ გუნდის მაისურა კიდევ ერთ იქაურ გოლკიპერს, ლუის კონეხოს ეცვა. ნავასი ამბობს, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

"ის ჩემი ბავშვობის ლეგენდაა. ჩვენ პატარა ქვეყანა გვაქვს, მაგრამ ეს ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობს. თუ რომელიმე ქვეყანაზე ითქმის, რომ ის საფეხბურთოა, კოსტა რიკაზე. კონეხოს თამაში დიდებული იყო", - ამბობს ნავასი.

კეილორი წამსვე იქცა გუნდის ძირითად მეკარედ. პირველივე სეზონში მან 42 მატჩიდან 36 ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა. ეგაა, "ალბასეტეს" ცუდი სეზონი გამოუვიდა და სეგუნდა დივიზიონიდან გავარდა, თუმცა ამაში ნავასი ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.

ცხადია, კოსტარიკელმა მეკარემ დაქვეითებულ გუნდში დარჩენა იუარა. ის ჯერ ინათხოვრა, მერე კი გამოისყიდა "ლევანტემ". სწორედ ამ კლუბში დაიწყო ნავასის ნამდვილი აღმავლობა. ის ესპანური პრიმერას ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა და ბევრი იმასაც მიიჩნევს, რომ ჩვენს წინადადებაში სიტყვა "ერთ-ერთი" ზედმეტია...

ნავასმა მოკლე ხანში შეძლო "ლევანტეში" ადგილის დამკვიდრება. ის ძირითადის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. "ლევანტე" დიდი ვერაფერი გუნდია. ეს ყველამ ვიცით. ორი სეზონის განმავლობაში კოსტარიკელს ხშირად მარტოს უხდებოდა გუნდისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულების გადარჩენა.

2014 წლის 3 აგვისტო კეილორ ნავასს არასოდეს დაავიწყდება. სწორედ ამ დღეს იყიდა ის მადრიდის "რეალმა". "სამეფო კლუბმა" ამ გარიგებას 10 მილიონი ევრო შესწირა. ნავასის აქციებმა განსაკუთრებით აიწია ბრაზილიური მუნდიალის შემდეგ. იქ ის კოსტა რიკის ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო.

პატარა ქვეყანამ ნამდვილი საოცრება მოახდინა - ჯერ "სიკვდილის ჯგუფიდან" გაძვრა, მერე კი მეოთხედფინალსაც უწია. ნავასი მსოფლიოს ჩემპიონატის სამ საუკეთესო მეკარეს შორის დაასახელეს.

"მართლა ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ როდისმე მომიწევდა "რეალში" თამაში. თავიდან ბევრი ჩემს შანსებს სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ მე ვიცოდი ერთი - თუ იშრომებ, ეს შრომა აუცილებლად დაგიფასდება.

ცხოვრება ბრძოლაა და ფეხბურთიც, დიდწილად, სწორედ ბრძოლაა. მე მივიღე ეს დიდი გამოწვევა და რადგან ეს გავაკეთე, არანაირი უფლება არ მქონდა, რომ ხელები ჩამომეშვა", - ეს ნავასის სიტყვებია.

ნავასი სამაგალითო პიროვნებაა. ის არასოდეს ერევა სკანდალებში და ღრმად მორწმუნე ქრისტიანია. "რელიგია ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ის საშუალებას მაძლევს, ხვალ უკეთესი ვიყო იმასთან შედარებით, ვიდრე დღეს ვარ. მე მჯერა, რომ სიკეთე ბოროტებას ყოველთვის სძლევს", - ამბობს კოსტარიკელი.

ის მიიჩნევს, რომ უბრალო ადამიანად დაიბადა და ასეთად უნდა დარჩეს ცხოვრების ბოლომდე.

"ფული, სიმდიდრე - ყველაფერი ეს მეასეხარისხოვანია. ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ და ასეთებად უნდა დავრჩეთ ცხოვრების ბოლომდე. მე უბრალო ხალხში გავიზარდე და ყველაზე მეტად სწორედ ისინი მიყვარს", - ესეც ნავასის სიტყვებია.

დღეს ის მშობლიურ კოსტა რიკაში ყველაზე პოპულარული ადამიანია. წარმართავს არაერთ საქველმოქმედო პროექტს, ეხმარება უსახლკაროებს, მძიმე სენით დაავადებულებს.

სეზონი გახურდა. კეილორ ნავასი დიდებულია.

მან მადრიდს დავიდ დე ხეა დაავიწყა.

ეს უკვე დიდი საქმეა.

დოსიე
კეილორ ანტონიო ნავას გამბოა
დაიბადა: 1986 წ.
ამპლუა: მეკარე
კარიერა: 2005-10 - საპრისა; 2010-11 - ალბასეტე; 2012-14 - ლევანტე; 2014-დან - რეალი
კოსტა რიკის ნაკრები: 61 თამაში
ტიტული: უეფას სუპერთასი (2014), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2014)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე უბრალო ხალხში გავიზარდე და ყველაზე მეტად სწორედ ისინი მიყვარს - ვერაფერს იტყვი, დიდებულია
0
A kaci.warmatebebi
Givi
17:22 28-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული