მადრიდის "რეალი" რონალდოსა და ქარიმ ბენზემას გარეშე?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სეზონის ბოლოს "სამეფო გუნდის" გადასხვაფერებას აპირებს, თანაც ძირეულად. ესპანური პრესის ცნობით, იგი თვით კრიშტიანო რონალდოსთან და ქარიმ ბენზემასთან აპირებს განშორებას.

პორტუგალიელი, თითქოს, ძველებურად მოტივირებულად და კარგად ვეღარ გრძნობს თავს "სანტიაგო ბერნაბეუზე", ხოლო ბენზემა შარში გაეხვა და ისედაც, ფრანგს, პროდუქტიულობის მიუხედავად, ხშირად აკრიტიკებდნენ.

პერესს უკვე აურჩევია სამიზნეები - მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი და ლონდონის "ჩელსის" პლეიმეიკერი ედენ აზარი. თუმცა ამ ფეხბურთელებში მადრიდელებს არაერთი შემცილებელი ჰყავთ.

გარდა ამისა, კეილორ ნავასის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, "რეალი" ისევ შეეცდება
დავიდ დე ხეას დამატებას და ამ ტრანსფერს ბოლომდე მიიყვანს.

წავა, მაგრამ სად?
როგორც კი ხმები დაირხა, კრიშტიანო რონალდო შეიძლება "რეალიდან" წავიდესო, მსურველებმა თავი წამოყვეს - "მანჩესტერ იუნაიტედი", "პარი სენ-ჟერმენი", "ჩელსი"...

ის, რომ "წითელი ეშმაკების" ფანები დღემდე ოცნებობენ პორტუგალიელის დაბრუნებაზე, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ბევრის აზრით, თავად კრიშტიანო არ გადაბარგდება "ოლდ ტრაფორდზე". ამის მიზეზი? შეგვიძლია ექსპერტის, გრემ ჰანტერის აზრი მოვისმინოთ:

"ის "მანჩესტერი", რომელიც რონალდოს უყვარდა, აღარ არსებობს. რონალდო კი პატარა ბიჭი აღარ არის და დარჩენილი სეზონების უმაღლეს დონეზე ჩატარება და მოგება უნდა. შეუძლია "იუნაიტედს" მისთვის ამის გარანტიის მიცემა? არა. პსჟ-ს კი შეუძლია. თუნდაც, და სულ მინიმუმ, საფრანგეთის მასშტაბით" - თქვა ჰანტერმა.

"რეალი" თუ პსჟ
ზემოთ აზარი "რეალთან" დაკავშირებით ვახსენეთ, მაგრამ "პარი სენ-ჟერმენი" წლების წინაც აპირებდა ამ ფეხბურთელის დამატებას, მაგრამ არ გამოუვიდა და ოცნების ახდენას პარიზელები მომავალ ზაფხულს შეეცდებიან.

მართალია, ბელგიელმა წინა სეზონის მსვლელობისას "ჩელსისთან" ახალ, 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ იგი "სტემფორდ ბრიჯზე" თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობს და ამბობენ, ჟოზე მოურინიოსთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა და თუ პორტუგალიელი დარჩება, აზარს გუნდში გაჩერება ნამდვილად აღარ ენდომებაო.

ამ სეზონში აზარი ძალიან მძიმედ გამოიყურება, გოლები ვეღარ გააქვს და 12 შეხვედრაში მხოლოდ 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. პსჟ-ს იმედი აქვს, რომ 24 წლის შემტევს დაიყოლიებს და "ლილის" ყოფილი ფეხბურთელი საფრანგეთს დაუბრუნდება. აზარის ტრანსფერი, სულ ცოტა, 80 მილიონ ევროდ ფასდება.

გარდა ამისა, ფრანგული კლუბი ანტუან გრიზმანსაც უმიზნებს, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს სწორედ "ჩელსი" უტრიალებს.

ლევანდოვსკი ყველაზე მოთხოვნადია
როგორც ვთქვით, რობერტ ლევანდოვსკი ფლორენტინო პერესის მთავარი სამიზნეა. პოლონელი ფეხბურთელის აგენტი მაიკ ბარტელი აღიარებს, რომ მისი კლიენტისადმი ინტერესი დიდია, განსაკუთრებით კი, ინგლისური კლუბებისგან, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნთან" არსებულ კონტრაქტს უნდა ვცეთ პატივიო.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად მონდომებული "ლივერპულია", იურგენ კლოპს თავისი ძველი მეგობრის "ენფილდზე" გადაბირება ძალიან უნდა. გარდა ამისა, "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" ახსენებენ.

"არ ვიქნები მართალი, თუ უარვყოფ, რომ რობერტით ინგლისშიც დაინტერესებულნი არიან, მაგრამ "ბაიერნთან" შეთანხმებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ" - ამბობს ბარტელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული