* მან ჩემპიონთა ლიგაზე სულ 88 გოლი გაიტანა.
* ბოლო 5 სეზონია, რონალდოს ევროთასებზე 10 ან მეტი გოლი გააქვს.
* რონალდო "რეალის" პირველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე პოკერი შეასრულა.
* კრიშტიანომ ამ სეზონში პირველად გაიტანა გოლი უშუალოდ საჯარიმო დარტყმით.
* კრიშტიანო რონალდომ უშუალოდ საჯარიმო დარტყმებით ლიგაზე 10 გოლი გაიტანა.
* რონალდომ "რეალის" მაისურით 34 ჰეთ თრიკი (სამი გოლი და მეტი) შეასრულა.
რეკორდმაისტერი - ხშირად ასე მოიხსენიებენ მიუნხენის "ბაიერნს",
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მადრიდის "რეალისთვის" აღარაფერს წყვეტდა, "სამეფო კლუბს" ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, მაგრამ "მალმიო" მაინც მოარბია - 8:0. ეს, დიდწილად, იმიტომ მოხდა, რომ კრიშტიანო რონალდო რეკორდის დამყარებას ეშურებოდა და დაამყარა კიდევაც - შვედთა კარში პოკერი შეასრულა და დღეიდან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთ სეზონში გოლების რეკორდული რაოდენობა 11-ს უტოლდება.
კრიშტიანომ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა მეორეში ამას სამი მოაყოლა და ბომბარდირთა დავაში 11 გოლით ძალიან წინ გაიჭრა.
აღსანიშნავია, რომ კარიერაში მას 88 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ასევე რეკორდია. სხვათა შორის, მადეირელმა მეორე ტაიმში სამი გოლი 47-ე, 50-ე და 59-ე წუთებზე გაიტანა, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უსწრაფეს ჰეთ თრიკებში მესამე ადგილზეა.
უშუალოდ საჯარიმო დარტყმით მან პირველი გოლი გაიტანა. ზოგადად, ბოლო დროს კრიშტიანოს არაფრით გამოსდიოდა საჯარიმოდან გატანა, ის უმოწყალოდ ანიავებდა "რეალის" შანსებს, თანაც არც სხვებს ანებებდა დარტყმას.
"ოქროს ბურთის" მფლობელმა ბოლო 97 ცდიდან პირველად გაიტანა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამდენ გაცუდებულ ცდას დედამიწის ზურგზე არც ერთ სხვა ფეხბურთელს არ აცდიდნენ, ლეო მესის გარდა (რომელიც, ალბათ, თავად იტყოდა უარს დარტყმაზე).
ადრე კრიშტიანოსთვის საჯარიმოები დიდ უპირატესობად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მას 10 გოლი აქვს გატანილი საჯარიმო დარტყმით. 10 გოლისთვის მას 146 ცდა დასჭირდა.
რაც კრიშტიანო "ოლდ ტრაფორდიდან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდა, ეს მისთვის 34-ე ჰეთ თრიკი იყო (ამ შეხვედრაში ის ჰეთ თრიკით არ დაკმაყოფილდა). პირველი ჰეთ თრიკი მან 2010 წლის მაისში ლა ლიგაში შემოგვთავაზა "მალიორკას" წინააღმდეგ.
34 ჰეთ თრიკის დროს მან 110 გოლი გაიტანა, ძირითადად, მარჯვენა ფეხით (67), თუმცა არც მარცხენა ფეხით (22) და თავით დაუკლია (17), ოთხჯერ კი სულაც მკერდით გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს ერთ თამაშში 5 გოლი გატანილი: ლიონელ მესის და ლუის ადრიანოს. რონალდო ჯერჯერობით, პენტა ტრიკს ლიგაზე ვერ შეწვდა. ლა ლიგაში კი გაიტანა ამ სეზონში ერთ თამაშში 5 გოლი.
600-700 გოლი "რეალისთვის"
ამ თამაშის შემდეგ რაფა ბენიტესი შვებით ამოისუნთქავდა. საქმე ისაა, რომ დიდი ხანია, ლაპარაკობენ, კრიშტიანო რონალდოსა და რაფა ბენიტესს შორის შავმა კატამ გაირბინაო. რონალდო ამ ხმებს ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა არც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. აი, "მიოლდეს" 8:0 განადგურების შემდეგ კი რონალდომ ბენიტესი შეაქო, ოღონდ მოზომილად:
"უნდა ვაცადოთ ადამიანებს მუშაობა. ბენიტესს დრო ესაჭიროება. არ არის ადვილი საქმე მადრიდის "რეალის" გაწვრთნა. როდესაც გუნდის საქმეები კარგად არ მიდის, ეს მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის", - თქვა რეკორდსმენმა.
"როცა გუნდში ამბიციური ფეხბურთელი გყავს, ეს დიდი ძალაა. რონალდო სწორედ ამ კატეგორიის სპორტსმენია. ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჩვენთვის. როცა ის იბრძვის, სხვებიც ამბიციურები ხდებიან", - საპასუხოდ შეაქო რაფამ რონი.
კრიშტიანოს შეეკითხნენ, რამდენი გოლის გატანას აპირებდა "რეალის" მაისურით: "არ ვიცი, ალბათ, 600-700 გოლს გავიტან", - განაცხადა ფორვარდმა.
"ოქროს ბურთი" არ არის მთავარი
"ძალიან გახარებული ვარ, რომ რეკორდი დავამყარე. რა თქმა უნდა, მიხარია ბიჭების გამოც, რომელთაც ბრწყინვალედ ითამაშეს", - განაცხადა რონალდომ.კრიშტიანოს "ოქროს ბურთზეც" დაეკითხნენ: "ოქროს ბურთის" სამ ნომინანტს შორის ვარ. ჩემთვის ეს ტიტული არ არის აკვიატებული მოთხოვნილება. მთავარია, საკუთარი ძალების რწმენა მუდამ მქონდეს და "რეალს" წარმატებაში დავეხმარო".
მეხუთე ადგილზე
არ დავუკარგოთ თავისი წვლილი არც ქარიმ ბენზემას, რომელმაც "მალმიოს" კარში ჰეთ თრიკი შეასრულა. ახლა ბენზემას ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" მაისურით გამართულ 58 თამაშში 34 გოლია. ფრანგმა ფრანსისკო ხენტო ჩამოიტოვა და კლუბის ბომბარდირებში (ლიგაზე) მეხუთე ადგილზე გადავიდა. ერთი გოლიც და ის ფერენც პუშკაშს დაეწევა. მესამე ადგილზე მყოფ ალფრედო დი სტეფანოს ბენზემა 15 გოლით ჩამორჩება. რაული (66) და რონალდო (73) კი ძალიან წინ არიან.
P.S. "სამეფო კლუბში" კიდევ იმედოვნებენ, რომ მათ აპელაციას გაითვალისწინებენ და სამეფო თასის გათამაშებიდან არ გააგდებენ. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ "რეალმა" ის გააპროტესტა. თან, "კადისთან" საპასუხო მატჩის ანონსი არ შეუწყვეტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"