მაშინ, როცა "სამეფო კლუბის" ბანაკში არგამოცხადებული გლოვაა, "ბარსელონაში" რეკორდს რეკორდზე ითვლიან. ჩემპიონატში ზედიზედ მოგებულ 15 მატჩზე უკვე გითხარით, ახლა ხოსეპ გვარდიოლას მორიგ რეკორდზეც ვთქვათ - რაც პეპი "ბარსას" მთავარი მწვრთნელია, კლუბმა 401 გოლი გაიტანა. მე-400 გოლი მესის ანგარიშზეა. არგენტინელმა ბურთი "ერკულესის" საჯარიმოს კუთხესთან მიიღო, ჩვეულ სტილში მარცხნივ შეიწია და მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა. შესანიშნავი სოლო-გოლი იყო და სავსებით შეეფერება საიუბილეოს სტატუსს. ორიოდ წუთში მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
157 ოფიციალურ მატჩში "ბარსამ" 401 გოლი გაიტანა გვარდიოლას მეთაურობით, შესანიშნავი შედეგიანობაა. "ბარსელონა"
თუმცა კატალონიელთა ბანაკში მხოლოდ პოზიტიური ამბები არ ხდება - კლუბის ექიმებმა გამოაცხადეს, რომ ანდრეს ინიესტამ მხრის პირველი ხარისხის ტრავმა მიიღო. ექიმები აცხადებენ, რომ მისი თამაში ოთხშაბათს ძალზე საეჭვოა. ბუნებრივია, ანდრესმა რომც შეძლოს გამოჯანმრთელება, გვარდიოლა მაინც არ გარისკავს მისი ჯანმრთელობით, ამიტომაც "ალმერიასთან" ინიესტას თამაში გამორიცხულია. ინიესტამ მხარი "ერკულესთან" თამაშის მე-80 წუთზე დაიზიანა, როცა დავიდ კორტესს შეეჯახა. ორთაბრძოლის შემდეგ "ოქროს ბურთის" მაძიებელი მოედანზე დაეცა და შესაცვლელი გახდა, ის იბრაჰიმ აფელაიმ შეცვალა. წლევანდელ სეზონში ინიესტა ტრავმის გარეშე ასპარეზობდა, მან ყველა ტურნირში 31 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
"ალმერიასთან" მატჩისთვის, რომელიც ბევრს არ ნიშნავს ("ბარსელონას" 5:0 აქვს მოგებული) 26 ფეხბურთელი ემზადება. პირველი გუნდის 17 ფეხბურთელს სარეზერვო გუნდიდან 9 ფეხბურთელი შეუერთდა. ვფიქრობთ, ამ ცხრა ფეხბურთელისგან ნახევარს მაინც "ალმერიასთან" საპასუხო მატჩში თავის გამოჩენის შანსი ექნება.
ისევ რეკორდებს დავუბრუნდეთ - პედრო როდრიგესი ერთ-ერთ რეკორდს უმიზნებს. უკვე 6 მატჩია, რაც ის გოლის გარეშე არ ტოვებს მოედანს. ამ მაჩვენებლით კლუბში პედრიტო ჟოზეპ ესკოლას, ქუინის და ხრისტო სტოიჩკოვს გაუტოლდა. თუკი მომავალ ტურში გაიტანს, პედრო იოჰან კრუიფს დაეწევა - 1973/74 წლების სეზონში "მფრინავმა ჰოლანდიელმა" ზედიზედ 7 ტურში გაიტანა. თუმცა ეს არ არის კლუბის რეკორდი - 40-იან წლებში მარიანო მარტინმა ზედიზედ 8 ტურში შეძლო თავის გამოჩენა, ხოლო 1996/97 წლების სეზონში ბრაზილიელმა რონალდომ ზედიზედ 9 ტურში შეაგდო.
.